Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: არჩევნების შედეგი ასახავს საზოგადოებრივ აზრს რუსეთში


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის აზრით, 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნები ასახავს საზოგადოებრივ აზრს რუსეთში. არჩევნების შედეგად ხმების თითქმის ნახევარი ერგო პუტინის პარტია „ერთიან რუსეთს“, რომელიც კვლავაც ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. მაგრამ არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. პუტინმა დღეს ყოველკვირეულ სატელევიზიო პროგრამაში, რომელიც პირდაპირ ეთერში კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა, განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები მისაღებია, თუ ისინი კანონის ფარგლებში ტარდება. „პროტესტი - კი, კანონის ჩარჩოებში აუცილებელია! უთანხმოება იმასთან, რასაც ხელისუფლება აკეთებს - კი, რადგან ხელისუფლება შორს არის ყოველთვის სწორად მოქმედებისა და დროის გამოწვევებზე ადეკვატურად რეაგირებისაგან. ხალხი ხშირად აწყდება უსამართლობას და ამაზეც შეიძლება და საჭიროც არის რეაგირება. მაგრამ იმის დაშვება, რომ ჩაგითრიონ საზოგადოების დესტაბილიზაციის რაღაც სქემებში, ეს, ჩემი აზრით, არასწორი და დაუშვებელია“, განაცხადა პუტინმა და იქვე უარყო შეფასება, რომ არჩევნები უსამართლოდ ჩატარდა. მან დემონსტრაციების ორგანიზატორები დაადანაშაულა უცხოეთიდან მიღებული დავალებით, ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში. დღესვე პუტინმა გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ 20 წლის წინ საბჭოთა კავშირის ლიდერებმა ბოლომდე არ იბრძოლეს, რათა თავიდან აეცილებინათ ამ ქვეყნის დაშლა. მომავალი წლის მარტში რუსეთში იმართება საპრეზიდენტო არჩევნები და თითქმის ეჭვს არ იწვევს ვლადიმირ პუტინის გამარჯვება.
XS
SM
MD
LG