დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რუსული ფულის გავრცელებაში დაადანაშაულა ბიძინა ივანიშვილი ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარემ, გია თორთლაძემ. მან ბიძინა ივანიშვილს უწოდა რუსი ოლიგარქი და არა ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც თორთლაძის თქმით, ცდილობს პოლიტიკური პარტიები იყიდოს. დეპუტატის განცხადებით, ივანიშვილი უკვე აფინანსებს ”თავისუფალ დემოკრატებს,” რესპუბლიკურ, ხალხის და კონსერვატიულ პარტიებს და ექსპერტთა საბჭოს. თორთლაძე მიიჩნევს, რომ ”გაზპრომის” და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ფული ხმარდება საქართველოში შიდა არეულობის ინსპირირებას. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონის ცვლილებები, რომლის განხილვაც პარლამენტმა დღეს დაიწყო, საქართველოს თავიდან ააცილებს პოლიტიკაში უცხო ქვეყნის ოლიგარქების ჩარევას. გია თორთლაძის დღევანდელ განცხადებებს უპასუხა ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი. მისი შეფასებით, ქართულ პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დროს ასრულებენ ხელისუფლების კონკრეტულ დავალებებს, თუმცა უნიჭოდ. ცაგარეიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, შეწყვიტონ მტრის ხატის შექმნის მცდელობები და მთავარ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, გაარკვიონ და პარლამენტს წარუდგინონ დასკვნა - სად, რამდენი და ვისი ფული იხარჯება. გიორგი ცაგარეიშვილის სადეპუტატო მიმართვის რეგლამენტის შესაბამისად გაფორმება და პროკურატურისა და შსს-სთვის გაგზავნა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საორგანიზაციო კომიტეტს დაევალა.
ყველაზე პოპულარული
1