Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჯალაღანია: საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მოსახლეობა კრემლის პოლიტიკისგან გამიჯნული ჰყავს


საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთთან უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად დაწესების შესახებ, გაგრძელებაა მიდგომისა, რომელიც ყველა მეზობელთან კეთილგანწყობილ ურთიერთობას გულისხმობს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. მისი თქმით, მიუხედავად რუსეთის აგრესიისა და ამ ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა, ხელისუფლებას რუსეთის მოსახლეობა კრემლის პოლიტიკისგან გამიჯნული ჰყავს. ჯალაღანიას განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლა არსებობდა და სავიზო რეჟიმის დაწესება თბილისის ინიციატივა არ ყოფილა. საგარეო საქმეთა სამინისტროში იმედი აქვთ, რომ საქართველოს კეთილ ნებას, რომლის აღსრულებას შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა და მომზადება სჭირდება, რუსეთის მოსახლეობა სათანადოდ აღიქვამს. რუსეთთან უვიზო მიმოსვლის ცალმხრივად დაწესების ინიციატივა პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამშაბათს გამოთქვა, პარლამენტში გამოსვლისას. ამ ინიციატივის განსახილველად უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის გამართვა მოითხოვა დღეს ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ. პარლამენტში ამ პარტიის წარმომადგენლის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, რატომ მიაჩნია გამართლებულად რუსეთთან უვიზო მიმოსვლის დაწესება და რატომ უღებს კარს რუსულ ინვესტიციას.
XS
SM
MD
LG