Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი საქართველოს ძველებურად უყურებს


რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მხოლოდ იმედოვნებს, თუმცა რეალისტურად კვლავაც ძველი შეფასებებით, მიდგომებითა და გეგმებით ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ არაფერი აქვს სალაპარაკო საქართველოს პრეზიდენტთან, რომელმაც მას თავის დროზე ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა ჩაუშალა. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ იმას, რაც 2004 წელს სურდა ვლადიმირ პუტინს, საერთო არაფერი აქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ჯანსაღ ბრძოლასთან.

მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც სიყვარულს ეფიცება, პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებული ვლადიმირ პუტინი არ აპირებს, რომ ქართველი ხალხისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს და ამაზე მან პრაქტიკულად პირდაპირ მიანიშნა 7 მარტს, მოსკოვში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გარკვეულ გაუმჯობესებას კი, საუბრის საერთო კონტექსტიდან გამომდინარე, ის მხოლოდ მას შემდეგ ვარაუდობს, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება.

ანალიტიკოსების შთაბეჭდილებით, პუტინს ახალი არაფერი უთქვამს და არც ის არის გასაკვირი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან სამომავლო ურთიერთობებზე ის წინასწარვე აცხადებს უარს, მაგრამ ძნელი დასაზუსტებელია, თუ რატომ გაიხსენა რუსეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა 2004 წელს ჩაშლილი გეგმა აჭარაში შესაქმნელ ანტიტერორისტულ ცენტრთან დაკავშირებით:

”შევთანხმდით, რომ იქ ჩვენი ბაზის ნაცვლად შევქმნიდით ანტიტერორისტულ ცენტრს... და როდესაც მიხეილ ნიკოლოზის ძეს შევთავაზე შეთანხმების ხელმოწერა ასეთი ცენტრის შექმნის თაობაზე, მან მითხრა - ხელმოსაწერი არაფერია, თუ ჩვენ შესრულება არ გვინდა, შეთანხმებასაც მოვისვრითო. აი, გამარჯობა შენი.”
რუსეთის ამოცანა, როგორც ეს ნათლად გამოჩნდა, იყო ის, რომ სამხედრო ბაზები უბრალოდ ჩაენაცვლებინა ანტიტერორისტული ცენტრით ...
თენგიზ ფხალაძე

შეკითხვას, მოატყუა თუ არა იმხანად საქართველომ რუსეთი, უარყოფითად პასუხობს სამხედრო ანალიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი თავდგირიძე. მისი თქმით, რუსეთის ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის პროცესში წამოჭრილი ეს საკითხი საქართველოს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებდა:

”რუსეთს ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ის გაიყვანდა თავის სამხედრო ბაზებს, ნაწილი უკვე გაყვანილიც ჰყავდა და ეს პროცესი, უბრალოდ, დასასრულებელი იყო. აქედან გამომდინარე, საქართველოს დამატებითი პირობები არც უნდა შეეთავაზებინა და პრინციპში არც იყო შეთავაზებული. საბოლოო ჯამში, ეს ქართული მხარის პრეროგატივა იყო - რამდენად დათანხმდებოდა.”

თუკი მოტყუებაზე მიდგა საქმე ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის იდეასთან დაკავშირებით, უფრო რუსეთმა მოინდომა საქართველოს მოტყუება, - დაახლოებით ასეთია გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ფხალაძის შეფასება. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევის - ტერორიზმის - წინააღმდეგ ბრძოლის საფარქვეშ, რუსეთი ზეგავლენისა და წნეხის ახალი ბერკეტების შექმნას ცდილობდა:

რუსეთის სამხედრო ბაზა ცხინვალში
რუსეთის სამხედრო ბაზა ცხინვალში
”რუსეთის ამოცანა, როგორც ეს ნათლად გამოჩნდა, იყო ის, რომ სამხედრო ბაზები უბრალოდ ჩაენაცვლებინა ანტიტერორისტული ცენტრით. აქ მხოლოდ სახელწოდების შეცვლაზე კი არ იყო ლაპარაკი, არამედ საუბარი იყო პრაქტიკულად იმაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცემოდათ საქართველოში. ბუნებრივია, ამაზე არც ერთი სახელმწიფო არ დათანხმდება. სულ სხვა არის ტერორიზმთან ბრძოლა და სულ სხვა არის ასეთი სტრუქტურების შექმნა, რომლებსაც რუსეთი მერე გამოიყენებს საკუთარ, ფაქტობრივად, ოფიციალურ რეზიდენტურას.”

ჩაშლილი გეგმა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი მისტირის, იმთავითვე საკმაოდ სახიფათოდ მიიჩნეოდა საქართველოს უსაფრთხოებისთვის. თუმცა, როგორც უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ბესიკ ალადაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, რუსეთი მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისი ”სადაზვერვო-დივერსიული ცენტრის” შექმნას ცდილობდა, რომლის სამოქმედო არეალიც, საქართველოს გარდა, სამხრეთ კავკასიის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა.

ვოცნებობ ქვეყანაზე, რომელიც არ დაემუქრება და არ დაამცირებს სხვებს, რათა დაამტკიცოს თავისი სახელმწიფოს ილუზიური სიდიადე ...
მიხეილ სააკაშვილი
7 მარტს, როცა ვლადიმირ პუტინი რუსეთ-საქართველოს ბუნდოვან ურთიერთობებზე მოსკოვში ელაპარაკებოდა ჟურნალისტებს, საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანელი პარლამენტარების წინაშე გამოდიოდა სიტყვით და მწვავედ აკრიტიკებდა პუტინის რუსეთის პოლიტიკას. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებით, საქართველომ რუსეთის ათობით მილიონი მოქალაქე გულწრფელად დაპატიჟა საქართველოში როგორც სტუმრები და არა როგორც ოკუპანტები, და იქვე დასძინა : „მათ, ვინც ამ გაწვდილ ხელს უარყოფს, მათ, ვისაც სურს მენტალური და ფიზიკური კედლების აშენება, მათ, ვისაც კვლავაც მიაჩნია ევროკავშირისა და ნატოს გაფართოება საფრთხედ, მინდა ვუთხრა, რომ ცივი ომი 1991 წლის დეკემბრის ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა.“

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ევრაზიული კავშირის შექმნის იდეის ხორცშესხმის მცდელობით მოსკოვი საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ მიისწრაფვის, რაც რუსეთის ფედერაციის მეზობლებისთვის ”თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასასრულს" ნიშნავს. პრეზიდენტი სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა უსაფრთხოებაზე ერთად უნდა იზრუნონ, თორემ „ჩვენ სათითაოდ მოგვისვრიან კლდიდან ისტორიის უფსკრულში და ყველა ჩვენი ოცნება ჩაიშლება.“

მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა აზერბაიჯანის პარლამენტში
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა აზერბაიჯანის პარლამენტში
მიხეილ სააკაშვილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მას არ სურს ”სუსტი რუსეთის ხილვა” და რომ შორს არის ”ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობისგან”, თუმცა ის სულ სხვაგვარ რუსეთს მიესალმება:

„სინამდვილეში, მე ვოცნებობ ამაყ და სტაბილურ რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და სავალი გზის მართებულობაში. ვოცნებობ ქვეყანაზე, რომელიც არ დაემუქრება და არ დაამცირებს სხვებს, რათა დაამტკიცოს თავისი სახელმწიფოს ილუზიური სიდიადე... რომელიც უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეების ღირსეულ ცხოვრებას და არ შეეცდება, რომ ისინი პურის ნაცვლად ნოსტალგიით გამოკვებოს.”

მიხეილ სააკაშვილმა 7 მარტს თქვა, რომ საქართველო ”მშვიდობისა და თანამშრომლობის საერთო სივრცის“ აშენებას ერთ დღეს აუცილებლად შეძლებს ”რუს პატრიოტებთან” ერთად და რომ საქართველოს მიერ არჩეული უცვლელი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას არ უნდა ნიშნავდეს.

საქართველოს პრეზიდენტის მწვავე გამოსვლას რუსეთის მისამართით სიფრთხილით გამორჩეული ქვეყნის პარლამენტში ანალიტიკოსების სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა. თუკი ერთნი აზერბაიჯანის პარლამენტის მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებაზე ლაპარაკობენ, მეორენი თვლიან, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა არაერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, კრემლი მსგავს სახიფათო პრობლემებს უქმნის და რომ ამ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი აუცილებელია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG