Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინელი დისიდენტის "მახინჯი ჩვილები"


ლიუ შას გამოფენა ნიუ-იორკში
ლიუ შას გამოფენა ნიუ-იორკში
ჩინელმა მწერალმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა და უფლებადამცველმა ლიუ შიაბომ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი 2010 წელს, როცა მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს. მაგრამ ბოლოხანს ბევრი აღარაფერი ისმის მისი და მისი მეუღლის, პოეტისა და ასევე უფლებადამცველის, ლიუ შას შესახებ. მიზეზი ის არის, რომ ლიუ შიაბო 11-წლიან პატიმრობას იხდის ჩინეთში „ძირგამომთხრელ საქმიანობაში“ ბრალდების საფუძველზე. შესაბამისად, დიდ ყურადღებას იპყრობს ამჟამად ნიუ-იორკში მიმდინარე გამოფენა, რომელზეც შეკრებილია ცნობილი უფლებადამცველის მეუღლის ფოტონამუშევრები. ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა, კორტნი ბრუკსმა მოგვაწოდა რეპორტაჟი გამოფენის შესახებ.

ორი წლის წინ ჩინელ პოეტსა და უფლებადამცველს, ლიუ შას პეკინში, შინ ესტუმრა ფრანგი მწერალი გი სორმანი. ლიუ შას და მისი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მეუღლის ბინა ძალიან პატარაა და შეცდომით შევედი სააბაზანოშიო, იხსენებს გი სორმანი, რომელმაც ასე, შემთხვევით აღმოაჩინა ლიუ შას ფოტონამუშევრები: თოჯინების დიდი, შავ-თეთრი სურათები სააბაზანოში.
ლიუ შამ ერთგვარი უხერხულობა იგრძნო, რადგან მეგობრების ძალიან ვიწრო წრის გარდა ჩინეთში არავის ჰქონდა ნანახი ეს ფოტოსურათები. მითხრა - ეს ნამუშევრები მარტო ჩემთვის არის, არ უნდა გამოიფინოსო...
გი სორმანი

სორმანი, როგორც ის იხსენებს, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დარჩა: „ლიუ შამ ერთგვარი უხერხულობა იგრძნო, რადგან მეგობრების ძალიან ვიწრო წრის გარდა ჩინეთში არავის ჰქონდა ნანახი ეს ფოტოსურათები. მითხრა - ეს ნამუშევრები მარტო ჩემთვის არის, არ უნდა გამოიფინოსო. მაგრამ ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფოტოსურათებმა, რომ ლიუ შას ვუთხარი - სურათები აუცილებლად საჯაროდ უნდა გამოიფინოს-მეთქი“.

სურათები მართლაც გამოიფინა. სორმანის განმარტებით, ისინი მეტაფორულად ასახავს ჩინელი უფლებადამცველების და, ზოგადად, ჩინელი ხალხის მძიმე ყოფას.

ექსპოზიცია სახელწოდებით „ლიუ შას მდუმარე ძალა“ მოიცავს 26 სურათს, რომლებსაც ავტორი „მახინჯ ჩვილებს“ უწოდებს. თუმცა, ლიუ შას ასობით ასეთი სურათი აქვს გადაღებული 1995-2005 წლებში - ანუ, პერიოდში, როცა მას და მის მეუღლეს რამდენჯერმე მოუწიათ შინაპატიმრობის მოხდა. ავტორი იყენებდა გასული საუკუნის 70-ან წლებში საბჭოთა კავშირში დამზადებულ ფოტოაპარატს, ფირებს საკუთარი ბინის პაწაწინა სამზარეულოში ამჟღავნებდა.

„თითქმის ყველა ეს ფოტო გადაღებულია ძველი აპარატით, განათების გარეშე, მათს ბინაში“, - აღნიშნავს ფრანგი მწერალი და დასძენს -„ლიუ შა ახერხებს, ასეთი დრამატული ისტორიები და მეტაფორები შექმნას შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობებით. ჩემი აზრით, ეს წინააღმდეგობრიობაა ის, რაც მართლაც შთამბეჭდავს ხდის ფოტოსურათებს“.

სორმანი ამბობს, რომ ლიუ შამ მას 2010 წელს გადასცა 30 ფოტოსურათი საზღვარგარეთ გამოფენის უფლებით. ჩინეთში მათი საჯაროდ ჩვენება დღემდე შეუძლებელია. ნამუშევრების ავტორი, ლიუ შა შინა პატიმრობაში იმყოფება, მისი მეუღლე, როგორც უკვე ითქვა, ციხეში.
სორმანის შეფასებით, „მახინჯი ჩვილების“ ფოტოსურათები გვაწვდის მკაფიო მესიჯებს ამ ორი უფლებადამცველისაგან: „როცა ხედავ ფოტოსურათს, რომელიც ლიუ შამ გადაიღო და რომელზეც გამოსახულია ლიუ შიაბო მხარზე თოჯინით და თოჯინა ტირის - ეს, ცხადია, არის ჩინელი ხალხი ლიუ შიაბოს მხრებზე. როცა ხედავ თოჯინას, რომელიც თასმებით არის გაკოჭილი და წიგნებს შორის დევს, ეს არის ლიუ შიაბო შინაპატიმრობაში, წიგნებით გარშემორტყმული.“

თუმცა, ფრანგი მწერალი გამოფენის დამაიმედებელ მხარესაც ხედავს - მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მმართველი რეჟიმი მკაცრ რეპრესიებს მიმართავს დამოუკიდებლად მოაზროვნე ხელოვანთა წინააღმდეგ, ლიუ შა და მისი ბევრი კოლეგა ბედავენ საკუთარი შეხედულებების, საკუთარი იდეების გამოხატვას. „როცა ჩინეთში ხარ, ნათლად ხედავ, როგორ იბადება სამოქალაქო საზოგადოება. ხალხი თავის აზრს გამოხატავს და აღმოაჩენ, რომ არსებობს ხელოვანთა უზარმაზარი იატაკქვეშა ქსელი და ლიუ შა არის კულტურული რენესანსის შემადგენელი ნაწილი“, ამბობს გი სორმანი.

გამოფენა „ლიუ შას მდუმარე ძალა“ ნიუ-იორკის შემდეგ ევროპაში, მადრიდში გადაინაცვლებს.
XS
SM
MD
LG