Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


გასულ კვირაში უცხოეთის პრესაში რამდენიმე საგულისხმო სტატია გამოქვეყნდა საქართველოს შესახებ - ძირითადად საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის ირგვლივ.

28 იანვარს „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა კავკასიის საკითხების ცნობილი ექსპერტის, ტომ დე ვაალის სტატია, სახელწოდებით „საქართველოს ლიდერი პუტინის ვარიანტს გაიმეორებს თუ ენდობა თავის ხალხს?”. სტატია ასე იწყება: „მოკავშირესთან ურთიერთობა სწორხაზოვანი ამოცანაა. ასევეა მტერთანაც. საგარეო პოლიტიკაში ყველაზე რთული ამოცანა ისეთ მოკავშირესთან ურთიერთობაა, რომლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია და რომელსაც ზიანის მოტანა ისევე შეუძლია, როგორც სიკეთის. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ კატეგორიაში შედის“.

ტომ დე ვაალი სტატიაში წერს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ მხარეებზე - შთამბეჭდავ და წარმატებულ რეფორმებზე, კორუფციასთან ბრძოლის მაგალითის დამკვიდრებაზე, ისევე როგორც იმ ფაქტზე, რომ დღევანდელი საქართველო, ფაქტობრივად, წარმოადგენს „ერთპარტიულ სახელმწიფოს, რომელშიც ელიტების მცირერიცხოვანი ჯგუფი აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტს, ყველა რეგიონალურ მთავრობას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ სამ სატელევიზიო არხს. სასამართლოს თავისუფალი არ ეთქმის. კორუფციასთან და კრიმინალთან ბრძოლის ჩრდილოვანი მხარე ის არის, რომ მან მრავალრიცხოვანი და ანგარიშვალდებულებას მოკლებული საპოლიციო ძალა წარმოშვა. ქვეყნის ციხეებში ბევრი პატიმარია, რომელიც იქ არ უნდა იყოს. 2011 წელს საქართველო მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა იყო ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით“.

ტომ დე ვაალი სააკაშვილის საქართველოს არარუსეთის და ანტირუსეთის ნაზავს უწოდებს - არარუსეთში გულისხმობს ქვეყნის საჯარო სამსახურების რეფორმას, რელიგიური უმცირესობების მიმართ შემწყნარებელ ახალ კანონს და პლურალიზმს, როგორც თანმდევ ტრადიციას. ანტირუსეთის ქვეშ კი ისეთ ქცევაზე საუბრობს, რომელიც ვლადიმირ პუტინისა და მისი მმართველობის მიმართ უკიდურესი შეურიგებლობის ფონზე ხშირად მაინც მას იმეორებს. დე ვაალს ამის მაგალითებად მოჰყავს რუსეთის მიმართ მაპროვოცირებელი რიტორიკის გამოყენება - ის, რომ სააკაშვილმა შარშან საქართველოს „ცივილიზებული“ უწოდა, რუსეთს კი „ბარბაროსული“ ქვეყანა - და ძალაუფლების შემაშფოთებელი კონცენტრაცია მხოლოდ რამდენიმე ინდივიდის ხელში. „პრეზიდენტ ობამას თეთრ სახლში დანიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს მიმართოს სააკაშვილის კეთილ ანგელოზს და პრეზიდენტი საქართველოსთვის პოლიტიკურად გარდამავალ წელს პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ წაახალისოს“, - წერს ავტორი.

„საქართველოს ელიტის წარმომადგენლები მოდერნიზატორები არიან და არა დემოკრატები. ისინი ხანდახან აღნიშნავენ, რომ თავიანთ ქვეყანაში არ შეუძლიათ დემოკრატიის უფრო დიდი ხარისხით დაშვება, რადგან ეს „რეფორმებს გააჩერებდა“ - ოპოზიციური პოლიტიკოსები ძალაუფლებას მოიპოვებდნენ და საქართველო უკან დაიხევდა. ეს მაცდუნებელი მესიჯია, თუმცა მაინც არასწორი. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ვადებზე დაწესებული ლიმიტი იმისთვის არსებობს, რომ ელიტებმა თავიანთი თავი მოქალაქეებზე წინ არ დააყენონ“, - წეს ტომ დე ვაალი სტატიაში, რომელიც 28 იანვარს გამოქვეყნდა „ვაშინგტონ პოსტში“.

