Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტარიელ ჭანტურია - პოეტი


25 დეკემბერი, კვირა
ორი ერთიანი გავიარე – ვიყავი 11 წლის;

ორი ორიანი გავიარე – ვიყავი 22 წლის;

ორი სამიანი გავიარე – ვიყავი 33 წლის;

ორი ოთხიანი გავიარე – ვიყავი 44 წლის;

ორი ხუთიანი გავიარე – ვიყავი 55 წლის;

ორი ექვსიანი გავიარე – ვიყავი 66 წლის;

ორი შვიდიანი გავიარე – ვიყავი 77 წლის;

არ ვიცი, მინდა თუ არა ორი რვიანი – გავხდე 88 წლის...

ჩემი ბებიები – დედიდანაც და მამიდანაც – გასცდნენ ორ ცხრიანს;

ჩემი ბაბუები – ვერც ერთი ვერ გასცდა ორ სამიანს.

ქალები უფრო ყოჩაღები არიან. ყოველ შემთხვევაში, ასეა ეს საქართველოში.

ათასი წელი, ვითარცა ერთი დღე...

მინდა, მკითხველმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფრაზას: „არ ვიცი, მინდა თუ არა ორი რვიანი – გავხდე 88 წლის...“

დღეს გარდაიცვალა ჩემი კარის მეზობელი, შესანიშნავი ქალბატონი, კარგი შვილებისა და შვილიშვილების დედა და ბებია, თვალსაჩინო პოეტი ქალის, მედეა კახიძის, უფროსი და – გულო კახიძე. გარდაიცვალა იგი 88 წლისა...

გარდა იმისა, რომ ძალზე დამწყდა გული, ქალბატონი გულოს ორმა რვიანმა – 88 წელმა – ჩემს იმ ფრაზაზეც დამაფიქრა: „არ ვიცი, მინდა თუ არა ორი რვიანი – გავხდე 88 წლის...“ ახლაღა მივხვდი, რომ ესაა ზერელედ წამოსროლილი ფრაზა, თორემ როგორ არ გინდა ორი რვიანი?! ათასი რამე გაქვს მოსასწრები, დასამთავრებელი, დასაწყები, შესაცვლელი, გასასწორებელი, მოსანანიებელი... (ეს ბოლო სიტყვა – „მოსანანიებელი“ – განსაკუთრებით გაეხარდებათ ჩემს პასკვილანტებს...)

მოკლედ, დღევანდელი დღე, – ეს კვირადღე – მინდა მე ეს თუ არა, სიკვდილ-სიცოცხლის თემითაა დაკავებული! შენ აღარ გეკითხება შენი არაცნობიერი – თავად ცდილობს ყველაფრის გარკვევას და დასკვნის გამოტანას.

მეც ავყევი და ვერაფრით გადავუხვიე თემას...

ეტყობა, ეს კვირადღე ასე გაგრძელდება.
თავისუფლების დღიურები - ტარიელ ჭანტურია
please wait

