Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში ტარდება რეფერენდუმი რუსული ენის სტატუსზე


ლატვიის ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეებმა მოუწოდეს ლატვიელებს, დადებითად არ უპასუხონ რეფერენდუმზე გატანილ შეკითხვას, უნდა იყოს თუ არა რუსული ენა მეორე სახელმწიფო ენა. საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემთხვევაში რუსული ენა ლატვიურთან ერთად სახელმწიფო ენის სტატუსს შეიძენს. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისულმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვალდის დუმბროვსკისმა განაცხადა, რომ „ამ ინიციატივის წინააღმდეგ ხმის მიცემა ქვეყნის საფუძვლების განმტკიცებისათვის ხმის მიცემას ნიშნავს.“ მანამდე წინააღმდეგ ხმის მიცემისაკენ მოქალაქეებს ქვეყნის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმაც მოუწოდა. რეფერენდუმი, რომელიც რუსულენოვანი ჯგუფის თხოვნით ტარდება, კიდევ უფრო გააღრმავებს დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით რუსული ენის სტატუსის გამო. ეთნიკური რუსები, რომლებიც ქვეყანაში მეტწილად გასაბჭოების შემდეგ დასახლდნენ, ორმილიონიანი მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენენ. რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადების მომხრეები მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი აუცილებელია, რათა ბოლო მოეღოს რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციას ლატვიაში. რეფერენდუმის პირველი შედეგები საღამოს გახდება ცნობილი. საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას რეფერენდუმზე ამომრჩეველთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, რაც, ექსპერტთა შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა.
XS
SM
MD
LG