ეგვიპტეში სტადიონზე მომხდარი სისხლისღვრის შემდეგ გაათავისუფლეს ადგილობრივი მმართველი და ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე. მანამდე ეგვიპტის მმართველმა სამხედრო საბჭომ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა სტადიონზე არეულობის შედეგად 74 ადამიანის დაღუპვასთან დაკავშირებით. ინციდენტი ოთხშაბათს საღამოს მოხდა ქალაქ პორტ საიდის სტადიონზე. ძალადობა დაიწყო მას შემდეგ, რაც პორტ საიდის საფეხბურთო გუნდმა „ალ-მასრიმ“ დაამარცხა კაიროს „ალ-აჰლი“. ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ ქამალ ალ-გაზურის განცხადებით, თანამდებობიდან გათავისუფლებულია ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე, სამირ ზაჰერი. მოხსნეს აგრეთვე ქალაქ პორტ საიდის გუბერნატორი და უშიშროების სამსახურის უფროსი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დადასტურებულია, სულ ცოტა, 74 ადამიანის, მათ შორის ერთი პოლიციელის დაღუპვის ფაქტი. დაშავებულების რიცხვი 250-ს აღწევს.
ყველაზე პოპულარული
1