No media source currently available

0:00 0:14:40 0:00

26 დეკემბერი, ორშაბათი
ჩემი ხნის კაცს, 79 წლისას, თურმე 3 792 ორშაბათი ჰქონია უკან მოტოვებული! ამ ორშაბათ დღეს, ცხოვრებაში პირველად, დღიურის წერა რომ გადაგიწყვეტია – მნიშვნელობა არა აქვს, სხვისი რჩევით აკეთებ ამას თუ საკუთარი სურვილით – იმ ორშაბათებზე არ დაფიქრდები? იმ 3 791 ორშაბათზე? არის კი დღევანდელი ორშაბათი გამორჩეული რაიმეთი? უარესია იმ ორშაბათებზე თუ უკეთესი? შენ ამის თაობაზე არაფერი იცი! ნეტა, თუ იყო ან თუ არის ვინმე, გინესის ნამდვილი რეკორდსმენი, მთელი ცხოვრება რომ წერა დღიურები, ანუ, თუ დამკვიდრებულ ფრაზას ვიტყვით, მთელი ცხოვრება „აწარმოებდა დღიურს“? მას, ალბათ, მეტი ეცოდინებოდა ორშაბათებზე და არა მხოლოდ ორშაბათებზე. ჩემი ცოდნა ამ მხრივ მწირია. ის ვიცი მხოლოდ, რომ, მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით, ორშაბათი არ არის გასვენებების დღე! არც ისაა დასავიწყებელი, რომ კომუნისტებმა, რომლებიც კრიჭაში ედგნენ ღმერთს, ეს ტრადიციაც დაარღვიეს უფლის ჯინაზე და სწორედ ორშაბათობით კრძალავდნენ თავიანთ გენსეკებს. თავის დროზე ხუმრობაც მაქვს ამ თემაზე დაბეჭდილი: ორშაბათი „გენსეკუთრებით“ მიყვარს, იმიტომ რომ ამ დღეს გენსეკებს კრძალავენ-მეთქი! მოკლედ, 3 792 ორშაბათზე ვერაფერს ვიტყვი.

დღევანდელ ორშაბათს რაც შეეხება: პირველი, რასაც გავაკეთებ, წავალ და ვიყიდი დღევანდელ პრესას – მაინტერესებს, ისევ ვახსოვარ თუ არა ჩემს პასკვილანტებს, რომელთაც სულ ვახსოვარ იმის გამო, რომ რუსთაველის პრემიების კომიტეტში ჩემი თავმჯდომარეობის დროს პრემიები ვერ მიიღეს.

კიდევ ერთი რამის გამო შეიძლება, ყვითელი პრესის თემა გავხდე: კომუნისტების დროს არანაირი ორდენი არ მიმიღია, სამჯერ მაქვს დაბეჭდილი ეს სიტყვები: შენ ეი, მეორდენე კაცო! რომ ზიხარ მანდ და არიგებ მაგ ორდენებს, მე არ მომცე, სულ ერთია, არ ავიღებ-მეთქი! გაბრაზდნენ, მაგრამ „დამიჯერეს“ და არანაირი ორდენი აღარ მოუციათ.

ჩემი ოცნება საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო. ეს ოცნება, ღვთის ნებით, ასრულდა! და როცა საქართველოს დამოუკიდებლობის ოცი წლის თავზე ქვეყნის პრეზიდენტი, პოეზიაში შეტანილი რაღაც კნინი წვლილისთვის, მაჯილდოებს ორდენით, მე თურმე უნდა უარი მეთქვა ამ ჯილდოზე! აი, ამას მიწერენ ადამიანები, რომელთა უჯრებიც გადავსებულია კრემლის ორდენებით – ლენინის, შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის და რა ვიცი, კიდევ ათნაირი ორდენით!

აი, ამ თემის გაგრძელებას ველოდები დღევანდელი ორშაბათისგან! დაანებე თავიო, მირჩევენ. მეც ვიცი, არ უნდა ავყვე, მაგრამ არ გამომდის...

27 დეკემბერი, სამშაბათი
საინტერესოდ მოსაუბრე ქალბატონმა მარინა ვაშაყმაძემ დამიყოლია, დამეწერა დღიური, მერე მსგავსი დღიურებით შედგენილი წიგნიც მაჩუქა – კარგ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული კრებული. ვინ არ ვნახე ამ წიგნში! შესანიშნავი პიროვნებები: მწერლები, მსახიობები, მხატვრები, პოლიტიკოსები, მუსიკოსები; ბევრი ძმაკაციც, ამხანაგი, კარგი ნაცნობი...ზოგის სამშაბათი მომეწონა, ზოგის – კვირა, ზოგის – პარასკევი. შენც სცადო უნდა და ისე დაწერო, შენიც მოეწონოს ვინმეს რამე: ან შაბათი შენი, ან კვირა, ან ორშაბათი... ცუდია, როცა არც ჩვევა გაქვს საამისო, არც დრო და მაინცადამაინც, არც სურვილი! ხარ, ასე ვთქვათ, ბებერი დებიუტანტი.

სამშაბათია დღეს!

ნეტავ, როგორი იყო ის სამშაბათი, ის შაბათი, ის კვირა, ჩემმა მშობლებმა ციხეებსა და კოლონიებში რომ გაატარეს? სკოლა ისე დავამთავრე, არასოდეს მშობელი არ დაუბარებიათ ჩემთვის. ვერასოდეს დავივიწყებ იმ სიკეთესა და მზრუნველობას, რომელსაც ჩემი მასწავლებლები, ჩემი მეზობლები, ჩემი ნათესავები იჩენდნენ ჩემდამი. იმ კეთილშობილებას ვერასოდეს ვერანაირი პასკვილი ვერ გადაფარავს... ჰოდა, როგორ უნდა შევაფასო მე ის დღეები და ის ღამეები? რა კრიტერიუმით, რანაირად?

„ივან დენისოვიჩის ერთი დღე“ გახსოვთ, რა თქმა უნდა, სოლჟენიცინის. ვეღარ ვიხსენებ, რა დღე იყო ის ერთი დღე: ორშაბათი? შაბათი?

მოკლედ, სამშაბათი კითხვაში გავატარე! მერე ჯილდოსა და სასჯელის თემაზე გაკეთებულ ჩემს დაუბეჭდავ ჩანაწერებს გადავხედე. გამიკვირდა, რატომ აქამდე არ დავბეჭდე! ეტყობა, ახალი და ახალი პასკვილანტების შემოტევას მოვერიდე. კი, მაგრამ სანამდე აპირებ დუმილს? ორი პარასკევი აქვს დარჩენილიო, ხომ არის ხალხური გამოთქმა? იგივე შეიძლება ითქვას ორ სამშაბათზეც – ორი სამშაბათი რომ გაქვს დარჩენილი, ცოტა არ უნდა აუჩქარო ფეხს?

28 დეკემბერი, ოთხშაბათი
დღეს ოთხშაბათია – ჩემი ოთხშაბათების ერთი სამიათას შვიდას ოთხმოცდამეთორმეტედი!

სიტყვა ჩემი ცხოვრების მთავარი საქმეა. ამიტომ დილით, პურთან ერთად, ვყიდულობ პრესას და არასოდეს მავიწყდება გაზეთი „ქართული სიტყვა“, რომელიც სწორედ ოთხშაბათობით გამოდის. დღესაც შევიძინე ეს გაზეთი, რომელმაც გამაკვირვა და გამაღიმა. გაზეთი კარგა ხანია ბეჭდავს ლექსებს რუბრიკით: „დედა ქართულ პოეზიაში“. როცა სამოციანელების ლექსები გამოქვეყნდა, ჩემი ლექსი არ დაბეჭდეს. დღეს სამოცდაათიანელი პოეტების გვერდით ჩემი ლექსიც დაუბეჭდავთ. ესე იგი, გაზეთის რედაქციამ გადაწყვიტა ჩემი გაახალგაზრდავება. მადლობის მეტი რა მეთქმის! კი ვიფიქრე ასე თავიდან, მაგრამ მერე და მერე, რომ დავფიქრდი, ეჭვი გამიჩნდა, რომ ასე მაინცადამაინც ჩემს გასახარებლად არ მოქცეულა გაზეთი. რაკი სამოციანელების – იმავე თამაზ ჭილაძის, იმავე ოთარ ჭილაძის, გივი გეგეჭკორის, ვახტანგ ჯავახაძის და სხვათა გვერდით არ დამბეჭდეს, ესე იგი, სამოციანელების თაობიდან დამითხოვეს. მერე იფიქრეს, მთლად უარის თქმა არ ივარგებსო და სამოცდაათიანელების გვერდზე ჩამაკვეხეს, ნაზი თარგამაძის ქვემოთ. ამით არ დაკმაყოფილდნენ და დედისადმი მიძღვნილი ჩემი მრავალი ლექსიდან აიღეს, მათი აზრით, უარესი, და ამ ორსტროფიან ლექსში, როგორც ჩანს, საგანგებოდ, დაუშვეს სამი კორექტურული შეცდომა. ასე მაგალითად, სიტყვა „მწარე“ შეცვალეს სიტყვა „მწვანით“. ეს ლექსი პირადად მე გადასაგდებად არ მემეტება, მაგრამ, ცხადია, უკეთესის დაბეჭდვა მერჩივნა. რაკი ოთხშაბათის დღიურს ინტრიგაც გაუჩნდა, ბარემ ამ ლექსს მთლიანად მოვიტან:

დედა

შენ ახლა ზიხარ კერიის პირას,
გაბრუებული რძითა და კვეთით;
ქვესკნელში ჩასდევ ფიქრების სპირალს,
ეცემა ნაცარს ცისფერი წვეთი.

ბოლოს ფიქრივით გაქრება ცეცხლი –
ვერ გაგახარებ ნავთით და შეშით...
და უსარგებლო ჩემი სიცოცხლე
მწარე კვამლივით იბოლებს შენში...

მივხვდი, რატომ აირჩიეს მაინცადამაინც ეს ლექსი. ეტყობა, ორი სტრიქონის გამო: „და უსარგებლო ჩემი სიცოცხლე მწარე კვამლივით იბოლებს შენში.“ უსარგებლო რომაა ჩემი სიცოცხლე, ამის საბუთადაა მოტანილი ეს სტრიქონები!

აი, ასე ამომწერა თანაკურსელმა და თანამერხელმა სამოციანელთა თაობიდან და გადამწერა სამოცდაათიანელებში. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას ქართული მწერლობის მომავალი. რატომ გააკეთა ეს, მე არ ვიცი. ეს იცის რედაქტორმა!

სხვაც ბევრი რამ მოხდა ოთხშაბათს საინტერესო, მაგრამ ამაზე სხვა დროს – როცა მართლა დავიწყებ დღიურების წერას...

29 დეკემბერი, ხუთშაბათი
ან იგივე ხუთშაბათი რამდენი გაქვს დარჩენილი, არ გაიფიქრებ ამას კაცი წამით? საერთოდაც, მაინც რა არის ჩვენი ყოფა, წუთისოფელი, ამის პასუხს გამუდმებით ეძებს ჩვენი გონება. სიტყვა „უკვდავება“ ერთი ყველაზე პოპულარული სიტყვაა ლექსიკონში.

ვინ არის, ბოლოს და ბოლოს, უკვდავი? დაკანონებული შაბლონის მიხედვით, უკვდავია კარგი მწერალი, მოკვდავი კი – კარგი მკითხველი! ეს ხელოვნებისა და მეცნიერების ყველა სფეროს თანაბრად ეხება: აქეთ კარგი მსახიობი, იქით – მისი კარგი მაყურებელი, აქეთ კარგი კომპოზიტორი, იქით – მისი კარგი მსმენელი... აი, ამ მარადიული დილემის თემით იყო ჩემი გონება დაკავებული ხუთშაბათს. ამის იმპულსი ჩემების სტუმრობამ მომცა! გაიღო უცებ კარი და ერთიმეორის მიყოლებით შემოვიდნენ ჩემი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები: ნინო, ირაკლი, ეკა, ანა, ტარიკო, სანდრო, სალომე-შალი, თამარ-თამო! საბოლოო დასკვნაც მაშინვე იქნა გამოტანილი: თუ მიწერია მეც უკვდავება, მე უკვდავი ვიქნები არა იმით, რასაც ვწერ, არამედ იმით, რომ ჩემი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების წყალობით ჩემი გენი მარადისობისაკენ მიემართება. აი, ეს იქნება ჩემი ნამდვილი უკვდავება!..

იმ უკვდავებას კი – წიგნისას, ნახატისას, ნამღერისას – მე ამ რამდენიმე წლის წინათ სავსებით სწორად დავარქვი „უკვდავების პროთეზი“. აი, ასე...

ბორხესს მიაჩნია, რომ უკვდავება შეფარდებითი ფენომენია! ერთი ასი წლითაა უკვდავი, მეორე – სამასით, მესამე – ხუთასით, მეხუთე – ათასით, მეექვსე – წლისთავამდეც ვერ მიაღწევს... სავსებით სწორი აზრია, ოღონდ ეს, ჩემი აზრით, უკვდავების პროთეზს ეხება, და არა გენისმიერ უკვდავებას...

დავწერე ეს ბოლო ფრაზა და მივხვდი – ამ თემის „დამუშავებას“ ერთი ხუთშაბათი არანაირად არ ეყოფა. ვისაც ძალიან უნდა, შეუძლია, ამგვარი მსჯელობა ინფანტილურ ბჟუტურად ჩათვალოს; ვისაც უნდა, ხუმრობად მიიღოს...

30 დეკემბერი, პარასკევი
კიდევ ერთხელ ვიხსენებ ცნობილ ხალხურ ფრაზას: ორი პარასკევი აქვს დარჩენილიო! ამ სიბერეში დღიურების „დაკვეთა“ რომ მივიღე, ალბათ, იმაზეც უნდა დაფიქრდე, ოთხმოცს მიტანებული კაცი, რამდენი პარასკევი გაქვს დარჩენილი, და ისიც უნდა მოაგონო საკუთარ თავს, რომ კარგია, როცა განსვენებული მწერლის უჯრებში რჩება რაც შეიძლება მეტი დაუბეჭდავი მოთხრობა და ლექსი, და არა რაც შეიძლება მეტი პრეზერვატივი და ჰაშიში... მახსენდება მშვენიერი პოეტი ქალბატონის ფრაზა: ჩემს შემდეგ ჩემს უჯრებში ვერავინ ნახავს ჭუჭყიან საცვალსო. ეს უნდა იყოს, როგორც ჩანს, საფიქრალი ყოველი მწერლის, ვისაც ორი პარასკევი აქვს დარჩენილი.

პარასკევის თემაზე აღარაფერს ვიტყვი ამის მეტს. სხვას ყველაფერს ჩემს უჯრებში ნახავთ. მინდა მჯეროდეს, რომ ეს მოგვიანებით მოხდება...

31 დეკემბერი, შაბათი
შაბათი პოკერის დღეა.

რამდენჯერ წამოგვაძახეს მწერლებს, განსაკუთრებით მურმან ლებანიძესა და მე, – ჩვენ ხომ რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიებს „ვარიგებდით“, როცა პრემიების კომიტეტს ვხელმძღვანელობდით ჯერ ერთი და მერე მეორე – რომ ჩვენ ვართ შულერები, „კარტიოჟნიკები“, ყომარბაზები! ასე, ძირითადად, ისინი მოგვიხსენიებდნენ, ვინც პრემია ვერ მიიღო. „თავის მართლების“ მიზნით, მე გამოვაქვეყნე იმ მწერალთა და ხელოვანთა გვარები, ვისთანაც მურმანი და მე წლების მანძილზე ვთამაშობდით პოკერს– ასე ვთქვათ, „ჩავუშვი“ ჩვენი პარტნიორები.

მოკლედ, დღეს პოკერია დანიშნული და ალბათ წავალ.

Homo Ludens – მოთამაშე კაცი!

დოსტოევსკი, მაიაკოვსკი, სელინჯერი, ილია ჭავჭავაძე – მოთამაშე კაცები!

სხვათა შორის, მწერლობაც თამაშია; თამაშის სახეობაა. ცოტა უფრო რთული, ვინემ იგივე პოკერი, უფრო საინტერესო, უფრო ლამაზი, უფრო ტრაგიკულიც – აქ მეტის მოგებაც შეიძლება და მეტის წაგებაც – მაგალითებს თავად გაიხსენებთ...

მოკლედ, შაბათი თამაშის დღეა!

ვინ მოიგო და ვინ წააგო, ამას მოგვიანებით გაიგებთ. ხშირად – დიდი დაგვიანებით...
XS
SM
MD
LG