Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაირა არსენიშვილი - მწერალი


11 დეკემბერი, კვირა
რადიო „თავისუფლებიდან“ რომ დამირეკეს და შემომთავაზეს, დღიურები დამეწერა 11 დეკემბრიდან, გულმა რეჩხი მიყო. ადამიანი ხშირად ცრუმორწმუნეა და მე ეს შემოთავაზება საინტერესო და სასიამოვნო მინიშნებად მივიჩნიე, განახლების მაცნედ, გადამეყარა გულიდან მტკივნეული მოგონება, რომელიც ღრმა ბავშვობიდან აქამომდე თან მდევს. სწორედ 10 დეკემბრის დაღამების შემდეგ, უკვე 11 დეკემბრის ღამის ორ საათზე, 1937 წელს, გაისმა ნაბიჯების ხმა, ბრახუნი ჩვენს სადარბაზოში და მამაჩემი დააპატიმრეს, და ორ თვეში დახვრიტეს კიდეც. ასე ეწერა რეაბილიტაციის ქაღალდში. მე ამ დღეს დავანთებ ხოლმე სანთელს და ყველა უდანაშაულოდ დასჯილს ვიგონებ...

მაგრამ გარდა ამ მტკივნეული მოგონებისა, მოუთმენლად ველოდი ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ პრეზენტაციას. ჰოდა, მოდით და ამ შემოთავაზებას სასიკეთო მაცნედ ნუ ჩავთვლით. დილიდან სტუმრები გვეწვივნენ, ქეთევან ჩიხელიძე ჭორვილიდან და მაყვალა დავითაძე ქობულეთიდან - სწორედ პრეზენტაციაზე დასასწრებად.

ქეთინო ჩიხელიძე დროდადრო გვესტუმრება ხოლმე და კარგად ვიცი ბიძინა ივანიშვილის წარმოუდგენელი ზრუნვის შესახებ თავისი მხარისა და თავისი სოფლის მიმართ. ახლაც აღტაცებული გვიამბობდა საქორწინო და სამეჯლისო შესანიშნავი დარბაზის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა თავის სოფელს რომ აუშენა. უნდა ვაღიარო, რომ პრეზენტაციის ეს სათაური თუ დასახელება - „ქართული ოცნება“ - გულზე მხვდებოდა, მახსენდებოდა ჩემი ოცნება, ბავშვობიდან აყოლილი სწორედ მამაჩემის დაპატიმრებიდან; ეს ოცნება უკავშირდებოდა ზღაპრულ ინვენტართა შორის ჩემთვის ყველაზე უფრო სანუკვარ საგანს, უჩინმაჩინის ქუდს. დავიხურავდი ამ ქუდს და მთელ ციხეებს, პირველ რიგში კი თელავის ციხეს გავხსნიდი და გავაფრიალებდი და ყველას გავათავისუფლებდი. და რა საინტერესოა, რომ ეს ჩემი ბავშვური ოცნება, უკვე მივიწყებული, უკვე შუახანს მიტანებულსაც ამეკვიატა და კარგა ხნით მომიცვა კიდეც. ეს იყო სოხუმის დაცემის შემდეგ, 1993 წლის 27 სექტემბერს. კიდევ სხვა სიმწარე ყოფილა შენი ქვეყნის ტრაგედია. იმ შავ დღეს ისეთი ქვითინი ამომსკდა, ვერაფრით ვერ ვიწყნარებდი თავს. ამ ბავშვურმა ოცნებამ უჩინმაჩინის ქუდის შესახებ მაშინაც იფეთქა! დავწვებოდი თუ არა ღამით, ცოცხლად ვხედავდი, როგორ მივერეკები რუსებს თავის ტანკებიან-კალაშნიკოვებიანად კავკასიონის კორწოხებზე.
თავისუფლების დღიურები - ზაირა არსენიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:13:25 0:00

და დღეს, 11 დეკემბერს, ეს „ქართული ოცნება“ არა ზღაპრულ, არამედ რეალურ, განსახორციელებელ ოცნებად ჩავთვალე, რომ მართლა გაიღება ციხის კარები და ამდენ, ხშირ შემთხვევაში, უდანაშაულო პატიმარს ღირსებას აღუდგენენ, ოჯახებს დაუბრუნებენ. და სოხუმსაც დავიბრუნებთ, როდესმე, როდესმე, და თუ მე არ მოვესწრები, მოვლენ და საფლავში ჩამომძახებენ.

საათნახევრით ადრე გავეშურეთ ფილარმონიისკენ. ასეც ვიყავი შეთანხმებული ჩემს მეგობრებთან, რომელთაც მოსაწვევი ბარათი უნდა გადმოეცათ. იქ უკვე უამრავი ხალხი დაგვხვდა. რა სასიამოვნოა გამოცოცხლებული, გაღიმებული სახეების დანახვა, ყველა სალმისთვის რომ არის მომართული, ნაცნობს და უცნობს მიესალმოს და მოიკითხოს. რა არაჩვეულებრივი განცდაა ერთსულოვნების!..

დარბაზშიც სწორედ ეს განწყობა სუფევდა მღელვარე ერთსულოვნების, რაც კიდევ უფრო დამუხტა ბერა ივანიშვილის კლიპმა. თურმე მაღალი პროფესიონალი ყოფილა! ამიტომაც არ არის საკვირველი ტინეიჯერთა ასეთი აღტაცება და სკანდირებული შეძახილები „ბე-რა! ბე-რა!“ როგორც ჩანს, ნამდვილი კერპია ახალგაზრდების, ესე იგი ღირსეული მამის ღირსეული შვილია. შემდეგ კი ხუთი გამოსვლა იყო, გააზრებული და კომპაქტური. ამ გამოსვლებს აგვირგვინებდა თვითონ ბიძინა ივანიშვილის მოკლე მოხსენება - საინტერესო, იმედისმომცემი, ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებების გონივრული გააზრებით.

წამოვედი ფილარმონიიდან მეც იმედმოცემული. გარეთ, ფილარმონიის შემოგარენი სავსე იყო ხალხით. რა თქმა უნდა, აუცილებლად სპორტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო ეს პრეზენტაცია, რომ ყველა მსურველს შეძლებოდა დასწრება.

12 დეკემბერი, ორშაბათი
დილით, საუზმობისას, რადიო „მუზა“ ჩავრთე. შესანიშნავი არხია, უამრავი ადამიანისთვის შვებისა და სიხარულის მომგვრელი, რასაც კიდევაც ადასტურებენ სატელეფონო ზარები და შეტყობინებები. ამ არხის მესვეური და ერთ-ერთი წამყვანიც სანდრა რულოვსია. მე ხშირად შიშით ვფიქრობდი, ვაითუ საარჩევნო ცვლილებების შემდეგ არხი დაიხუროს-მეთქი, მაგრამ გავიგე, რომ ამ არხსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. გადაცემების საინტერესო ბადე აქვს ამ არხს, გონივრულად გააზრებული. დღეღამის განმავლობაში მთელ კლასიკურ მუსიკას მოიცავს, გარდა ბაროკოსი, კლასიკისა და ოპერის, ხალხურ მუსიკას, ახალ აღმოჩენებს, ავანგარდს, კინომუსიკას და, აგრეთვე, თეატრალურ გადაცემებსაც ამზადებენ. დრო დაყოფილია ორ-ორ საათად - სხვადასხვა ჟანრისა და სახეობის მუსიკისთვის. 4-დან 6 საათამდე მთელი კვირის განმავლობაში ერთი რომელიმე კომპოზიტორის, ეგრეთ წოდებული კვირის კომპოზიტორის ოპუსების გადმოცემაა. ერთი სიტყვით, შესანიშნავი არხია! ამ დილით კი რიხარდ შტრაუსის სიმფონიურ პოემას „გმირის ცხოვრებას“ ვისმენდი (სხვათა შორის, ოპერაში ჩვენც ვუკრავდით ამ პოემას), მერე კი შევუდექი ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას, ანუ წერა-კითხვას.

მოგვიანებით მოვისმინე გუშინდელი პრეზენტაციის უღირსი შეფასებები დამყაყებული გამოთქმებით, როგორიც არის „წითელი ინტელიგენცია“, „ხმა წარსულიდან“ და ამისთანები. სირცხვილია ასეთი ცნებებით მანიპულირება. წარსული სულ ჩვენთან არის. 1937 წლის 12 დეკემბერს პირველი არჩევნები იყო მას შემდეგ, რაც 1936 წლის 5 დეკემბერს საბჭოთა კონსტიტუცია მიიღეს. მამაჩემი ხომ წინა დღეს დააპატიმრეს და დედამ მომკიდა ხელი და არჩევნებზე წამიყვანა. მე ადრე ვისწავლე წერა-კითხვა და სადაც რამე წარწერას დავინახავდი, უნდა წამეკითხა, თან ხმამაღლა. საარჩევნო პუნქტის შესასვლელში, დიდ ტრანსპარანტზე, ეწერა: „ხმა მივცეთ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, ნიკოლოზ მუსხელიშვილს და მიხეილ ჭიაურელს“.

