Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდება, თუკი შოტლანდია დამოუკიდებლობას აირჩევს


შოტლანდიის მთავრობის თავმჯდომარე ალექს სალმონდი
შოტლანდიის მთავრობის თავმჯდომარე ალექს სალმონდი
თარიღი ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ შოტლანდიელები აპირებენ რეფერენდუმზე გაიტანონ გაერთიანებული სამეფოდან ქვეყნის გამოყოფის საკითხი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი 16 თებერვალს ედინბურგს ესტუმრა და შეხვდა შოტლანდიის მთავრობის თავმჯდომარეს ალექს სალმონდს, რომელიც ცდილობს შეათანხმოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის უახლოეს წლებში ჩატარების საკითხი. თუმცა რეფერენდუმის ვადებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იმის გარკვევაა, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ევროპაში ახალი სახელმწიფოს აღმოცენებამ გაერთიანებულ სამეფოზე, ევროპის კავშირსა და კონტინენტის იმ რეგიონებზე, რომლებიც უფრო მეტ ავტონომიას ესწრაფვიან.

როგორი შეიძლება იყოს შოტლანდიის გამოყოფა გაერთიანებული სამეფოდან?

მრავალი წლის წინ ისე ჩანდა, რომ შოტლანდიელთა უმრავლესობას სურდა გაერთიანებაში დარჩენა, თუმცა ბოლო კვირებში ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ამ საკითხის თაობაზე საზოგადოებრივი აზრი ორ დიდ თანაბარ ბანაკად არის გაყოფილი. ყველაფერს გადაწყვეტს რეფერენდუმი, რომელიც, ალბათ, 2014 წელს ჩატარდება. ბრიტანეთის მთავრობის აზრით, რეფერენდუმზე შეკითხვა უნდა დაისვას პირდაპირ - „ემხრობით თუ არ ემხრობით დამოუკიდებლობას“, მაშინ როცა შოტლანდიის მთავრობა, რომელიც შოტლანდიის ნაციონალური პარტიის უმრავლესობით არის დაკომპლექტებული, რეფერენდუმის იდეას ზერელედ ეპყრობა - მას სურს, რომ მოსახლეობამ პასუხი გასცეს მეორე შეკითხვასაც: „ემხრობით თუ არა, რომ შოტლანდიის მთავრობამ უფრო მეტი ძალაუფლება მიიღოს დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში?“
„ჩვენ რადიკალურად შევცვლით ბრიუსელთან ურთიერთობას იმისათვის, რომ მეორე კლასიდან პირველი კლასის მატარებელში გადავსხდეთ ...
ალექს სალმონდი
გარდა ამისა, საარჩევნო უფლებით ქვეყანაში სარგებლობენ 18 წელს მიღწეული მოქალაქეები, შოტლანდიის მმართველი პარტია კი ცდილობს, სასურველი შედეგის მისაღებად, რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება მისცეს 16-17 წლის ახალგაზრდებსაც, რომლებიც, ასაკიდან გამომდინარე, უფრო მეტად ემხრობიან დამოუკიდებლობას.

შესაძლოა, ეს იყოს ხავერდოვანი განქორწინება. შოტლანდიელებს სახელმწიფოს მეთაურად ეყოლებათ დედოფალი ელისაბედ მეორე და შეინარჩუნებენ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, როგორც ეროვნულ ვალუტას. მაგრამ უმთავრესი თავსატეხი საკითხი არის შოტლანდიის სანაპიროზე განლაგებული ბრიტანეთის ბირთვული წყალქვეშა ნავები. „თუკი შოტლანდიას დამოუკიდებლობა სურს, მაშინ ბირთვული მასობრივი განადგურების იარაღი არ უნდა არსებობდეს ჩვენს მიწა-წყალზეო“, - აცხადებს ნიკოლა სტოჯანი, შოტლანდიის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ბრიტანული ბირთვული წყალქვეშა ნავების გაყვანას შოტლანდიიდან გარკვეული დრო დასჭირდება, მოსაძებნია ასევე ალტერნატიული ტერიტორია და, შესაძლოა, განხილული იქნეს სცენარიც, რომ დასრულდეს უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ლონდონის ბირთვული იარაღის განლაგების ეპოქა.

გახდება თუ არა დამოუკიდებელი შოტლანდია ავტომატურად ევროკავშირის წევრი?

რაკი აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა და არც ევროკავშირის შეთანხმება ამბობს ამაზე არაფერს, არავინ იცის, თუ როგორ უნდა მოექცე ქვეყანას, რომელიც უკვე არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის ნაწილი და დამოუკიდებლობას ამის შემდეგ მიაღწევს. ზოგიერთი ამბობს, რომ შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს მემკვიდრე სახელმწიფოა და თუკი შოტლანდია გახდება ევროკავშირის წევრი, მაშინ გაერთიანებულ სამეფოში შემავალმა სხვა ქვეყნებმა განმეორებით უნდა შეიტანონ განაცხადი კავშირში გაწევრიანებაზე.
შოტლანდიას მოუწევს დაარწმუნოს სხვა პარტნიორები, რომ ის იქნება კარგი პარტნიორი ევროპის პოლიტიკური ძალებისათვის ...

ალენ სმიტი, შოტლანდიის ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარი, ამბობს, რომ შოტლანდიას შეუძლია დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის შემდეგ ავტომატურად გახდეს ევროკავშირის წევრი, თუკი ბრიუსელთან მოაგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ევროპარლამენტში შოტლანდიელი პარლამენტარების რაოდენობა, შოტლანდიელი ევროკომისრის ფუნქცია და ასევე ევროპარლამენტის არჩევნებში ახალი ქვეყნის მონაწილეობის უფლება. „ჩვენ რადიკალურად შევცვლით ბრიუსელთან ურთიერთობას იმისათვის, რომ მეორე კლასიდან პირველი კლასის მატარებელში გადავსხდეთო“, - ასე ხატოვნად გამოხატა ალენ სმიტმა შოტლანდიის მზადყოფნა.

თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ავტომატურად არაფერი მოხდება და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შოტლანდიასაც ისევე მოუხდება გაწევრიანების პროცესის გავლა, როგორც მოუხდათ ეს ევროპის სხვა კანდიდატ ქვეყნებს. თანაც, გაურკვეველია, მოუწევს თუ არა შოტლანდიას ევროკავშირიდან გასვლა, ვიდრე ბრიუსელს გაწევრიანების განაცხადით მიმართავდეს.

შოტლანდიის მომხრეები და პერსპექტივა ევროზონაში

თუკი შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს სამართალმემკვიდრეა, მან მომოქცევაში უნდა შეინარჩუნოს გირვანქა სტერლინგი, როგორც ერთიანი ვალუტა. ამავე დროს, ევროკავშირის ახალი წევრი ერთ მშვენიერ დღეს უნდა შევიდეს ევროზონაში. ამ ეტაპზე გაუგებარია, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ეს დავა. თუმცა არსებობს შვედეთის მაგალითი. შვედეთი, რომელიც 1995 წლიდანაა ევროკავშირის წევრი, პირობას დებდა, რომ მიმოქცევაში ევროს შემოიტანდა, მაგრამ 2003 წლის რეფერენდუმზე ეს საკითხი უარყოფითად გადაწყდა და მას შემდეგ შვედეთი ევროზონის გარეთ რჩება.

ფაბიან ზულიგი, ბრიუსელში მდებარე „ევროპული პოლიტიკური ცენტრის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიქრობს, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობა ისეთი ქვეყნების შეშფოთებას იწვევს, როგორიც ესპანეთია, რომლის სეპარატისტულად განწყობილმა რეგიონებმა შესაძლოა შოტლანდიას მიბაძონ: „ვფიქრობ, შოტლანდიას მოუწევს დაარწმუნოს სხვა პარტნიორები, რომ ის იქნება კარგი პარტნიორი ევროპის პოლიტიკური ძალებისათვის და რომ მისი შემთხვევა არის განსაკუთრებული, რომელიც სხვებისათვის პრეცედენტად არ გადაიქცევა.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG