სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული საქართველოს 15 მოქალაქე დღეს ბათუმში ჩავიდა. სამშობლოში დაბრუნებამდე ქართველი მეზღვაურები თურქეთის 3 მოქალაქესთან ერთად კენიიდან სტამბოლში ჩაიყვანა კომპანია ”აირზენას” თვითმფრინავმა. სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულებს სტამბოლის აეროპორტში თურქეთის პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტი დახვდნენ. მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ერთობლივი ბრიფინგიც გამართეს. საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრემიერს უწოდა ”დიდი დემოკრატიული ლიდერი,” რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თითოეულ მოქალაქეზე ინდივიდუალურად ზრუნავს. მისივე თქმით, თურქეთის დახმარებით ტყვეობიდან მეზღვაურთა გათავისუფლება ერთობლივად მოხდა. თავის მხრივ, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ სომალიში წარმატებული მოლაპარაკების შედეგად მეზღვაურები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ, რაც ბედნიერებაა. საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქე სომალელმა მეკობრეებმა ადენის სრუტეში 2010 წლის სექტემბერში დაატყვევეს და გასულ კვირას, 8 იანვარს გაათავისუფლეს. მეზღვაურთა გათავისუფლების სანაცვლო პირობები ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია.
ყველაზე პოპულარული
1