Accessibility links

ახალი ამბები

დაღესტანში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს

დაღესტანში მოკლეს გაზეთ ”ჩერნოვიკის” დამაარსებელი ჰაჯიმურად კამალოვი. უცნობმა თავდამსხმელმა კამალოვი გაზეთის ოფისთან ახლოს დაცხრილა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "ჩერნავიკი" 2003 წლიდან გამოდის. გაზეთი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პუბლიკაციებით გამოირჩევა.

ყველა ახალი ამბავი

იუწყებიან, რომ გორში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა

საზოგადოებრივი მაუწყებელი და საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა გორში, რის შედეგადაც დაშავდა 66 წლის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი დამწვრობებით. სააგენტო "პრაიმტაიმი" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა გვერდით მდებარე სახლების მინებიც. გავრცელებული ცნობებით, აფეთქება ცხინვალის გზატკეცილზე მოხდა.

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამოქმედდა „ცხელი ხაზი“

თბილისის მერიის ცნობით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ამოქმედდა გამგეობის საუბნო განყოფილების „ცხელი ხაზი“, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

მერიის თანახმად, ნებისმიერი დახმარების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 237 45 31. „ცხელ ხაზზე“ ასევე, მომხდართან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

ოთხშაბათს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორისაა ერთი ბავშვი.

შსს: გამოძიება მიმდინარეობს უსაფრთხოების წესების დარღვევისა და ადამიანების სიცოცხლის მოსპობის მუხლით

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ
დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით "გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა."

აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, რომელთა შორის - ერთი მცირეწლოვანია. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე 16 იანვარს, საღამოს მოხდა.

პოლიციისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწოდებული პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. გრძელდება სამაშველო ღონისძიებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში "112"-ზე ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე სახანძრო-სამაშველო ჯგუფების, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების და სასწრაფო დახმარების ბრიგადების ადგილზე მობილიზება მოხდა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია“, - აცხადებს შს სამინისტრო.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი": ზუსტდება დეტალები

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებით, კომპანია საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.

"კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე.დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება", - აცხადებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისში". კომპანია უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიძახეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტები, რადგან სადარბაზოში გაზის მძაფრი სუნი იდგა.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარმა აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაშავებულია 10-მდე ადამიანი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები

იაშვილის კლინიკაში, სადაც მკურნალობენ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს, იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას მათ დაღუპულთა ჭირისუფლებს მიუსამძიმრეს და განაცხადეს, რომ დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. 8 ადამიანი იმყოფება საავადმყოფოებში, მათგან 6 ბავშვი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ისინი დილამდე დარჩებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის გამო პასუხისმგებლობის დასადგენად.

ბრიტანეთში ტერეზა მეის მთავრობა გადაურჩა პარლამენტში უნდობლობის კენჭისყრას

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის მთავრობა გადაურჩა პარლამენტში უნდობლობის კენჭისყრას, რომელიც გაიმართა ოპოზიციური ლეიობრისტული პარტიის ინიციატივით, მას შემდეგ, რაც 15 იანვარს ბრიტანელი კანონმდებლების ორმა მესამედმა უარყო მეის გეგმა "ბრექსიტის" თაობაზე. უნდობლობის კენჭისყრას მეი 19 ხმით გადაურჩა, 325 ხმით 306-ის წინააღმდეგ. ტერეზა მეი მიესალმა შედეგს და თქვა, რომ გააგრძელებს ბრექსიტის რეფერენდუმის შედეგზე მუშაობას. მისი თქმით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესის განსახილველად ის დაუყოვნებლივ გამართავს შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.



დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები

დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალებზე ინფორმაციას არ ავრცელებს.

ოთხშაბათს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. უკვე დადასტურებულია, რომ აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

როგორც კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში იგრძნობოდა გაზის სუნი. ამის გამო მათ გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს. „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ოთხშაბათს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. უკვე დადასტურებულია, რომ აფეთქებამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ოთხს მიაღწია

როგორც იმედის კლინიკამ დაადასტურა, დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის გარდაიცვალა. მის გარდა მანამდე დაიღუპა სამი ადამიანი.

იაშვილის კლინიკაში მოთავსებულია 6 ადამიანი, რომელთაგან ხუთის მდგომარეობა სტაბილურია და, კლინიკის დირექციის თქმით, მათ მალე გაწერენ.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს

დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დროებითი საცხოვრებლით დაეხმარება. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, აფეთქების შედეგად მთლიანი კორპუსია დაზიანებული, თუმცა, არ დაუკონკრეტებია რამდენი ოჯახის ევაკუაცია შეიძლება განხორციელდეს.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. უკვე დადასტურებულია, რომ აფეთქებამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დავით სერგეენკო: დაშავებულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ექვს ბავშვს, რომლებიც იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ, მსუბუქი ხასიათის დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჯერჯერობით დაუზუსტებელია ინფორმაცია მეშვიდე არასრულწლოვანი პაციენტის მდგომარეობის შესახებ.

