Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი საქართველოზე, აგრესიასა და შეერთებულ შტატებზე


რუსეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ პუტინი საქართველოს ხელისუფლებას აგრესიაში, ხოლო შეერთებულ შტატებს შეიარაღების გზით ამ აგრესიის წახალისებაში ადანაშაულებს. ამასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთების მეთაურებთან შეხვედრისას, 22 თებერვალს, პუტინმა კიდევ ერთხელ მიმართა კრემლისთვის დამახასიათებელ სვლას და ”მოძმე” ქართველი ხალხის სიყვარულზე ილაპარაკა, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო განცხადება მოჰყვა.

ვლადიმირ პუტინი საქართველოსთან ურთიერთობას ”სამწუხარო მაგალითს” უწოდებს, თუმცა იქვე დასძენს, რომ შექმნილი ვითარება არა მოსკოვის, არამედ თბილისის პოლიტიკის ბრალია და რომ თბილისსა და ქართველ ხალხს მოსკოვი სხვადასხვა სიბრტყეზე განიხილავს:

საქართველოში ცხოვრობს მრავალი ათასი ოჯახი, რომელთაც ახლობლები დაკარგეს რუსეთის მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი სამხედრო აგრესიისა და მრავალჯერადი ეთნიკური წმენდის შედეგად ...
”ჩვენ არასდროს ვაიგივებდით საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩვენთვის მართლაც მოძმე ხალხი - როგორც კულტურის, ასევე აღმსარებლობის მხრივ - საბოლოოდ გაიაზრებს, რომ რუსეთი მტერი კი არა, მეგობარია, და აღდგება ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან.”

”ძალიან უცნაური მეთოდები აქვს ბატონ პუტინს ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოსახატავად”, - მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 22 თებერვლით დათარიღებულ საპასუხო განცხადებაში საგარეო უწყება სიმბოლურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ”ქართველ ხალხთან მეგობრობასა და მისდამი სიყვარულზე” პუტინი სწორედ იმ სამხედრო მეთაურებთან ლაპარაკობს, ”რომელთა შენაერთებიც, მისივე ბრძანებით, სასტიკად უსწორდებოდნენ ქართულ მოსახლეობას.”

”ძნელი წარმოსადგენია ვის გულისხმობს ბატონი პუტინი ქართველ ხალხში. საქართველოში ცხოვრობს მრავალი ათასი ოჯახი, რომელთაც ახლობლები დაკარგეს რუსეთის მიერ განხორციელებული მრავალრიცხოვანი სამხედრო აგრესიისა და მრავალჯერადი ეთნიკური წმენდის შედეგად”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში და იქვე ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ”ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბარბაროსულად ნადგურდება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.”

საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ პუტინის მიერ ქართველი ხალხისადმი სიყვარულის ეს მორიგი გამოხატვა შესაძლოა უკავშირდებოდეს საარჩევნო პროცესებს როგორც რუსეთში, ასევე საქართველოში. თუმცა, სხვა არაერთი ანალიტიკოსის მსგავსად, ნიკა ჩიტაძეც თვლის, რომ საქმე მაინც უფრო აგრესორის ტიპიურ ქმედებასთან გვაქვს:

”კონკრეტულ პიროვნებასთან ბრძოლის საბაბით ისინი ამართლებენ თავიანთ აგრესიულ ქმედებებს საქართველოსთან მიმართებით. უნდათ დაგვანახვონ, რომ თითქოს ისინი რეჟიმს ებრძვიან, რეალურად კი, სწორედ რომ ქართველ ხალხს ებრძვიან, ისევე როგორც ებრძოდნენ, ვთქვათ, ფინეთს, ჩეხოსლოვაკიას, უნგრეთს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.”

რაც შეეხება ვლადიმირ პუტინის 22 თებერვლის გამოსვლის მეორე მთავარ აქცენტს, რომელზეც გამახვილებული არ არის ყურადღება საქართველოს საგარეო უწყების საპასუხო განცხადებაში, ის საქართველოს ხელისუფლების აგრესიულ პოლიტიკას და შეერთებული შტატების მხრიდან ამ პოლიტიკის წახალისებას შეეხება.

22 თებერვალს, რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთების მეთაურებთან შეხვედრაზე, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოქმედი რუსეთის სამხედრო ბაზის მეთაურმა პუტინს სთხოვა განემარტა, რამდენად მართალია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი საქართველოს შეიარაღებას აპირებს იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც 30 იანვარს ვაშინგტონში შეხვედრის დროს მიაღწიეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს პრეზიდენტებმა.
შეიარაღების მიწოდება იმ ქვეყნის არმიისთვის, რომელიც აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს, ყოველთვის და ყველგან გარდაუვლად უბიძგებს მას აგრესიული ქმედებებისკენ ...
ვლადიმირ პუტინი

მიუხედავად იმისა, რომ ობამა-სააკაშვილის შეხვედრის დროს მიღწეული ამ შეთანხმების ფარგლებში ჯერჯერობით არავინ საუბრობს საქართველოსთვის რაიმე სახის შეიარაღების მიწოდებაზე, ვლადიმირ პუტინი დარწმუნებით აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არათუ სამომავლოდ აპირებს, არამედ უკვე დიდი ხანია აწვდის შეიარაღებას საქართველოს და რომ ეს პროცესი ადვილად კონტროლდება რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ. პუტინი ამბობს, რომ გადაადგილებული ტვირთების მასშტაბები იოლი გასაკონტროლებელია ”კოსმოსური თუ დაკვირვების სხვა საშუალებებით.”

რუსეთის პრემიერ-მინისტრის განმარტების მიხედვით, ”შეერთებულმა შტატებმა შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მალევე დაიწყო საქართველოს არმიის გადაიარაღება, რაც, მისი აზრით, ”დიდი შეცდომაა”:

”საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აშკარად აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს და შეიარაღების მიწოდება იმ ქვეყნის არმიისთვის, რომელიც აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს, ყოველთვის და ყველგან გარდაუვლად უბიძგებს მას აგრესიული ქმედებებისკენ. ეს თითქოს წაახალისებს აგრესიულ ქმედებებს და ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეცდომას უშვებენ. ჩვენ მათ მუდმივად ვეუბნებით ამას.”

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი ირაკლი მჭედლიშვილი თვლის, რომ პუტინის სიტყვები, როგორც მსგავსი შინაარსის სხვა არაერთი განცხადება, გათვლილია შიდა აუდიტორიაზე, რათა საქართველოსგან მტრის ხატი შექმნას. ექსპერტი ვარაუდობს, რომ კრემლი ამით იმზადებს საფუძველს საქართველოსთან შესაძლო დაპირისპირების, ვითარების გამწვავების შემთხვევისთვის.

რაც შეეხება საერთო შთაბეჭდილებას, პუტინის მიერ 22 თებერვალს დასმული აქცენტების მიღმა ანალიტიკოსები ხედავენ გაღიზიანებას, რომელიც კრემლში გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებმა.

ირაკლი მჭედლიშვილის თქმით, ეს პერსპექტივები არ არის დაკავშირებული კონკრეტულ გარეშე ფაქტორებზე, რადგანაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა უკვე წლებია თანმიმდევრულად მიმდინარეობს. თუმცა ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების გახმაურება წარმოადგენს მოსკოვისკენ მიმართულ მტკიცე პოლიტიკურ მესიჯს, რაც ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკის გარკვეულ მარცხზეც მიანიშნებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG