Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

წარმატებების თუ შეუსრულებელი დაპირებების წელი?


გორი
გორი
2011 წლის შეჯამებისას ოპოზიცია ხელისუფლებას შეუსრულებელი დაპირებების გამო აკრიტიკებს, მთავრობა კი ირწმუნება, რომ წელს ბევრად მეტი საქმე გაკეთდა, ვიდრე გასულ წელს. აღსანიშნავია, რომ წელს შიდა ქართლის სოფლებში შედარებით უკეთესი მოსავალი მოვიდა და სოფლად მცხოვრებლებმა ცოტა ამოისუნთქეს. სოფლის მეურნეობაში საირიგაციო სისტემები აღდგა, რის გამოც მიწის ფართობები ნაწილობრივ მოირწყა. თუმცა ამ დროისთვის სარწყავი წყლის პრობლემა მთლიანად მაინც არ არის მოგვარებული და დამატებითი საქაჩი ტუმბოების დამონტაჟებაა საჭირო.
წელს არაერთი ადამიანი დააკავეს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებთან სიახლოვე მუდმივ პრობლემებს უქმნის ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო ზოლში მცხოვრებლებს, თუმცა დვანის ოთხმხრივ შეხვედრაზე მხარეების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ინციდენტების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ორივე მხრიდან 20-ზე მეტი დაკავებული ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვდება. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ დღემდე ვერ მოხერხდა დევნილთა საცხოვრებელი და სოციალური პრობლემების გაუმჯობესება. „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს იმედი არ დაკარგონ, რადგან მომავალ საარჩევნო წელს ბევრი რამ შეიცვლება და უკვე ახალი ხელისუფლება იზრუნებს მათი პრობლემების მოგვარებაზე.

„ახალი მემარჯვენეების“ რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი სოსო ბორცვაძე მიიჩნევს, რომ, რეგიონში ხელისუფლების მუდმივი ცვლილების მიუხედავად, ვერც ერთმა გუბერნატორმა საზოგადოებას თავი ვერაფრით დაამახსოვრა. მისი აზრით, ხელისუფლებას წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს და გუბერნატორებიც მხოლოდ არჩევნებისთვის იცვლებიან, პრობლემების მოგვარება კი ხელისუფლებაში არავის აინტერესებს.

ოპოზიციის აზრს არ იზიარებს შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე. მისი თქმით, წელს არაერთი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა, რამაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყო ხელი. მისი განცხადებით, ამჟამად გორში გრანდიოზული პროექტი მიმდინარეობს, რაც ციხისუბნის რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ უბნისთვის ძველი იერსახის აღდგენა კი ქალაქში ტურისტების მოზიდვას ემსახურება.

როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია აღნიშნავს, რომ მომავალი წელი უფრო საინტერესო და შესაძლოა დაძაბულიც იყოს, რადგან წინ საპარლამენტო არჩევნებია, ამ არჩევნებისთვის კი უკვე ყველა ემზადება.
XS
SM
MD
LG