Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში რესპუბლიკურმა პარტიამ პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი გამოავლინა


მიტ რომნი მეუღლესთან ერთად
მიტ რომნი მეუღლესთან ერთად
ამერიკის შტატ აიოვაში სამშაბათს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებამდელი პირველი შიდაპარტიული შეკრება, რომელზეც მიტ რომნის მიანიჭეს რესპუბლიკური პარტიის ამომრჩევლებმა უპირატესობა. შტატ აიოვაში ამ ეგრეთ წოდებული კოკუსებით დაიწყო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების დასახელება. არჩევნები, რომელშიც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა იქნება, წელს, ნოემბერში, გაიმართება.

პირველ კოკუსებში გამარჯვებული 64 წლის მიტ რომნი წარმატებული ბიზნესმენია, დამაარსებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფირმისა „ბეინ კეპიტალ“. ის არჩევნებში უკვე მონაწილეობდა 2008 წელს, მაგრამ მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი ჯონ მაკკეინი გახდა. რომნი, წინაპრების მგავსად, „უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის“ მიმდევარი, ანუ მორმონია და 1960-იან წლებში საფრანგეთში მისიონერად მუშაობდა სამი წელიწადი. ის, როგორც მენეჯერი და ეკონომისტი, არაერთხელ გამოსულა ბარაკ ობამას, პირველ რიგში, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად. ამჯერადაც, როცა აიოვაში გამართულ შეხვედრაზე მხოლოდ რვა ხმით აჯობა კონკურენტს, ყოფილ სენატორს პენსილვანიის შტატიდან, რიკ სანტორუმს, რომნიმ ობამას გადაუკრა სიტყვა:
მე არ მსურს ამერიკის გარდაქმნა. მე ამერიკის მიერ შექმნილი პრინციპების აღდგენა მინდა. ესაა ის ამერიკა, რომელიც გვიყვარს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პრინციპებს შევიტანთ თეთრს სახლში და ამერიკას კვლავ ავამუშავებთ...

„პრეზიდენტმა ბრძანა, რომ სურს ამერიკის ძირეული გარდაქმნა. მე არ მსურს ამერიკის გარდაქმნა. მე ამერიკის მიერ შექმნილი პრინციპების აღდგენა მინდა. ესაა ის ამერიკა, რომელიც გვიყვარს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პრინციპებს შევიტანთ თეთრს სახლში და ამერიკას კვლავ ავამუშავებთ.“

რესპუბლიკური პარტიის აქტივისტების შეხვედრაზე, კოკუსებზე დასასწრებად, ათასობით ადამიანი - 123 ათასამდე პირი - შეიკრიბა ეკლესიებში, სკოლებში, სხვა შენობებში, რათა შვიდიდან ერთი კანდიდატი აერჩიათ. გამარჯვებულ რომნის ოდნავ ჩამორჩა, როგორც გითხარით, რიკ სანტორუმი, მესამე ადგილზე კი გავიდა ტეხასელი კონგრესმენი რონ პოლი, მას ჩამორჩა ნიუტ გინგრიჩიცა და ტეხასის გუბერნატორი რიკ პერიც, ასევე მიშელ ბაკმანი, კონგრესის წევრი ქალი, „ჩაის პარტიის“ მოძრაობის წარმომადგენელი.

აიოვა მცირე ფრაქციაა და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვედრაზე, ზაფხულში, 28 დელეგატი ეყოლება. იმისათვის კი, რომ პოლიტიკოსი საბოლოო კანდიდატად დაასახელონ, 1143 დელეგატია საჭირო. მაგრამ, მიმომხილველების თანახმად, როცა აიოვაში გამარჯვებული კარგად წარდგება საზოგადოების წინაშე, ამას მომავალ თვეებში თავისი მნიშვნელობა ექნება.

გამოკითხვებით, რომნი ლიდერად დარჩება რესპუბლიკური პარტიის წინასწარი არჩევნების შემდგომ ეტაპზე, ნიუ-ჰემპშირის შტატში, სადაც „პრაიმერი“ ათ იანვარს ეწყობა. იქ მოელიან, რომ პაექრობა უფრო ცხარე იქნება, რადგან კენჭისყრაში ჩაერთვება იუტის შტატის ყოფილი გუბერნატორი, ჯონ ჰანტსმენი. ამის შემდეგ კოკუსები და პრაიმერები მოეწყობა ამერიკის 48 შტატსა და სხვა ტერიტორიებზე.

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები ექვს ნოემბერს გაიმართება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG