მოსკოვში ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა დემონსტრაციაზე, სახელმწიფო სათათბიროს ახლახან გამართული არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით. ორგანიზატორების თქმით, დემონსტრანტთა რაოდენობამ 100,000-ს გადააჭარბა. დამოუკიდებელი ინტერნეტ-ტელევიზია, "დოჟდი" აცხადებს, რომ რკინის დეტექტორებში 80,000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა. პოლიცია კი ავრცელებს ცნობას, რომ დემონსტრანტთა რიცხვი 28,000 იყო. აქციის მსვლელობისას დემონსტრანტებს მოულოდნელმა პირმა მიმართა სიტყვით - ალექსეი კუდრინმა, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და პუტინის ყოფილმა მოკავშირემ. კუდრინი დემონსტრანტების წინაშე სახაროვის პროსპექტზე წარსდგა და განაცხადა, რუსეთმა ხელახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ვლადიმირ ჩუროვი სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონო. კუდრინის თქმით, კომისიის ახალი თავმჯდომარე უნდა იყოს პირი, რომელსაც ხალხი ენდობა. ამასთან, კუდრინმა განაცხადა, რომ მარტში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე რუსეთს ახალი საარჩევნო კანონები ესაჭიროება - და მთავრობას დემონსტრანტებთან დიალოგის გამართვისკენ მოუწოდა: „4 მარტის არჩევნები ახალი პირობებით უნდა გაიმართოს. ეს გადაწყვეტილებები 4 მარტამდე უნდა მიიღონ. გარდა ამისა, აუცილებელია დიალოგისთვის პლატფორმის ორგანიზება. წინააღმდეგ შემთხვევაში, [დაგვემუქრება] რევოლუცია, და დავკარგავთ მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მოხდენის დღეს არსებულ შანსს“ - განაცხადა კუდრინმა. დემონსტრანტებს ასევე მიმართეს პოპულარულმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა, ალექსეი ნავალნიმ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბორის ნემცოვმა და მწერალმა ბორის აკუნინმა. არჩევნების შედეგების გაპროტესტების მიზნით აქციები რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა - მათ შორის სანკტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, ვლადივოსტოკში, ხაბაროვსკში, ნიჟნი ნოვგოროდში, არხანგელსკში. დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - 4 დეკემბრის არჩევნების შედეგის გაუქმება და ხელახალი კენჭისყრის გამართვა. დემონსტრანტების შეფასებთ, მმართველმა პარტიამ არჩევნებში გამარჯვება მასშტაბური გაყალბების შედეგად მოიპოვა.
ყველაზე პოპულარული
1