Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტველი დიპლომატი: საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება შეგვიძლია


აურიმას ტაურანტასი
აურიმას ტაურანტასი
რამდენიმე დღის წინ ჩვენი რადიოს პრაღის შტაბბინას ესტუმრა ლიტველი პოლიტიკოსი, ამჟამად ჩეხეთში ლიტვის ელჩი, აურიმას ტაურანტასი. მას მნიშვნელოვანი და საინტერესო პოლიტიკური გამოცდილება აქვს - თავისი ქვეყნის უახლეს ისტორიაში რამდენიმე საეტაპო მოვლენის მონაწილე თუ მომსწრე იყო. ამ გამოცდილებაზე, ლიტვის რუსეთთან ურთიერთობაზე და საქართველოს მიმართ მხარდაჭერაზე ლიტველ დიპლომატს ჩვენი კოლეგა, სალომე ასათიანი ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: თავდაპირველად, ცოტა ზოგადი, ისტორიული ხასიათის შეკითხვა მინდა დაგისვათ. ლიტვა საბჭოთა კავშირის პირველი რესპუბლიკა იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, 1990 წლის 11 მარტს. თქვენ ამ ისტორიული დოკუმენტის ერთ-ერთი ხელისმომწერი იყავით. შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა განწყობა და ატმოსფერო სუფევდა მაშინ? ეს სახიფათო, სარისკო, საპროტესტო ჟესტად აღიქმებოდა, თუ მაშინვე ცხადი იყო, რომ საბჭოთა კავშირს დიდი დღე აღარ ეწერა?

აურიმას ტაურანტასი: გმადლობთ ამ შეკითხვისთვის. ახლა, ამ გადასახედიდან, მართლა კარგი და სასიამოვნოა იმ წლების გახსენება. თუმცა მაშინ, როცა ამ ცვლილებებში ვიყავით ჩართული - რომელიც შემდეგ მთელ საბჭოთა კავშირს მოედო - არავინ იცოდა, ეს ყველაფერი რითი დასრულდებოდა. სხვადასხვა თეორია ვრცელდებოდა - ერთნი ამბობდნენ, საბჭოთა კავშირის ოდნავი მოდერნიზება და დემოკრატიზაცია შესაძლებელიაო. სხვები კი აცხადებდნენ, სიტუაციას მხოლოდ რადიკალური გარდატეხა თუ უშველისო. გაურკვეველი სიტუაცია იყო. უკვე ბოლო სტადიას როცა მივაღწიეთ - არჩევნებს და შემდეგ დამოუკიდებლობის გამოცხადებას - ვიცოდით, რომ ამაზე ჩვენი ხალხისგან გვქონდა მოცემული მკაფიო მანდატი. ეს აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. ატმოსფერო ცალსახად საზეიმო არ ყოფილა - ბუნებრივია, ყველა ჩვენგანს ესმოდა, რომ წინ გველოდა ძალიან სახიფათო გზა, ბევრი სირთულე - მათ შორის ეკონომიკური. მოსკოვში განთავსებული რეჟიმის ნაბიჯების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო. მალე გამოჩნდა, რომ ისინი მართლა მზად იყვნენ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან მკაცრი ზომები მიეღოთ. მეორე მხრივ, ისიც ნათელი იყო, რომ ისტორიული შანსი მოგვეცა - რომელიც შესაძლოა მეტი აღარც განმეორებულიყო. უნდა გაგვეკეთებინა ის, რაზეც ჩვენი მშობლები ოცნებობდნენ. ძალიან მიზანდასახულად ვმოქმედებდით.

რადიო თავისუფლება: რისკი, ცხადია, გამართლებული აღმოჩნდა. მას შემდეგ 22 წელიწადი გავიდა და ლიტვამ გრძელი და წარმატებული გზა გაიარა. ახლა ის დასავლური, ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრია. როგორ დაახასიათებდით რუსეთთან ურთიერთობის ისტორიას ამ წლების განმავლობაში? ნატოში ლიტვის გაწევრიანების საკითხი რუსეთისთვის ხომ განსაკუთრებით მტკივნეული იყო, თუნდაც მის ექსკლავთან, კალინინგრადთან საზღვრის გამო. იყო მუქარები კალინინგრადის ხელახალ მილიტარიზაციაზე, რუსეთის რაკეტების ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის დამიზნებაზე. როდის და როგორ შეიცვალა ეს რიტორიკა? მოხდა თუ არა რაიმე მკვეთრი ცვლილება მას შემდეგ, რაც ლიტვა ნატოს წევრი გახდა?

აურიმას ტაურანტასი: არა, [რიტორიკის] ცვლილება მკვეთრი არ ყოფილა. დამოუკიდებლობის იმ წლების განმავლობაში ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო მაქსიმალურად კარგი ურთიერთობა გვქონოდა ჩვენს მეზობლებთან, რუსეთის ჩათვლით. რუსეთი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი იყო. ჩვენ მასთან ყოველთვის კეთილმეზობლური ურთიერთობა გვინდოდა. კალინინგრადის რეგიონი - რუსეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - ჩვენ გვესაზღვრება. გვაქვს ბევრი ეკონომიკური და ადამიანური კავშირი. რუსეთი ამ რეგიონის სამომავლო პერსპექტივებზე მტკივნეულად რეაგირებდა. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სამზადისის პერიოდში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ განგვემუხტა რუსეთის შეშფოთება - იქნებოდა ეს ლიტვის ტერიტორიაზე სამხედრო ტრანზიტის მხრივ, თუ რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩვენი ტერიტორიის მატარებლით გავლის და შემდეგ უკან დაბრუნების თვალსაზრისით. რუსეთთან მაქსიმალურად ვითანამშრომლეთ.

რადიო თავისუფლება: თავად რუსეთი რამდენად იჩენდა თანამშრობლობის სურვილს?

აურიმას ტაურანტასი: რუსეთის მონაწილეობის გარეშე ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდით. რუსეთი ბევრ მტკივნეულ საკითხს თუ კითხვის ნიშანს სვამდა, ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. საქმე იოლ ამოცანასთან არ გვქონდა. მაგრამ ბოლოს შედეგს მივაღწიეთ. კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვით შევძელით გადაგვეჭრა საკითხები, რომლებიც როგორც რუსეთისთვის, ისე ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი. ეს კარგი მაგალითია სამომავლო ურთიერთობებისთვის. როცა პრობლემის გადაჭრის ნება ორივე მხარეს იჩენს თავს - მაშინ [ეს შესაძლებელი ხდება].

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რამდენად გამოადგება ეს გამოცდილება დღევანდელ საქართველოს, რომელიც ახლა ცდილობს დასავლეთისკენ სვლას? არის ხალხი, ვინც თვლის, რომ ამ სურვილის პარალელურად, შეუძლებელია რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება - ვინაიდან დღევანდელ რუსეთს საქართველოსგან დიამეტრულად საპირისპირო სურვილები აქვს. რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება აუცილებლად რაღაცის ხარჯზე მოხდება - საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შეჩერების, რუსეთის ორბიტაზე თუნდაც ნაწილობრივი დაბრუნების ხარჯზე. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთიც შეიცვალა: გაძლიერდა და, ბევრის აზრით, კიდევ უფრო მეტი ნოსტალგიით ეკიდება საბჭოთა წარსულს და თავის უწინდელ გავლენას. თქვენი აზრით, რა პერსპექტივები აქვს ამ კუთხით საქართველოს?

აურიმას ტაურანტასი: პარალელს მართლაც ვერ გავავლებდი იმ ვითარებას შორის, რომელშიც ლიტვა ნატოში გავწევიანების წინ იყო, საქართველო კი ახლა არის. ეს სრულიად განსხვავებული სიტუაციებია. როცა ნება ორივე მხარემ გამოიჩინა, მაშინ ამის მიღწევა შესაძლებელი აღმოჩნდა, მკუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჩვენს გაწევრიანებას ნატოში. საქართველოს სიტუაცია სხვაა. თავად რუსეთიც განსხვავდება იმისგან, რაც ის ათიოდე წლის წინ იყო. ამდენად, საქართველოს პრობლემების გადაჭრისთვის რაიმე მზა რეცეპტის გამოძებდა ძალიან რთული იქნება. და მაინც, ჩვენი გამოცდილება შემდეგია - თუ დასახული მიზნებისკენ მტკიცედ და მიზანმიმართულად ივლი, მათ მიაღწევ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის შიდა ტრანსფორმაციაა. ამას ხაზი უნდა გაესვას. ნატოში და ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის მზადება შიდა ტრანსფორმაციის ხანგრძლივი პროცესი იყო. ეს იყო ჩვენთვის წაყენებული პირობები, განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან. ამ რეფორმების გატარება თავად ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა რომ არა, რეფორმებს ალბათ ბევრად უფრო დიდი დრო დასჭირდებოდა. ამასობაში, ამ წლების განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინეთ, და მისი გარკვეულ ასპექტები შეიძლება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყოს. ჩვენ საქართველოს ვთავაზობთ ამ გამოცდილების გაზიარებას. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ორმხრივი კომისია, რომელსაც ყოველწლიური სამოქმედო გეგმები აქვს. საქართველოსთან მაქსიმალურად ვთანამშრობლობთ ამ გამოცდილების გაზიარების საქმეში.

რადიო თავისუფლება: საქართველოში, ალბათ, ისიც ყველას ახსოვს, რომ ლიტვა ერთ-ერთი იყო იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს მხარში ედგნენ 2008 წლის აგვისტოს კრიზისის დროს. მაშინდელი პრეზიდენტი - ვალდას ადამკუსი - იმ ხუთი ლიდერიდან ერთ-ერთი იყო, ვინც მაშინ თბილისში ჩავიდა. პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეიმუშავეს დეკლარაციაც, რომელშიც რუსეთს "იმპერიალისტი და რევიზიონისტი" უწოდეს. შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც ცნობილია, რომ 2010 წელს, როცა ლიტვა დამოუკიდებლობის გამოცხადების მეოცე წლისთვას ზეიმობდა - უკვე სხვა პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს პირობებში - საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ღონისძიებაზე არ მიიწვიეს. დმიტრი მედვედევი და ალექსანდრ ლუკაშენკო დაპატიჟებული იყვნენ, საქართველოს პარლამენტის სპიკერი, დავით ბაქრაძეც დაესწრო ზეიმს - მაგრამ არა მიხეილ სააკაშვილი. რა მოხდა? ლიტვის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა?

აურიმას ტაურანტასი: რთული სათქმელია. მე ასეთ დასკვნებს არ გამოვიტანდი. დეტალები არ ვიცი - როგორ მოამზადეს ეს ღონისძიება, ვინ დაპატიჟეს და ვინ არა. შეიძლება საქმე ფორმატში იყო და მხოლოდ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები დაპატიჟეს.

რადიო თავისუფლება: ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს ერთ-ერთი სიმპტომი იყო იმისა, რომ ახალმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საგარეო პოლიტიკაში აქცენტების ოდნავი ცვლილება მოიტანა - წინა წლებში პრიორიტეტულად მიჩნეული რამდენიმე საკითხი შედარებით დაასუსტა, უპირატესობის ევროკავშირთან და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების მინიჭების ფონზე.

აურიმას ტაურანტასი: არა. ჩვენს საგარეო პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვან იცვლილება არ ყოფილა. ის ჩვეულებრივად გრძელდება. მე მიწვევა-არმიწვევის თემიდან მნიშვნელვოან დასკვნებს არ გავაკეთებდი - თითქოს ეს პოლიტიკის რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას მოასწავებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს პროგრესით, მისი მომავლით და იმით, რომ მან მიაღწიოს დასახულ მიზნებს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG