დღეს რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცა დოკუმენტები პრეზიდენტობის კანდიდატობის შესახებ. ხვალ იწურება პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაზე ცესკოში განაცხადის შეტანის ვადა. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2012 წლის 4 მარტს გაიმართება. მოელიან, რომ დღეს ცესკოში დოკუმენტებს წარადგენს პარტია ”იაბლოკოს” დამაარსებელი გრიგორი იავლინსკი. მას და კიდევ 5 თვითდასახელებულ კანდიდატს 18 იანვრამდე 2 მილიონი ხმის შეგროვება მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად. გენადი ზიუგანოვი და საპარლამენტო პარტიების მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატი - ვლადიმირ პუტინი, სერგეი მირონოვი და ვლადიმირ ჟირინოვსკი კანონით გათავისუფლებული არიან ხელმოწერების შეგროვების ვალდებულებისგან.