Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვიკიპედია“ საკანონმდებლო ომის პირველ რაუნდს იგებს


ინტერნეტენციკლოპედია „ვიკიპედიამ“ და სხვა ინტერნეტსაიტებმა, რომლებმაც 18 იანვარს 24 საათიანი საპროტესტო აქცია გამართეს ინტერნეტის რეგულაციის შესახებ კონგრესის მიერ მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, მოიგეს ბრძოლა კანონის უფრო საგულდაგულო განხილვისათვის. რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა ისიც კი განაცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებას მხარს აღარ დაუჭერენ.

მძლავრმა პროტესტმა, რომელშიც ერთდროულად სიტყვის თავისუფლების აქტივისტები, პოპულარული ინტერნეტსაიტების წარმომადგენლები და ინტერნეტის მომხმარებლები მონაწილეობდნენ, ზოგიერთ ამერიკელ კანონმდებელს სადავო საკანონმდებლო ცვლილების მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გადააფიქრებინა. ერთი მათგანი, სენატორი რესპუბლიკელი ფლორიდის შტატიდან, მარკო რუბიო, სენატში მომზადებული ახალი კანონპროექტის - ”ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აქტის” (PIPA-ს) -თანაავტორია.
კონგრესს განზრახული აქვს ისე გარდაქმნას ინტერნეტი, რომ ზიანი მიაყენოს ჩვენს საქმიანობასა და ღია ინტერნეტს ...

რუბიომ მოუწოდა დემოკრატთა ლიდერს სენატში, ნევადელ სენატორ ჰარი რეიდს, რამდენიმე კვირით გადადოს კანონპროექტის კენჭისყრა, ზოგიერთმა სხვა სენატორმა კი განაცხადა, რომ ისინი კანონპროექტს მხარს აღარ დაუჭერენ. ასეთი მეტამორფოზა გამოიწვია ინტერნეტსაიტებისა და, პირველ ყოვლისა, „ვიკიპედიის“ პროტესტმა: მსოფლიოში სახელგანთქმულმა ინტერნეტენციკლოპედიამ 24 საათის განმავლობაში ჩააბნელა საკუთარი საიტი. სიტყვისა და ინტერნეტის თავისუფლების აქტივისტები ოთხშაბათს ქუჩაშიც გამოვიდნენ.

ენდრიუ რასიეიმ, New Yourk Tech Meetup-ის თავმჯდომარემ, რომელიც აშშ-ის სენატორების ჩაკ შუმერისა და კირსტენ ბილიბრენდის ნიუ-იორკის ოფისის წინ მოწყობილი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია, განაცხადა:

„ფულსა და მოგებაზე ორიენტირებული საავტორო უფლებების მქონე სამრეწველო ჯგუფების კარნახით, კონგრესს განზრახული აქვს ისე გარდაქმნას ინტერნეტი, რომ ზიანი მიაყენოს ჩვენს საქმიანობასა და ღია ინტერნეტს. თუკი ეს ცდა წარმატებული გამოდგა, ისინი არა მხოლოდ შეაფერხებენ ტექნოლოგიური კომპანიების განვითარებას და მათში ინვესტირებას ნიუ-იორკში თუ სხვაგან, არამედ გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებენ ინტერნეტის განვითარებას და წაახალისებენ ცენზურას მთელ მსოფლიოში.“
ეს საკანონმდებლო ცვლილება მცდარია და აძლევს შესაძლებლობას მთავრობას დახუროს ვებსაიტები ...

ახალ კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაში ეწოდება ”მეკობრეობის შეჩერების აქტი” (SOPA), სენატში კი - ”ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აქტი” და მისი მიზანია აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების მეკობრული ვერსიებით უკანონო ვაჭრობის შეჩერება. კანონპროექტის მხარდამჭერები არიან კინო და მუსიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მილიონობით დოლარს კარგავენ მათი პროდუქციის უკანონოდ გავრცელების შედეგად, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება მსოფლიოში ცენზურას წაახალისებს.

ნიუ-იურკის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, იან ბასინი, აღნიშნავდა, რომ, საკანონმდებლო ცვლილებების ამჟამინდელი სახით დამტკიცების შემთხვევაში, ყველა ვებსაიტი შეიძლება დაიხუროს ინტერნეტის რომელიმე მომხმარებლის მიერ საავტორო უფლებების დარღვევის გამო:

„ ეს საკანონმდებლო ცვლილება მცდარია და აძლევს შესაძლებლობას მთავრობას დახუროს ვებსაიტები. ინტერნეტი უნდა იყოს თავისუფალი მედიუმი, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას. როდესაც ამერიკა ჩინეთსა და ირანს უკიჟინებს, ინტერნეტს ნუ გათიშავთო, თავად ჩვენ არ უნდა ვიძლეოდეთ ცუდ მაგალითს.“

თეთრი სახლი აცხადებს, რომ კანონპროექტის მიმართ საკუთარი შენიშვნები პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც აქვს. რესპუბლიკელმა სენატორმა ტეხასიდან კი, ჯონ კორნინმა, კოლეგებს მოუწოდა არ იჩქარონ კანონპროექტის მიღება. „ჯობს ყველაფერი კარგად გაკეთდეს, ვიდრე სწრაფად და ცუდადო“, - განაცხადა სენატორმა ჯონ კორნინმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG