Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი პოლიტიკური გაერთიანებების კანონს ახალ პუნქტს დაამატებს


საქართველოს პარლამენტი აპირებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონს დაამატოს ახალი პუნქტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ პოლიტიკური სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის დაფინანსებას ითვალისწინებს. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ბიუჯეტიდან უკვე ფინანსდებიან ბოლო არჩევნების შედეგების საფუძველზე. თანხის მოცულობა არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით განისაზღვრება. კერძოდ, პავლე კუბლაშვილის განმარტებით, შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება სამზე და გაიყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთან, ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილი თანხა 600 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ სატელევიზო რეკლამისთვის დამატებითი თანხის გამოყოფის გადაწყვეტილება მიღებულია საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების კამპანიის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით. საკანონმდებლო ცვლილების ინიციირება პარლამენტში მომავალ კვირაში მოხდება, მისი განხილვა კი, დაიწყება საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.
XS
SM
MD
LG