Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროსი კიწმარიშვილის კომპანია შსს-ს ქმედებას პროვოკაციას უწოდებს


საქართველოს შსს-ს ინფორმაციას ტელეკომპანია ”მაესტროს” შენობიდან ნივთების გატანის მცდელობის შესახებ, დღეს გამოეხმაურა "რუსთავის მედიის მართვის კომპანია,” რომელმაც მომხდარი ფაქტი პროვოკაციად შეაფასა. ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია აღნიშნავს, რომ მის თანამშრომლებს მიხეილ ზედგენიძეს და ვალერი გიკაშვილს, რომლებიც 1 იანვარს, კომპანიის მითითებით მოქმედებდნენ, ორი ავტომობილით თავს დაესხნენ უცნობი პირები. "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” განცხადებით, ავტომანქანებს არ ჰქონდათ პოლიციის ამოსაცნობი ნიშნები, ხოლო თავდამსხმელებს არ წარუდგენიათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. ამავე განცხადებით, თავდამსხმელებმა გააჩერეს კომპანიის ავტომანქანა, თანამშრომლებზე განახორციელეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და გადაიყვანეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ფიზიკური ძალადობა განაგრძეს. "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” ინფორმაციით, მისი თანამშრომლები ამჟამად წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან. კომპანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის თანამშრომლების დაკავების შესახებ არავის უცნობებია, რათა ადვოკატების დროული ჩართვით მომხდარიყო მათი ინტერესების დაცვა. საქართველოს შსს-მ ორ იანვარს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციელებმა ტელეკომპანია ”მაესტროს” ეზოდან ნივთების გატანა შენიშნეს და იმის შესამოწმებლად, ხომ არ შეიცავდა ეს მოქმედება დანაშაულის ნიშნებს, ავტომანქანის გაჩერება სცადეს, თუმცა, მძღოლი მოთხოვნას არ დაემორჩილა დაგაქცევისას სამართალდამცავთა ავტომობილს შეეჯახა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო იძიებს.
XS
SM
MD
LG