Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგი ალექსი-მესხიშვილი, მხატვარი


4 დეკემბერი, კვირა
დღიურიც და ჩემი დღეც 6 საათზე იწყება. შაბათ-კვირას 7 საათზე ჩოგბურთზე მივდივარ, მერე - მშრალი ხიდი და სახელოსნო... მაგრამ დღეს ბევრი ვერ ვიმუშავე. კარის საკეტი გამიფუჭდა. ორ საათს მოვუნდით შეკეთებას - შმაგი მოვიდა და დამიყენა. შემდეგ ვცადე მუშაობა, მაგრამ რატომღაც წინ ვერ წავედი. დღე გაფუჭდა...

პიესა, რომელსაც ვაკეთებ, პესიმისტურ-რეალისტურ-აბსურდულია და არ უხდება რეალისტური დეკორაცია. უამრავი მასალა მაქვს და გადახარშვა სჭირდება.

არაჩვეულებრივი ამინდებია. 18 დეკემბერს ბერლინში მივდივარ ჩემს შვილთან და შვილიშვილთან, მანამდე ბევრი რამ უნდა მოვასწრო. საღამოს ძირითადად პატარა ჩანახატებს ვაკეთებ, რომ არაფერი დამავიწყდეს.

დიდი მწერალი ჩემგან არ გამოვა, მაგრამ ძალიან ვცდილობ.

5 დეკემბერი, ორშაბათი
დილის 6 საათია. ვკითხულობ ბროდსკის. საერთოდ, ძირითადად პოეზიას ვკითხულობ. ბევრ რუს პოეტს საშინელი ბიოგრაფია აქვს. ახმატოვას „რეკვიემში“ მოგონება მანდელშტამზე - როგორ მოსპო სისტემამ... გალაკტიონი მახსენდება - ჩვენს მეშვიდე ვაჟთა სკოლაში შეხვედრა მოუწყვეს - ესეც ტრაგიკული ბედი...

მერე ინტერნეტში, ჩემი კოლეჯის ვებგვერდზე, წავიკითხე, რომ ფრიდონ შუბითიძემ, რომელიც ჩვენთან მუშაობს, მოიგო ამერიკის თავდაცვის სამინისტროს კონკურსი და დიდი გრანტი თავისი გამოკვლევისთვის. საოცარი ბიოგრაფია აქვს: აფხაზეთიდან დევნილი, ამერიკაში მოხვდა და დღეს მსოფლიოში თავისი დარგის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია!
თავისუფლების დღიურები - გოგი ალექსი-მესხიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:40 0:00
გადმოწერა

აქ არავის სჭირდება შენი ნიჭი, ცოდნა, გამოცდილება, რისი მაგალითიცაა სამხატვრო აკადემიასთან დაკავშირებული ჩემი ამბავი, და რურუას საქციელი სტურუასა და ჩემს მიმართ. საერთოდ, წელს ბევრი უსიამოვნება შემხვდა: პრაღაში მომხდარი ამბავი, აკადემია და ასე შემდეგ... სამწუხაროდ, აქ ახალგაზრდებს არავითარი ცოდნა არა აქვთ და ეს არავის აწუხებს.

ეს დილის ფიქრებია. წავედი სამუშაოდ.

საღამოს ჩემს დასთან ვიყავი და ბავშვები ვნახე. მერე შინ დავბრუნდი და ინტერნეტი - არეულობაა მთელ მსოფლიოში.

ჩვენი სახლის წინ ძველ შენობას ანგრევენ. ამბობენ, ბაღი გაშენდებაო, რაც ძალიან მახარებს. ბუნებას არაფერი ჯობია!

6 დეკემბერი, სამშაბათი
6 საათზე ავდექი, 7-ზე კი წავედი კუს ტბაზე. აქ სიარულს მამაჩემმა ბავშვობიდანვე მიგვაჩვია მე და ჩემი ძმა. ეს პატარა, კოხტა ტბა შემორტყმულია უამრავი უშნო ჯიხურით, რესტორნით. ჩვენთან როგორც ამახინჯებენ და არ სცემენ პატივს ბუნებას, მე მგონი, სხვაგან არსად მინახავს. უაზრო ქანდაკებები, ჭრელა-ჭრულა სახლები ზღვასთან, ყველგან რკინის ჯვრები, ღამით რომ ანათებენ... კუ-კლუქს-კლანი გეგონება! სად წავიდა სვეტიცხოვლის, ყინწვისის, ნიკორწმინდის გემოვნება?

მთელი დღე ვიმუშავე და, მე მგონი, კარგად მივდივარ. ბროდსკის „წარმოდგენა“ წავიკითხე და ამან მომცა იდეა დეკორაცია-კოლაჟ-ინსტალაციისთვის. სრული თავისუფლება! ვინ იცის, საიდან ჩნდება იდეა? სულ ანტენასავით მომართული უნდა იყო...

ველოდები რობიკოს ჩამოსვლას ინგლისიდან და მერე ვნახოთ, საით წავალთ. საერთოდ, მისი გაგდება თეატრიდან სამარცხვინო ფაქტია. საქმე ისაა, რომ არავინ არის ახალი იდეებით; ყველა შებერებული, პროვინციალი რეჟისორია თავისი "ქეთო და კოტეებით". თემურ ჩხეიძე არ მოვა რუსთაველის თეატრში - წესიერი ადამიანია. მსახიობს სჭირდება დიდი და რთული მიზანი, რომ გაიზარდოს. მე რასაც ვხედავ, ახალგაზრდა რეჟისორებსა და მხატვრებს ელემენტარული პროფესიონალიზმი არ გააჩნიათ... ერთმა ახალგაზრდა ინგლისელმა დადგა სპექტაკლი „რუსთაველში“. ძალიან მომეწონა - ეტყობოდა სკოლა, ცოდნა, და ნიჭიც არ აკლდა...

დღეს მზიანი დღე იყო, ბევრი ვიმუშავე და საღამოს ჩემს მეგობრებთან ერთად კარგი დრო გავატარე. მერე - სახლი და ისევ - რა ხდება მსოფლიოში? კარგი არაფერი! რუსეთში არეულობა იწყება. ვნახოთ, რა მოხდება...

7 დეკემბერი, ოთხშაბათი
6 საათზე ვისაუზმე და სახელოსნოში წავედი. მაკეტს შევეშვი და ვხატავ. წასვლამდე ოთხი ნამუშევრის დამთავრება მინდა.

პროვინციალიზმი: საქართველომ საშინელი დანაკლისი განიცადა 1921-1937 წლებში და მოგვიანებითაც. მთელი გენოფონდი მოისპო და პროვინციალიზმი მეფობს! იშვიათი გამონაკლისის გარდა...

მერაბი და ანდრო მოვიდნენ თეატრიდან. ვაშინგტონის „სინეტიკ“ თეატრის სავარაუდო გასტროლების შესახებ მაკეტები გავაკეთე, რომ თანხა დავთვალოთ. პაატა ციქურიშვილი - აი, ქართული ნიჭის კიდევ ერთი მაგალითი: თეატრი შექმნა და წარმატებას მიაღწიო ამერიკაში?! ეს საოცრებაა!

საღამოს მაიასთან ავედი და ჩუბიკას შვილი ვნახე. ჩუბიკაც საოცრად ნიჭიერია!

ნიჭის შესახებ: ჩემს ცხოვრებაში ბევრი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანი შემხვდა. ამან ძალიან ბევრი რამ მომცა.

ბევრი დასაწერი არა მაქვს: სახლი - კუს ტბა - სახელოსნო - სახლი - წიგნი - მეგობრები...

თბილისში არაფერი იწყება 10-11 საათამდე, რასაც გადაჩვეული ვარ.

8 დეკემბერი, ხუთშაბათი
ვიყავი გუდაურში და ძალიან ვისიამოვნე. მთებს თავისი ჯადო აქვს. ზღვა ერთ კვირაში მბეზრდება, მთაში კი თვეობით შემიძლია ვიყო. შარშან სვანეთში ვიყავი (მგონი, უკვე მეათედ) და გაისად მინდა, რაჭა მოვიარო.

საღამოს დოვლატოვი წავიკითხე. ძალიან მიყვარს. საოცარი მოთხრობა აქვს პესიმიზმსა და ოპტიმიზმზე - საბჭოთა ოპტიმიზმი და ბაირონის პესიმიზმი... საერთოდ, ჩვენთან თუ წერდა ვინმე ისე, როგორც შალამოვი ან ახმატოვა? წერდა და მაგიდის უჯრაში ინახავდა ყოველგვარი იმედის გარეშე, რომ ოდესმე დაიბეჭდებოდა?

საღამოს ვიმუშავე სახელოსნოში, მერე ინტერნეტში შევედი. მომივიდა წერილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან (NYU) ჩემი ყოფილი სტუდენტის შესახებ. მადლობას მიხდიან და მწერენ, რომ ბრწყინვალე სტუდენტია. საერთოდ, ჩემი სტუდენტები ამერიკაში ძალიან წარმატებული არიან და მათთან ახლო ურთიერთობა მაქვს.

კარგი დღე იყო!

9 დეკემბერი, პარასკევი
მთელი დღე, საღამომდე, ვხატე. მერე - ახალი ამბები, რუსეთი. მე მგონი, რუსებს მონობის სინდრომი თუ გენი აქვთ. მთელი მათი ისტორია ამას ამტკიცებს.

ჩემს საქმეს იმდენი დრო მიაქვს, რომ არაფრისთვის მცალია. თანაც, სულ იმეილები მომდის ამერიკიდან მიუზიკლის შესახებ - ციფრები, ნახაზები და ასე შემდეგ...

ეს არის და ეს ჩემი დღე!..

10 დეკემბერი, შაბათი
7-ზე ჩოგბურთზე წავედი. ბნელა. ნაგვის ყუთებში ადამიანები იქექებიან - ძალიან სევდიანი სურათია.

დღეს ალა სიგალოვამ გამომიგზავნა ჰარვარდში რომან კოზაკისა და ჩემი სპექტაკლის ვიდეო. რომა გამახსენდა, უნიჭიერესი რეჟისორი და ბრწყინვალე ადამიანი, ასე უდროოდ რომ წავიდა.

ცოტა ვიმუშავე. 3 საათზე ჩაწერა მაქვს. მერე წავალ თეატრში. რობიკოს ვნახავ და შეხვედრაზე მოველაპარაკები.

ღამით ფეხბურთია - ჩემი საყვარელი „ბარსელონა“ და „რეალი“.
XS
SM
MD
LG