„სავარაუდოდ დაშავებულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან სამედიცინო დაწესებულებას თანდათან მიმართავენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. უკვე დადასტურებულია, რომ აფეთქებამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

კახა საბანაძე: გამოძიება მუშაობს გაზის გაჟონვის ვერსიაზეც

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის თქმით, დადასტურებულია, რომ დიდ დიღომში მომხდარმა აფეთქებამ სამი ადამიანი იმსხვერპლა. ამ ეტაპზე დგინდება გარდაცვლილთა ასაკი.

ჯერჯერობით არ დაზუსტებულა ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ. ღამის 10 საათისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში მიიყვანეს კიდევ ერთი დაშავებული არასრულწლოვანი. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, სავარაუდოდ, დაშავებულია ხუთი ადამიანი, საიდანაც ოთხი - ბავშვია.

ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, მეექვსე სართულზე აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამ მიმართულებითაც მუშაობს.

ევროპის კავშირი მზად არის, გაურკვევლობის გამო 2020 წლისთვის გადადოს ბრექსიტი

ევროპის კავშირი მზად არის, ბრექსიტი 2020 წლისთვის გადადოს გაურკვევლობის გამო კავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის პირობების გარშემო. ამის შესახებ ოთხშაბათს იტყობინებოდა გაზეთი „ტაიმსი“. არსებული შეთანხმებების თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა 29 მარტს უნდა დატოვოს ევროკავშირი. ევროკავშირის ქვეყნებმა ნოემბერში მოიწონეს ბრექსიტის შესახებ შეთანხმება, მაგრამ ამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა.

მას მერე, რაც თემთა პალატაში ჩავარდა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ინიციატივა, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურს გადადგომა ემუქრება. ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა პარლამენტში შეიტანა მთავრობისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების საკითხი.

შსს მინისტრის მოადგილე: გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით

შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს გამოძება: "ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად იქნას საქმე გამოძიებული. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. დაშავებულთა ზუსტ რაოდენობას ვერ დავასახელებ. გარდაცვლილია სამი ადამიანი. მაქსიმალურადაა მიღებული უსაფრთხოების ზომები და აღარანაირი რისკი არ არსებობს ადგილზე. მიმდინარეობს დაშავებულთა და გარდაცვლილთა იდენტიფიცირება".

16 იანვარს დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას აფეთქება მოჰყვა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იაშვილის კლინიკა: ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

იაშვილის ბავშვთა კლინიკის ექიმის ივანე ჩხეიძის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში შეყვანილია სამი მოზარდი: "მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. თუმცა, ახლა ველოდებით კიდევ ერთ პაციენტს. მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულთა შორის არის და-ძმა".

დიდ დიღომში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებას, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით დაღუპულია სამი ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრი: აფეთქებისას დაშავებულები არიან არასრულწლოვნები

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, იაშვილის კლინიკაში აფეთქების შედეგად დაშავებული რამდენიმე ბავშვია მოთავსებული: "ყველა პაციენტს ვნახავ, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საყურადღებოა".

შსს-ს ინფორმაციით, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დაღუპულია სამი ადამიანი. ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

საპატრულო პოლიცია: დაღუპულია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

საპატრულო პოლიციის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი: "ჩვენთვის როგორც ცნობილია, მოხდა აირის აფეთქება, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ რომ არის სამი გარდაცვლილი. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. კორპუსი მთლიანად არის ევაკუირებული, მუშაობს სამაშველო სამსახური და გრძელდება სამაშველო სამუშაოები. ადგილზე მოქალაქეები არ იმყოფებიან, ადგილზე რჩებიან მაშველები და პოლიციის თანამშრომლები" - აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე.

შსს: სამი ადამიანი დაიღუპა დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქებისას

შსს-ს ინფორმაციით სამი ადამიანი ემსხვერპლა დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას შსს უდასტურებს. წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში, სუპერმარკეტ გუდვილთან ახლოს, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილ "ბოშიროვსა" და "პეტროვზე" ევროკავშირის სანქციები გავრცელდება

"ალექსანდრ პეტროვი" და "რუსლან ბოშიროვი" (მარცხნივ) Russia Today-ის გადაცემაში.

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ სანქციების შემოღებაზე რუსეთის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც გრუ-ს თანამშრომლებად მოიხსენებენ. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი.

მათ შორის იქნებიან ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ეჭვმიტანილი არიან გრუ-ს ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის მცდელობაში.

რიგი ჟურნალისტური გამოძიებები ამტკიცებს, რომ პეტროვისა და ბოშიროვის მიღმა იმალებიან რუსეთის სამხედრო დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცრები, რუსეთის გმირები - ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი გასული წლის 4 მარტს მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“, რომლის შექმნაზეც საბჭოთა კავშირში მუშაობდნენ.

სირიაში აშშ-ის ოთხი სამხედრო ემსხვერპლა თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას

აშშ-ის ოთხი სამხედრო დაიღუპა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად სირიის ქალაქ მანბიჯში, სამი კი დაიჭრა. როიტერის ცნობით, თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

დეკემბრის ქალაქი მანბიჯი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის კონტროლს დაექვემდებარა. მანამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა სირიის ტერიტორიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ. მისი სიტყვებით, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია.

ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადადგა თავდაცვის მინისტრი ჯიმ მეტისი. ამის შემდეგ გადადგნენ პენტაგონის მთელი რიგი მოხელეები. ტრამპის ოპონენტები ამბობენ, რომ აშშ-ის ჯარების სწრაფი გაყვანა საფრთხეს შეუქმნის ქურთების შეიარაღებულ რაზმებს, რომლების ამერიკელებთან ერთად ებრძოდნენ ისლამისტებს ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიაში. თურქეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაციას ამზადებს ადგილობრივი ქურთების წინააღმდეგ, რომლებსაც ის ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

თეა წულუკიანი: „დროა სიჩუმის, მუშაობის“....

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თითოეულ პროკურორსა და გენპროკურორს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ინტიტუციური დამოუკიდებლობის მოპოვება მიულოცა, რაც მათ ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შედეგად მიიღეს. 16 იანვარს ჩატარდა საპროკურორო საბჭოს ბოლო სხდომა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით. საბჭოს ახალ ხელმძღვანელად პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს.

ბრიფინგზე თეა წულუკიანმა, ასევე, ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზეც.

თეა წულუკიანი: „ახლა ალბათ დროა სიჩუმის, მუშაობის, დროა კრიტერიუმებზე ჩამოყალიბების, დროა სიმშვიდის, იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან და ვნებათაღელვისგან თავისუფალ გარემოში ჩვენ, ყველამ შევძლოთ ობიექტურ, სამართლიან კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება და პარლამენტმა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მშვიდ გარემოში შეძლოს გამჭირვალე პროცესის შედეგად შედგენილ სიას უყაროს კენჭი“.

პრაღაში აღნიშნავენ იან პალახის მიერ თავის დაწვის 50 წლისთავს

პრაღაში აღინიშნა 50 წლისთავი იან პალახის მიერ თავის დაწვისა, რითიც მან გააპროტესტა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ბლოკის მიერ 1968 წელს განხორციელებული ინტერვენცია.

მემორიალური დაფა გაკეთდა კარლის უნივერსიტეტთან, სადაც სწავლობდა 20 წლის პალახი, როცა ის დაიღუპა.

ცერემონიაზე მისულმა ხალხმა სანთლები და ყვავილები მიიტანა და ჩეხეთის ეროვნული ჰიმნი იმღერა.

1969 წლის იანვარში პალახის სიკვდილმა მსოფლიო პრესა მოიარა და კიდევ უფრო მოაქცია ყურადღების ცენტრში წინა წლის ზაფხულში განხორციელებული ინტერვენცია, რომელმაც ბოლო მოუღო ჩეხოსლოვაკიის საზოგადოების ლიბერალიზაციის პროცესს - „პრაღის გაზაფხულს“.

მემორიალური ცერემონია გაიმართა იმ ადგილზეც, სადაც პალახმა თავი დაიწვა - პრაღის ცენტრში, ვაცლავის მოედანზე.

პრაღაში აღნიშნავენ იან პალახის მიერ თავის დაწვის 50 წლისთავს
please wait

No media source currently available

0:00 0:02:06 0:00

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებში პროკურორმა ადვოკატს მოუგო

ნანა ხუნჯუა

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს პროკურორი ნანა ხუნჯუა. მან ფარული კენჭისყრისას 12 ხმა მიიღო. მეორე კანდიდატად დასახელებული იყო ადვოკატი ირმა ჭკადუა. ნანა ხუნჯუა საპროკურორო საბჭოს 2 წლით უხელმძღვანელებს. მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციით, საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე ინარჩუნებდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ახალი კანონით, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან აირჩევა. საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან უმრავლესობა პროკურორია. საბჭოს შემადგენლობაში არიან მოსამართლეები, ადვოკატები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები.

რუსეთიდან დეპორტირებულია უკრაინელი ჟურნალისტი ელენა ბოიკო - უკრაინის ხელისუფლების კრიტიკოსი

რუსეთმა დეპორტაცია გაუკეთა უკრაინელ ჟურნალისტ ელენა ბოიკოს, რომელიც რუსეთის ტელევიზიაში გამოვიდა უკრაინის ხელისუფლების კრიტიკით და მხარი დაუჭირა „დონბასის სახალხო რესპუბლიკას“. ამის შესახებ რუსეთის მასმედია იტყობინება. მოსკოვის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის წესების დარღვევაში. ბოიკო აცხადებს, რომ უკრაინაში ის შეიძლება პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდეს.

დეკემბერში მოსკოვის სასამართლომ ბოიკო დამნაშავედ ცნო ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის წესების დარღვევაში, 5 ათასი რუბლით დააჯარიმა და მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციიდან მისი დეპორტაციის შესახებ. დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ბოიკო რეგულარულად მონაწილეობდა რუსულ ტოკ-შოუებში და კომენტარებს აკეთებდა უკრაინაში სიტუაციის შესახებ.

ჟურნალისტმა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა, მაგრამ მას უარი უთხრეს.

რუსეთის მედიის თანახმად, უკრაინაში ელენა ბოიკო ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და სახელმწიფო ღალატში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG