Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში მოხდა შეტაკება პოლიციელებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის


ათენიდან იუწყებიან პოლიციელებსა და გაფიცვის მონაწილეებს შორის შეტაკების შესახებ. საბერძნეთში საჯარო და კერძო სექტორების პროფკავშირებმა დაიწყეს 48-საათიანი საყოველთაო გაფიცვა მომჭირნეობის ახალი ზომების გასაპროტესტებლად. ცნობების თანახმად, შეტაკებების შედეგად არავინ დაშავებულა: პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც ქვებს და აალებად ყუმბარებს ისროდნენ. საყოველთაო გაფიცვა მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ბორნების მიმოსვლის შეჩერებას, სკოლების, სასამართლოების, მუზეუმების, სამთავრობო უწყებების დახურვას. როგორც გაფიცვის ერთ-ერთმა მონაწილემ, პროფკავშირის აქტივისტმა კონსტანტინოს სიორიტისმა ათენში უთხრა საინფორმაციო სააგენტო როიტერსს: „ჩვენ ვალდებული ვართ, წინააღმდეგობა გავუწიოთ მომჭირნეობის ზომების ამ შტურმს, რომელიც თავს მოგვახვიეს სამეულმა და მთავრობამ. ვალდებული ვართ, შევებრძოლოთ მათ და გავიფიცოთ მათ წინააღმდეგ“. მომჭირნეობის ახალი ზომები, რომლებსაც ევროკავშირი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროპის ცენტრალური ბანკი მოითხოვენ საბერძნეთისათვის მორიგი ფინანსური დახმარების მისაწოდებლად, ითვალისწინებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების 22 პროცენტით შეკვეცას, დასაქმებულთა ნაწილის სამსახურებიდან დათხოვას, ობიექტების პრივატიზაციას, ახალი გადასახადების დაწესებას. თუმცა, ევროკავშირის მინისტრებმა ხუთშაბათს გამოაცხადეს, რომ მომჭირნეობის ეს ზომებიც არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ საბერძნეთს მიაწოდონ 130 მილიარდი ევროს დახმარება.
XS
SM
MD
LG