30 იანვარს „ვაშინგტონ პოსტსა“ და „ნიუ-იორკ ტაიმსში“ ფასიანი რეკლამის ფორმით გამოქვეყნდა ქართველი ოპოზიციონერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამასადმი, სახელწოდებით „საქართველო გზაჯვარედინზე“. წერილი ეძღვნება ობამასა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას. „... ვარდების რევოლუციიდან რვა წლის გასვლის შემდეგ ჩემს ქვეყანას მხოლოდ ორიოდე წარმატება თუ აქვს და ის კვლავ ერთპარტიული ავტორიტარიზმისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის გზაჯვარედინზე იმყოფება. პროგრესი, რომელიც პოსტრევოლუციურ წლებში აღინიშნა, - იქნებოდა ეს ეკონომიკური ლიბერალიზაციის, ადმინისტრაციული რეფორმის, ეფექტიანი სამთავრობო სტრუქტურების, მცირემასშტაბიან კორუფციასთან ბრძოლის, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, - შეფერხებულ იქნა პლურალისტური პოლიტიკური სისტემისა და კანონის უზენაესობის ნაკლებობის გამო. ამის ნაცვლად, გვაქვს სუპერცენტრალიზებული, თითქმის ნეობოლშევიკური მართვის სტილი, რომელმაც თავი დიდი ხნის წინ ამოწურა და მხოლოდ ქვეყნის განვითარებას კი არ აფერხებს, არამედ საკუთარ მიღწევებსაც უთხრის ძირს“.

ივანიშვილი აღნიშნავს, რომ იმ კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, რომელიც მას საქართველოს მმართველი ელიტის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ აქვს, ის მაინც ოპტიმისტურად აღიქვამს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი თეთრ სახლში დაპატიჟეს. „ვიცით, რომ ამ ოფიციალურ ვიზიტს სამი წელიწადი დასჭირდა“, - წერს ავტორი და განაგრძობს, რომ საქართველოს პოზიციები შეარყია პრობლემებმა, რომლებიც აღინიშნება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს განვითარების, ადამიანისა და საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით, - ისევე როგორც პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებულმა შეტევებმა და სასტიკმა კამპანიებმა, მედიისა და ბიზნესების პოლიტიკურმა შევიწროებამ, მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების არაოფიციალური, ბუნდოვანი ფორმით მიღების პრაქტიკამ და ელიტურმა კორუფციამ. „თუმცა ჩვენ ისიც ვიცით, რომ საქართველო, რომელიც ბევრი საფრთხის წინაშეა, არ უნდა დაისაჯოს მისი მმართველი ელიტის შეცდომების გამო და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობაც ამას მოწმობს. ამდენად, ახლა საქართველოს ყველა ჭეშმარიტ მეგობარს დაუდგა დრო, - ოქტომბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, - რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ინტენსიური დიალოგის ჩარჩოებში მოაქციოს და აიძულოს უარი თქვას უაღრესად უგუნურ მცდელობაზე, ნებისმიერ ფასად გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, რაც შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს საქართველოსთვის“. ბიძინა ივანიშვილის წერილი, შეგახსენებთ, 30 იანვარს ფასიანი რეკლამის ფორმით გამოქვეყნდა „ვაშინგტონ პოსტში“ და „ნიუ-იორკ ტაიმსში“.

31 იანვარს ჟურნალ „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნდა კრისტიან კერილის წერილი - „ქართული პარადოქსი“. სტატიის შემაჯამებელი წინადადება ასე იკითხება: „როგორც საქართველოს მიერ ახლახან გავლილი გამოცდილება ადასტურებს, კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიის შენება ორი სხვადასხვა რამ არის“. სტატია ასე იწყება: „საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბედნიერი კაცია. გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, მას პატივი დასდო და ოვალურ ოფისში მაღალი რანგის ვიზიტი მოუწყო. ობამას ადმინისტრაცია მადლობას უხდიდა საქართველოს ერაყსა და ავღანეთში გაწეული დახმარებისთვის. ამასთან, საქართველომ ქულები ახლახან გადადგმული იმ ნაბიჯითაც ჩაიწერა, რომელმაც რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას შეუწყო ხელი (შესაძლოა ამით აიხნას ისიც, რომ ობამას შეხვედრისას ამ ორი ქვეყნის სახელი აერია).“ შემდეგ ავტორი წერს, რომ სააკაშვილი ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის შტაბბინასაც ეწვია, ვინაიდან ამ ორგანიზაციამ მის ვიზიტს დაამთხვია საქართველოს უაღრესად წარმატებულ ანტიკორუფციულ კამპანიაზე ანგარიშის გამოქვეყნება. კრისტიან კერილი ამ შეხვედრაზე თავადაც ყოფილა და სააკაშვილს გასაუბრებია. მან მითხრა, რომ ობამამ საქართველო მთელი რეგიონისთვის მაგალითად დაასახელაო, ამცნობს კერილი მკითხველს. შემდეგ ავტორი ჩამოთვლის საქართველოს მიერ 2003 წლის შემდეგ მიღწეულ წარმატებებს - მექრთამეობასთან ბრძოლას, საგადასახადო კოდექსის რადიკალურ გამარტივებას, ენერგეტიკის სექტორის რეფორმას. „თუმცა, - განაგრძობს ავტორი, - მსოფლიო ბანკის ანგარიშში ერთ დამაინტრიგებელ გაფრთხილებასაც შენიშნავთ. შესავალში საკმაოდ შეფარული ენით წერია, რომ საქართველოს წინაშე კვლავაც არის „ინსტიტუციური რეფორმების დაუმთავრებელი პროგრამა, რაც იმისთვის იქნება საჭირო, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ანტიკორუფციული შედეგების მდგრადობა, ხელისუფლების გადანაწილების მძლავრი სისტების ამოქმედებით“. ამ ციტატის მოტანის შემდეგ კერილი პრობლემების ჩამოთვლაზე გადადის - რომ კორუფციის შემცირების ფონზე, ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება გაიზარდა, მედია ნაკლებად თავისუფალია. ავტორს „ეკონომისტის“ მიერ ერთი წლის წინ დაბეჭდილი ციტატაც მოაქვს, რომ საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მაჩვენებლები დაბალია. საბოლოო ანგარიშით, ავტორი დაასკვნის, რომ, კორუფციასთან ბრძოლის და სტრუქტურული რეფორმების გატარების ფონზე, საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ხარვეზები რჩება.

2 თებერვალს ასევე „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუზე დაყრდნობით დაწერილი სტატია, სახელწოდებით „არაბული გაზაფხული რუსეთის მთავრობას დაამხობს“. „საკუთრივ რუსეთის ლიდერებს უნდა მოუსმინოთ. ისინი ამბობენ: ჩვენ არ ვართ ლიბია, არ ვართ ეგვიპტე, რუსეთში ასეთი რამ არ მოხდებაო“, - უთქვამს სააკაშვილს. „ეს აქამდეც მომისმენია სხვა ლიდერებისგან, საბჭოეთის ლიდერებისგან. ასეთი რამის თქმა ისეთი წინასწარმეტყველებაა, რომელიც გარკვეული ქმედებებისკენ გიბიძგებს, რაც, თავის მხრივ, ამ წინასწარმტყველების ახდენას იწვევს. იწყებ გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რაღაცებს კი კრძალავ. ეს ყველაფერი კი სწორედ ისაა, რასაც ძალაუფლების დაკარგვისკენ მიყავხარო“, ამბობს სააკაშვილი და იქვე დასძენს, რომ რუსეთი მხოლოდ თავის ხალხს კი არ ართმევს სურვილების ახდენის შანსს საპროტესტო აქციებისა და ჭეშმარიტი დემოკრატიის ჩახშობით, არამედ იმ სახალხო რევოლუციების ტალღის მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენს, რომელმაც მსოფლიოს შარშან გადაუარაო. ამის ბოლო და ყველაზე მკაფიო მაგალითი, სააკაშვილის აზრით, რუსეთის მიერ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერაა. აშშ-ის მხრიდან მოსკოვთან თანამშრომლობა საჭიროა და „გადატვირთვის“ პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ რუსეთიდან წამოსული ყველა სიგნალი მიანიშნებს, რომ ის გადატვირთვამდელ პოლიტიკას უბრუნდება, უთქვამს სააკაშვილს. მისი თქმით, რუსეთი გამუდმებით ავრცელებს ხმებს, თითქოს აშშ აპირებს ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების საქათველოში განთავსებას, რაც, სააკაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

პოლიტიკის საკითხების გარდა, ინტერვიუერს სააკაშვილისთვის იმ შთაბეჭდილებაზეც უკითხავს, რომელიც მასზე ენდი გარსიას მიერ შესრულებულმა როლმა მოახდინა ფილმ „აგვისტოს ხუთ დღეში“. „მე ფილმის მხოლოდ ნაწყვეტები ვნახე და ვიცი, რომ ინგლისურს ოდნავ უკეთ ვფლობ, ვიდრე ის - ეს კი დამაიმედებელი ამბავიაო“, - უთქვამს სააკაშვილს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG