საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოყინვისა და სხეულის გადაციების შედეგად გასულ ღამეს საქართველოში ორი მამაკაცი გარდაიცვალა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, თბილისის დამწვრობის ცენტრში მიიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, სავარაუდოდ უსახლკარო, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი რომელსაც თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კიდევ ერთი მამაკაცი - ცნობების თანახმად, ისიც უსახლკარო - ამავე მიზეზით გარდაიცვალა ოზურგეთის საავადმყოფოში. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, თბილისის დამწვრობის ცენტრში მოყინვის დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი წევს. მათგან ერთი 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, ხოლო მეორე 75 წლის მოხუცი ქალი, რომელსაც უმწეოს სტატუსი აქვს. ორივე პაციენტს, სავარაუდოდ, ფეხის თითების ამპუტაცია დაჭირდება. სააგენტო „სივილ ჯორჯია“ გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 12 თებერვლის ღამეს ტემპერატურა თბილისში მინუს 9 გრადუსამდე, ხოლო ცენტრალური და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ნაწილში მინუს 20 გრადუსამდე დაეცემა.
ყველაზე პოპულარული
1