საღამოს კონსერვატორიაში წავედი კონცერტზე. ჩამოსულია ბაზელის „მონდრიან ანსამბლი“, ეგრეთ წოდებული „აქტუალური მუსიკის ფესტივალზე“, ხუთი კონცერტით. დღეს და ხვალ თბილისში უკრავენ, მერე კი ბათუმში, ქუთაისსა და თელავში გამოვლენ. შესანიშნავი მუსიკოსები არიან: ვიოლინო, ალტი, ვიოლონჩელო და ფორტეპიანო. ჩვენი თანამემამულე, პიანისტი თამრიკო კორძაია, ამ ჯგუფის წევრია. ჩემთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე მიმზიდველი, მშვიდობის მომგვრელი და სასიამოვნოა, როცა ვხედავ, მუსიკოსები რომ სხედან და უკრავენ.

13 დეკემბერი, სამშაბათი
დღეს დილიდან ვმუშაობდი კრებულზე. თუ მოვასწარი შევსება, რაც გამიზნული მაქვს, მინდა გაზაფხულზე გამოვცე. დროის განსაზღვრა მე ყოველთვის მიჭირს. მაგრამ, ცხადია, უნდა ავჩქარდე, თორემ სადაცაა გავიგონებ მთავარანგელოზის ფრთების შრიალს...

ამ კვირის კომპოზიტორი ბერლიოზია - ბრწყინვალე, მოწინავე ექსტრავაგანტული, უცნაური, მემუარისტი, კრიტიკოსი. ჯანო კახიძე კარგად ასრულებდა მის „ფანტასტიკურ სიმფონიას“, უყვარდა ბერლიოზის შესრულება. დღეს კი მე „ზაფხულის ღამის“ სიმღერებს ვისმენდი, მშვენიერსა და გულში ჩამწვდომს.

საღამოს ისევ კონსერვატორიაში წავედი კონცერტზე. რაც კარგია, კარგია - შუმანის კვარტეტი დაუკრეს და ჩარლზ აივზის საფორტეპიანო ტრიო, ამ ანსამბლისათვის მნიშვნელოვანია როგორც კლასიკური და რომანტიკული რეპერტუარი, ასევე აქტუალური მუსიკა და გასული საუკუნეების ინოვაციური მუსიკის შესრულება.

14 დეკემბერი, ოთხშაბათი
დღეს დილიდან რადიოში ვიყავი ლია ძიძიგურთან გადაცემაში, უნდა მელაპარაკა ჩემი ცხოვრების, ჩემი მშობლიური ქალაქების, თელავისა და თბილისის შესახებ, მომეგონებინა ჩემი სახელოვანი ახლობლები და მეგობრები. ასეთი რამ კი სახალისოც არის და სევდის მომგვრელიც. ლია ძალიან სიმპათიური ადამიანია, არ ივიწყებს მათ, ვისაც ჩვენმა პრეზიდენტმა ამ რამდენიმე წლის წინ „ჩარეცხილები“ უწოდა.

რადიოდან წამოსულმა, გმირული ნაბიჯი გადავდგი. შესანიშნავი დღე იყო, ირგვლივ ბრწყინავდა მზით გაჩახჩახებული გარემო და ძალიან მომინდა ფეხით გამოვლა. და ჩემი ჯოხისა და ფეხის პრობლემის მიუხედავად, ნელა დავადექი ვარაზის ხევის მარცხენა მხარეს, გზად გასაყიდად გამოდგმული ნაირ-ნაირი მცენარეები ვნახე, ჩემთვის დიდად სასიამოვნო. მაგრამ, ამავე დროს, დიდად უსიამოვნოა სხვა რამ: ჩვენს უბანში, ვერაზე, ნამდვილი მოძალებაა მშენებლობის, ყოველი გოჯი მიწის შეუსაბამო გამოყენებისა და ღოჯებივით ამოშვერილი შენობების შენებისა. ჩემს მოკლე გზაზე სახლამდე ორი ასეთი შენობა შემხვდა, სხვები უკვე აშენებულია და ზოგის შენებაც ახლა იწყება. გულს მიკლავს ასეთი სიმახინჯე და სიხარბე.

საღამოს კი მეწვია ემზარ კვიტაიშვილი, მომიტანა საჩუქრად თავისი შედგენილი წიგნი გვანჯი ჩიქოვანისა და მუშნი დადიანის შესახებ. მათზე როსტომ ჩხეიძის ანოტაციაში წერია, რომ ორივე იმ პიროვნებათა შორის არიან საგულვებელნი, რომელნიც ამშვენებენ საქართველოს ზნეობრივ ისტორიას.

15 დეკემბერი, ხუთშაბათი
დღეს თითქმის მთელი დღე კომპიუტერთან ვიჯექი და ვმუშაობდი. ჩემს შარშან გამოცემულ კრებულს მოთხრობებისას ერთვის „ნათელი ხსოვნა“, ჩემი მეგობრებისა და ახლობლების გახსენება. მინდა ახალ კრებულსაც დავურთო რამდენიმე მოგონება, და დღეს სწორედ პუშკინის მემორიალურ ადგილებში მოგზაურობის შესახებ ვწერდი. დედაჩემი აღმერთებდა პუშკინს, მეც ღრმა ბავშვობაში ლექსებთან - „ტყემ მოისხა ფოთოლი“ და „მე პატარა ქართველი ვარ“ – ერთად პუშკინის ლექსებიც ვიცოდი. ხშირად ვიყავი ავად სახადებით, დამიჯდებოდა დედა ლოგინთან და მიკითხავდა ხოლმე პუშკინის ლექსებს. მაშინდელიდან დავეჩვიე, ახლაც, შეუძლოდ თუ ვარ, მიყვარს პუშკინის კითხვა. ლენინგრადში ჩვენი გასტროლების დროს, წლების წინ, მე და ჩემი მეგობარი დაგვპატიჟეს „პუშკინთან“ - მიხაილოვსკოეში და ტრიგორსკოეში, სადაც აგვისტოს 8-დან, პუშკინის გადასახლების დღიდან, იმართება პოეზიისა და მუსიკის საღამოები. და აი, დღეს სწორედ იმის შესახებ ვწერდი.

გვიან საღამოს კი „კავკასიაზე“ ცხელი ხაზის დებატებს ვუყურებდი, რომელიც ახალ კანონპროექტს ეხებოდა, ბანკების იპოთეკური სესხების შესახებ. დებატებიდან ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს პროექტი გამიზნულია ბანკების შევიწროებისა და ხალხის კიდევ უფრო ყვლეფისა და გაღატაკებისთვის. და თუ პარლამენტი მიიღებს კანონს, ეს ყველაფერი დიდად სამწუხარო იქნება.

16 დეკემბერი, პარასკევი
დილიდან ვიჯექი კომპიუტერთან და ვმუშაობდი. სადილად დაპატიჟებული ვიყავი მახლობელთან, ბოტანიკოს ნანი ჭელიძესთან, მას მოწვეული ჰყავდა თავისი ყოფილი სტუდენტი ზურა შევარდნაძე, რომელიც არის საპატრიარქოსთან არსებული დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. მას ჩვენთვის წასაკითხად წამოეღო თავისი ბებიის, ასკანელი გურული ქალის წერილები, წლების წინ მოწერილი სტუდენტ შვილიშვილთან, და, აგრეთვე, ანდერძი, უკვე ბებიის სიკვდილის შემდეგ ნაპოვნი მის უჯრაში. არც ვიცი, ბოლო დროს რას მოუხდენია ასეთი შთაბეჭდილება! მე მიმაჩნია, რომ უნდა გამოიცეს ეს წერილები - მაღალი მორალით, გონიერებით, გურული იუმორით გამსჭვალული და გურული დიალექტის უხვი გამოყენებით დაწერილი არაჩვეულებრივი წერილები. ჩვენ მღელვარედ ვუსმენდით, ხან ცრემლი მოგვდიოდა, ხან ვიცინოდით და ერთსულოვნად ვიყავით დარწმუნებული, რომ არ გადავშენდებით, არა, თუკი იარსებებენ ასეთი ასკანელი ბებიები! იგი შვიდი წლის წინ გარდაიცვალა თურმე.

ღამით, ძილის წინ საკითხავი ბოლო დღეების განმავლობაში „ვეფხისტყაოსანია“. ორ-სამ წელიწადში ერთხელ სურვილი ამიტანს ხოლმე, გადავიკითხო აუცილებლად. ჯერ სკოლაში კარგად გვასწავლეს ,ვეფხისტყაოსანი,, მრავალი საზეპიროთი, თემების წერით вдоль и поперек, მერე უნივერსიტეტში რუსთველოლოგიას გვიკითხავდა შესანიშნავი მეცნიერი, მომხიბლავი და კოლორიტული პიროვნება ვუკოლ ბერიძე, გვასწავლიდა ჩაკირკიტებით და გატაცებით, და მე დარწმუნებული ვარ, რომ «ვეფხისტყაოსანს» ვერავითარი მსოფლიო შედევრი ვერ შეედრება - ვერც დანტე და ვერც ჰომეროსი. დანტე თავისი სასტიკი და ულმობელი ჯოჯოხეთით, უზარმაზარი, საკონცენტრაციო ბანაკით, ჭია-მატლით, ექსკრემენტებით, კოცონებითა და ქარიშხლებით, ყოველგვარ ბუხენვალდზე, მაიდანეკზე და საბჭოთა „ლაგერებზე“ უარესი. და ჰომეროსი – ფარებისა და სატევრების გაუთავებელი, ყურისწამღები ჩახაჩუხით.

დავწერე და გამეცინა ჩემს თავზე და ჩემს უტრირებულ შეფასებაზე. მე, უბრალოდ, მინდოდა, ჩვენი „ვეფხისტყაოსანი“, მზესავით ნათელი, რაინდული სულით გამსჭვალული, არაჩვეულებრივი აფორიზმებით დახუნძლული, აღმატებულად შემემკო. ჰოდა, „ღმერთმა ერთი ვით აცხონოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს“...

17 დეკემბერი, შაბათი
დღეს „ინოვაციის“ გამომცემლობიდან აწყობილი რომანი მომიტანეს გადასახედად. მალე გამოვა ჩემი რომანი „ვა, სოფელო...“ ეს მეორე გამოცემაა, გამოდის მართლაც უმნიშვნელო ტირაჟით. 200 ცალი, რომელსაც მე ჩემს მეგობრებში და ჯერ კიდევ აქა-იქ არსებულ ბიბლიოთეკებში დავარიგებ. მძიმე დღე უდგათ მწერლებსა და ჩვენს ლიტერატურას. „ცისკრის“ ორ ნომერში დაიბეჭდა ჩემი დიდი მოთხრობა ამ ზაფხულს, ყოველგვარი ჰონორარის გარეშე. გადავხედე აწყობილ, დაკაბადონებულ ტექსტს, ტექსტის თვალიერებისას ვისმენდი „მუზის“ არხზე რეზო თავაძის შესანიშნავ გადაცემას, შოპენის „მაზურკებს“, ბალადებსა და სკერცოს. შოპენი ხომ სიმბოლოა სინატიფისა და მშვენიერების. შეცდომები თითქოს აღარ მომხვდა თვალში. ეს რომანი პერსონაჟის, ჩემი ბებიის, ლოცვებით მთავრდება და მე მინდა, ეს დღიურებიც ბებიაჩემის „ვედრების ლოცვით“ დავასრულო:

„ო, გევედრები მუხლმოყრილი, ღმერთო მაღალო,
ხალხის ბედ-იღბალს ნუ მიანდობ უგულო ჯალათს,
ვისაც ღირსება და სიცოცხლე იმავ ხალხისა
ჩირად არ უღირს.
ხელაპყრობილი გსასოებ, ღმერთო,
ნუ აღაზევებ ქვეყნის გამგედ ხარბს და უტიფარს,
ვინც თავის მოძმეთ, ვით ბოგანო აღზევებული,
წაგლეჯს მონაგარს... და ვინც ქვეყანას,
ვით ეშმაკი უპატრონო ეკლესიას
შეესევა წასაბილწად და დასამხობად.
უფალო, კვლავაც გევედრები,
მესაჭეობას ნუ მიანდობ ბრიყვს და უმეცარს,
ვის ტვინშიაც ჩიტი ნისკარტს ვერ დაისველებს,
შენ შეაფერხე ფუჭი სრბოლა მწყრების სპასპეტთა,
თქარათქურით რომ მიაჭენებენ ცხოვრების შარას,
და მხოლოდ მტვრით და კორიანტელით გვივსებენ თვალებს...
ო, არა, არა, უფალო ჩემო, არ აბოგინო წინამძღოლად ის მობურთალი,
რომელიც ლამობს, დედამიწა გააბურთაოს!!“

როგორი დამთხვევაა! სწორედ ახლა დამირეკეს „იავნანას“ ფონდიდან და მთხოვეს, ჩემი წილი გვერდი „ვეფხისტყაოსნისა“ გადავწერო და ხვალ 2 საათისთვის მივიდე...
XS
SM
MD
LG