Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალა ჯიოევა უცხოეთში პოლიტიკურ თავშესაფარზე ფიქრობს


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ, რომელიც რამდენიმე დღეა, ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება, არ გამორიცხა, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს უცხოეთში, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდა. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის, „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯიოევამ კიდევ ერთხელ მიმართა ცხინვალის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრს ვადიმ ბროვცევს მოწოდებით, სამართლებრივი შეფასება მიეცეს მის შტაბსა და მის მომხრეებზე განხორციელებულ თავდასხმასა და ძალადობას. „მე არაერთხელ მივმართე სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ხელისუფლებას და დავაყენე საკითხი, აეხსნათ, რაშია ჩემი დანაშაული“, - თქვა ჯიოევამ. „რა ჩავიდინე რუსი და ოსი ხალხის წინაშე? მხოლოდ ის, რომ ამირჩიეს? თუ გაგრძელდება ცემა, დევნა და არ იქნება დადგენილი ჩემი დანაშაული, და თუ სხვა გზა არ დამიტოვეს, თუ ჩემი მიმართვა რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისადმი დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, მაშინ რაღა აზრი აქვს ქარის წისქვილებთან ბრძოლას?“, აღნიშნა ალა ჯიოევამ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში.
XS
SM
MD
LG