Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრეს


ბელორუსიაში დღეს დააპატიმრეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც შარშანდელიი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მეტოქეობას უწევდა ავტორიტარულ ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს. დააკავეს ასევე ათეულობით პირი, რომელიც შარშანდელი არჩევნების წლისთავის აღსანიშნავად გავიდა ქუჩაში, მინსკის ცენტრში. ბელორუსიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის უებგვერდის თანახმად, ვიტალ რიმაშეუსკი შინიდან გასვლისას დააკავეს მიტინგის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
ერთი წელი შესრულდა ბელორუსიაში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების დაწყებიდან. 2010 წლის 19 დეკემბერს 50000-მდე ადამიანი შეიკრიბა მინსკში, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოცხადებასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსათქმელად. არჩევნების ოფიციალური შედეგით, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, ლუკაშენკოს კონკურენტ კანდიდატებს ხმების სულ სამ-სამი პროცენტი ერგოთ. საპროტესტო აქციების დროს დააკავეს 700-ზე მეტი დემონსტრანტი, მოგვიანებით პატიმრობა მიუსაჯეს პრეზიდენტობის კანდიდატებს ანდრეი სანნიკოვსა და ნიკოლაი სტატკევიჩს, პირობითი სასჯელი შეუფარდეს პრეზიდენტობის კიდევ ორ ყოფილ კანდიდატს. ოპოზიციის მომხრეები აცხადებენ, რომ არ დაემორჩილებიან დღეს საპროტესტო აქციის გამართვის აკრძალვას და შეიკრიბებიან მოედანზე, რომელიც მდებარეობს პრეზიდენტ ლუკაშენკოს ოფისთან. კვირას შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვეს ადამიანის უფლებების მხრივ ბელორუსიაში ვითარების გაუარესების გამო და ლუკაშენკოს მოუწოდეს, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
XS
SM
MD
LG