Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყმა და გაერომ აშრაფის ბანაკის ირგვლივ შეთანხმებას მიაღწიეს


აშრაფის ბანაკი
აშრაფის ბანაკი
გაერომ და ერაყის მთავრობამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ერაყში წლების მანძილზე მცხოვრები ირანელი ლტოლვილების ბედს წყვეტს. ვაშინგტონი მიესალმა შეთანხმებას, რომელიც ლტოლვილების ჯერ დაუკონკრეტებელ ადგილას, შემდეგ კი უცხოეთში გაგზავნას ითვალისწინებს.

გაეროსა და ერაყის წარმომადგენლებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ფონია მზარდი ზეწოლა აშრაფის ბანაკის დაკეტვის მოთხოვნით. ამ ბანაკს 3,400-მდე ირანელი ლტოლვილი აფარებს თავს - ისინი, ვისაც დაპირისპირება შეექმნა ირანის კლერიკალურ რეჟიმთან და გაექცა მას.
აშრაფის ბანაკის მოსახლეთა მიმართ ევროპის მრავალი ქვეყანა დადგა მკვეთრ პოზიციებზე, რომლებიც არ ასახავდა სინამდვილეს...

პირველ ეტაპზე ბანაკის დახურვის ვადად 31 დეკემბერი დაწესდა, თუმცა ბაღდადმა ახლახან ეს ვადა გაზარდა და 2012 წლისთვის გადადო. ბანაკის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ერაყის მთავრობამ ორი წლის წინ გადაიბარა და მას შემდეგ რამდენჯერმე გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ირანელ ლტოლვილთა ჯგუფის შეფარება უწევს.

კვირას, გვიან საღამოს გავრცელებულ განცხადებაში ერაყში გაეროს მისიამ აღწერა ერაყის მიერ ბანაკის მოსახლეთა დროებით საცხოვრებელ ადგილას გადაყვანის გეგმა.

საკუთრივ ადგილი არ არის დაკონკრეტებული, თუმცა წერია, რომ ლტოლვილებთან გაეროს სააგენტო იმუშავებს, რომელიც მათ სტატუსს დაადგენს, საბოლოო მიზნად კი ერაყიდან მათ სხვა ქვეყანაში გადასახლებას დაისახავს.

შეთანხმების ტექსტის გავრცელების შემდეგ განცხადებით გამოვიდა ერაყის ადამიანის უფლებათა სამინისტროს წარმომადგენელი, ქამელ ამინი, და განაცხადა, მთავრობა მოწადინებულია საკითხი მშვიდობიანად გადაიჭრასო: „აშრაფის ბანაკის მოსახლეთა მიმართ ევროპის მრავალი ქვეყანა დადგა მკვეთრ პოზიციებზე, რომლებიც არ ასახავდა სინამდვილეს. ისინი ბანაკის მცხოვრებთ პირდაპირ დაუკავშირდნენ და არასწორი შთაბეჭდილება შეიქმნეს, თითქოს ერაყის მთავრობა მათ უფლებებს არღვევს და ემუქრება. ახლა, გაეროსთან მიღწეული ახალი შეთანხმების შემდეგ, ვფიქრობ, საკითხი მალე გადაიჭრება. ერაყის მთავრობა მოწადინებულია საკითხი მშვიდობიანად გადაიჭრას - ისე, რომ არ დაირღვეს ბანაკის მცხოვრებთა ადამიანის უფლებები.“

აშრაფის ბანაკის შექმნაზე ნებართვა ერაყის ყოფილმა დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა გასცა 1980-იანი წლების ირან-ერაყის ომის დროს.
2003 წელს, ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ, ბანაკის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის ძალებმა იკისრეს, თუმცა ორი წლის წინ, 2009 წელს, ეს ერაყის ძალებს გადააბარეს.

ბანაკის მცხოვრებთა ბედი და ყოფა ხშირად ხდებოდა შეშფოთების საგანი. აპრილში გავრცელდა ცნობა, რომ ბანაკში ერაყის უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული რეიდის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.

აშშ მიესალმა ერაყსა და გაეროს შორის მიღწეულ შეთანხმებას. გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამბობს, შეთანხმება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც არსებული ვითარების ჰუმანური გადაჭრისკენ გადაიდგაო“.
XS
SM
MD
LG