აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლიონ პანეტას განცხადებით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ირანს შეუძლია, დაახლოებით, ერთ წლამდე პერიოდში შექმნას ბირთვული იარაღი, თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტს. ინტერვიუში, რომელიც ამერიკულმა ტელევიზიამ კვირას აჩვენა, პანეტა ამბობს, რომ კიდევ, სავარაუდოდ, ორი-სამი წელი გავა, სანამ ირანი შეძლებს დაამზადოს რაკეტა ბირთვული იარაღის სამიზნემდე მისატანად. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს, მაგრამ გაეროს ატომური უწყების მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ზოგი ელემენტი სამხედრო პროგრამისთვისაც არის გამოსადეგი. პანეტამ ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის ხელში ბირთვული იარაღის ყოფნა არის „წითელი ხაზი“ შეერთებული შტატებისათვის, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში მისი მოკავშირის, ისრაელისათვის. „თუ მათ პროგრამის განხორციელება განაგრძეს და დაზვერვამ გვაცნობა, რომ ბირთვულ იარაღს ამზადებენ, მაშინ მივმართავთ ნებისმიერ ზომას, რომელიც საჭირო იქნება მათ შესაჩერებლად,“ განაცხადა პანეტამ. ამჟამად ირანში იმყოფება გაეროს ატომური სააგენტოს ექსპერტების დელეგაცია.
ყველაზე პოპულარული
1