Accessibility links

ახალი ამბები

აშშ-ის და ყირგიზეთის წარმომადგენლებმა მანასის ბაზის მომავალზე იმსჯელეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლიონ პანეტამ შეხვედრები გამართა ყირგიზეთის ლიდერებთან იმის ხაზგასასმელად, რომ აშშ ყირგიზეთის მანასის სამხედრო ბაზის გამოყენებას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს. როგორც ყირგიზეთში ჩასული აშშ-ის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა ჟურნალისტებს უთხრა, აშშ იმედოვნებს, რომ გაჩნდება შესაძლებლობა მანასის საჰაერო ბაზის გრძელვადიანი პერსპექტივით დაქირავებისთვის. მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2014 წელს ეწურება. როგორც იუწყებიან, ყირგიზეთის თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ბუსურმანკილ ტაბალდიევმა, პანეტას უთხრა, რომ ბიშკეკი მზად არის მანასის სატრანზიტო ცენტრი არასამხედრო მიზნებისთვის იყოს გამოყენებული - თუმცა 2014 წლის შემდეგ იქ „სამხედრო მისია აღარ უნდა მოქმედებდეს“. პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევს ნათქვამი აქვს, რომ ამ ბაზის არსებობა ყირგიზეთს მოწყვლადს ხდის რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის გამო გადადგმული სამაგიერო ნაბიჯების მიმართ.

ყველა ახალი ამბავი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შვედმა წევრმა გააკრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნების შუა კვირაში ჩატარება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შვედმა წევრმა, ბორიანა აბერგმა უარყოფითად შეაფასა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში ჩატარება.

მან საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ კენჭისყრის შუა კვირაში ჩატარება არ შედის ყველა ამომრჩევლის ინტერესებში და აჩენს ეჭვს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

აბერგმა გამოთქვა ასევე შეფასება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აშკარად იყო მიკერძოებული ოპოზიციის წინააღმდეგ და არ უმოქმედია მიუკერძოებლობის საერთაშორისო სტანდარტებით. მისივე აზრით, მიკერძოება ეტყობოდათ კერძო მედიასაშუალებებსაც.

ანდრეი ჰუნკო: საქართველოში არჩევნებზე უპირატესობით სარგებლობდა ერთი მხარე

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის, გერმანიის წარმომადგენელ ანდრეი ჰუნკოს შეფასებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე, 28 ნოემბრის ტურის წინ ერთი მხარე სარგებლობდა უპირატესობით და კამპანიის „ნეგატიური ხასიათი“ ძირს უთხრიდან პროცესს.

ეს შეფასებები ჰუნკომ, რომელიც არის მომხსენებელი საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ, გამოთქვა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. 21 იანვარს გაიხსნა საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია.

ჰუნკომ დამსწრეებს შეახსენა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში აკვირდებოდა ყველა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს 1995 წლის შემდეგ.

ნაზი ჯანეზაშვილი 10 მოსამართლის განცხადებაზე: „ვითომ თვითონ ამბობენ უარს“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დაგვიანებულს უწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამეტისადმი მიმართვას, არ განიხილოს მათი კანდიდატურები. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ათიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ისედაც განაცხადა, რომ მოსამართლეების კანდიდატურები პარლამენტის კენჭისყრაზე არ გავიდოდა.

„ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებამდე რომ გაეკეთებინათ, როდესაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა იყო, უფრო ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა, ახლა კი უშედეგოა. ისინი დარწმუნდნენ, რომ მათი საკითხი ისედაც არ განიხილება და ვითომ თვითონ გადიან თამაშიდან, ვითომ თვითონ ამბობენ უარს“.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების ერთობლივი განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ისინი კლანს წარმოადგენენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა საქართველოს პარლამენტს მიმართეს, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას. თუმცა, მოსამართლეები არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტს მიმართავენ, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

სულხან სალაძე: ჩვენი პროტესტი არ ეხება მხოლოდ ამ სიას, ჩვენი მოთხოვნები გაცილებით ფართოა

სულხან სალაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი სულხან სალაძე საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად მიიჩნევს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას. თუმცა სვამს კითხვას - რატომ არ შეჩერდა კანდიდატების განხილვის პროცესი დეკემბერში?

"ვფიქრობ, ეს შეიძლება, ერთი მხრივ, მიმართული იყოს პროტესტის მუხტის შესამცირებლად, რომ შემდეგში მათ თქვან - აი, მეტი რა გინდათ, ხომ ვთქვით უარი ამის განხილვაზე, სანამ ეს წესები არ დადგინდება? მეორე მხრივ კი, ისინი ცდილობენ, მორალური უპირატესობა მოიპოვონ და წარმოაჩინონ საკუთარი თავი ადამიანებად, რომლებიც საზოგადოების პროტესტს ითვალისწინებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროტესტი არ ეხება მხოლოდ ამ სიას, ჩვენი მოთხოვნები გაცილებით ფართოა. ვითხოვთ კრიტერიუმების დადგენას, საბჭოს შემადგენლობის განახლებას და ასევე, კონკრეტული წესების შემოტანას არჩევის პროცესში", - ამბობს საიას ხელმძღვანელი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ეკა გიგაური: მოსამართლეობის კანდიდატების განცხადება საზოგადოების პროტესტის შედეგია

ეკა გიგაური იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ის ამგვარ შეფასებას აძლევს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართვას, რომ პარლამენტისადმი აღარ განიხილოს მათი კანდიდატურები.

„ეს განცხადება არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანისთვის და ამ სიის მხარდამჭერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, რომ თავად დაწერონ განცხადებები და თავისი ინიციატივით დატოვონ სისტემა. მათ უნდა მისცენ საშუალება სასამართლოში კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, ემსახურონ მართლმსაჯულებას. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, სანამ მურუსიძისნაირი მოსამართლეები არ მოსცილდებიან ჩვენ სასამართლოს“, - აღნიშნა გიგაურმა.

სოფო ვერძეული: მოსამართლეების სიის პარლამენტში განხილვის მოლოდინი არც გვქონია

სოფო ვერძეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ვერძეული ეხმიანება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართვას პარლამენტისადმი.

„არც გვქონდა მოლოდინი, რომ ამ სიას არსებული ფორმით პარლამენტი განიხილავდა, იმ შეხვედრის გათვალისწინებით, რაც ბოლოს შედგა პარლამენტის თავმჯდომარესა და საბჭოს მდივანს შორის. შედეგობრივად, ეს ბევრს არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა, ის გარკვეულწილად პროტესტისა და ბოლო დღეების მოვლენების შედეგია, რომელიც დაინახა სასამართლომ. თუმცა, ვფიქრობ ამის უკან დგას მათი სურვილი და მცდელობა, რომ ამ პროცესებში გარკვეული ტაქტიკური თუ სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვონ და თავისი გადაწყვეტილებით აჩვენონ საზოგადოებას რომ აი, გადადგეს ეს ნაბიჯი, რაც მათი მხრიდან იყო მაქსიმუმი“, განუცხადა სოფო ვერძეულმა რადიო თავისუფლებას.

დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტს მიმართეს, რომ არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას.

ქართველი მეზღვაური ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ლიბიაში დაკარგული მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს ზღვაში, აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. უწყების ცნობით, ცხედარი საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე იპოვეს და პირველადი დათვალიერებით მას დაკარგული მეზღვაურის დავით რაზმაძის ნიშნები აღენიშნება. ამ დროისთვის ექსპერტიზა მიმდინარეობს დასაზუსტებლად და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

ლიბიაში გაუჩინარებული მეზღვაურის, 23 წლის დავით რაზმაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ბოლოს ესაუბრნენ 6 იანვარს და დათამ აცნობათ, რომ ლიბიაში იმყოფება თურქული კომპანიის გემზე. დავით რაზმაძის ბიცოლამ ნინო ლაბაძემ, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დავით რაზმაძე 7 იანვარს დაიკარგა, მაგრამ თურქულმა კომპანიამ ოჯახს წერილობით შეატყობინა მხოლოდ 14 იანვარს გაუგზავნა. „ლიბიის პოლიციასთან ერთად ვეძებთო. შემატყობინეს, რომ 7 იანვარს 12 საათზე ჩავიდა ვახტზეო, ხოლო 16 საათზე როცა მისი შემცვლელი მივიდა დათა იქ აღარ იყოო. ეს არის ჩვენთვის ცნობილი და კიდევ ის, რომ მისი ტელეფონი, სიგარეტი და პირადი ნივთები გემზეა. გემიდან მისი ჩასვლა არ ფიქსირდება, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩავიდა და ლიბიის პოლიციას ჰყავს აყვანილი“, - ამბობს ნინო ლაბაძე. დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშით მცურავი თურქული გემის, „Mv Dogan Bey“-ს ეკიპაჟის წევრია.

ნინო ლაბაძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ დავით რაზმაძე გორის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობდა, როცა ბათუმში გადაიყვანეს, საზღვაო აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარა და მას შემდეგ შორეულ ნაოსნობაში არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კომპანიის გემებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით რაზმაძის გაუჩინარების გამო ვითარების გასარკვევად მუშაობენ საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს და გენერალური საკონსულო სტამბოლში. სამინისტროს ცნობითვე, ლიბიაში დეტალებს არკვევს გემის მფლობელი თურქული კომპანიის ადვოკატიც.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს არაერთი ქართული და უცხოური მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ფოტო, რომელზეც დავით რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე დასტირის გორის დაბომბვისას დაღუპულ ძმას. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს გარდაიცვალა.

ნავალნი: დერიპასკა იყო „ნასტია რიბკას“ სამართლებრივი დევნის ინიციატორი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ირწმუნება, რომ მულტიმილიარდერი მეწარმე ოლეგ დერიპასკა იყო ესკორტ-სააგენტოს თანამშრომლის, ანასტასია ვაშუკევიჩის სისხლისსამართლებრივი დევნის ინიციატორი.

ვაშუკევიჩს, რომელიც ბელორუსიის მოქალაქეა და ცნობილია ფსევდონიმით ნასტია რიბკა, გამოქვეყნებული აქვს დერიპასკას იახტაზე გადაღებული ვიდეო და ფოტოები და გავრცელებული აქვს ინფორმაცია რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერთან, სერგეი პრიხოდკოსთან, დერიპასკას მოლაპარაკების შესახებ.

რიბკა და კიდევ რამდენიმე ადამიანი შარშან თებერვალში დააკავეს ტაილანდში, სადაც მან თითქმის ერთი წელი დაჰყო ციხეში. მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს, რასაც ტაილანდიდან დეპორტაცია მოჰყვა.მოსკოვში ჩასული ნასტია რიბკა დაკავებულ იქნა, მას წაუყენეს პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდება. მოსამართლე სამშაბათს მიიღებს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. ნასტია რიბკა ბრალდებებს უარყოფს.

ნავალნიმ ორშაბათს გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც, მისი მტკიცებით, ადასტურებს დერიპასკას კავშირს რიბკას სისიხლისსამართლებრივ დევნასთან. ნავალნის თქმით, მის განკარგულებაში აღმოჩნდა ჩანაწერები, როგორ საუბრობენ დერიპასკა და მასთან დაახლოებული პირები ნასტია რიბკას ბედზე. ჩანაწერები ინტერნეტშია გამოქვეყნებული.

დერიპასკა და მისი წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან ნავალნის განცხადებას.

რთე/რთ-მ განაახლა მუშაობა ბულგარეთის აუდიტორიისათვის

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ (რთე/რთ) განაახლა მუშაობა ბულგარეთის აუდიტორიისათვის: მედიაკორპორაციამ გახსნა ახალი ვებსაიტი ბულგარულ ენაზე.

ბულგარულენოვანი რადიომაუწყებლობა, რომელიც რადიო თავისუფალმა ევროპამ 1950 წელს დაიწყო, შეჩერდა 2004-ში ესტონურ, ლატვიურ, ლიტვურ, სლოვაკურ და რუმინულ ენებზე მაუწყებლობასთან ერთად. მაშინ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყნებში უკვე დამკვიდრდა დემოკრატიის პრინციპები, ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფლება და აღარ არსებობდა გარედან მაუწყებლობის საჭიროება.

რაც შეეხება ბულგარული სამსახურის მუშაობის განახლებას, ის დასაბუთებულია ბულგარეთში „საზოგადოებრივ-პოლიტიკური დემოკრატიული გარდაქმნების“ სირთულით.

„სვობოდნა ევროპა“ მუშაობას იწყებს დიგიტალური პლატფორმის სახით. ჟურნალისტები მომხმარებელს სთავაზობენ ახალ ამბებსა და ანალიტიკურ მასალებს ბულგარეთსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, ატარებენ ჟურნალისტურ გამოძიებებს, ამზადებენ აუდიო- და ვიდეოსიუჟეტებს.

იანვარში ამუშავდა რთე/რთ-ის კიდევ ერთი საინტერნეტო პროექტი: ის განკუთვნილია რუმინეთის აუდიტორიისათვის.

მოსამართლეები მიმართავენ პარლამენტს, აღარ განიხილონ მათი კანდიდატურები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას. თუმცა, მოსამართლეები არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, პარლამენტს მიმართავენ, არ მისცეს მსვლელობა განხილვას.

მოსამართლეთა განცხადებაში ვკითხულობთ:

„საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარედგინა ჩვენი კანდიდატურები.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით (ადრე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტიც იმავე წესით ახდენდა მოსამართლეების წარდგენას მრავალი წლის განმავლობაში) და კანონმდებლობის სრული დაცვით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა 10 კანდიდატი, რომელთაგან უმრავლესობა სასამართლო სისტემაში უვადო მოსამართლედ არის გამწესებული.

აღნიშნულ საკითხს შედეგად მოჰყვა არაჯანსაღი აჟიოტაჟი, მათ შორის საქართველოს პარლამენტში და გამოითქვა მოსაზრებები იმის შესახებ, რომ უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები და ამის შემდეგ ახლებური წესით უნდა მოხდეს კანდიდატების ნომინირება. სამწუხაროდ, ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წარდგენილი კანდიდატების მიმართ არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, რაც მოგვიანებით ხელოვნურად გადაიზარდა სასამართლო ხელისუფლებაზე უპრეცედენტო ზეწოლის კამპანიაში, სადაც უკვე პირდაპირ გაისმის მოწოდებები რეპრესიული გზით დაიშალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემიდან განდევნილ იქნენ მიუღებელი, მათ შორის, ამ სიაში მყოფი მოსამართლეები. ყოველივე ეს კი პირდაპირ ზიანს აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას და უხეშად ხელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცალსახად იმოქმედა თავისი მანდატის ფარგლებში და ზედმიწევნით იხელმძღვანელა ამჟამად არსებული კანონმდებლობით, ჩვენ არ გვსურს გარკვეულ პირებს მიეცეთ საშუალება, ეს ვითარება გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის და ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟით, კიდევ უფრო დააზიანონ მიმდინარე პროცესი და ამით ჩრდილი მიაყენონ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს.

ამავე დროს, მხედველობაში ვიღებთ იმასაც, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობას და ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს - არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა ჩვენი კანდიდატურების განხილვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

სასამართლო სისტემაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების გამო, დღეს სამოქალაქო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილის საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა ხელს მოაწერეს მანიფესტს, მართლმსაჯულების გადასარჩენად.

აქციის ორგანიზატორები მოთხოვნაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გადადგომა, რომლებმაც ხმა მისცეს და კენჭი უყარეს მოსამართლეთა იმ სიას, რომელიც პარლამენტმა უვადოდ უნდა დანიშნოს, ასევე უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესის შეჩერება სანამ საბჭოს შემადგენლობა არ შეიცვლება და ის წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს კანდიდატებს არ დატოვებენ თანამდებობებს.

ევროკავშირის მინისტერიალზე მხარი დაუჭირეს სკრიპალებთან დაკავშირებულ სანქციებს

სერგეი და იულია სკრიპალები,რომლებიც 2018 წლის მარტში მოწამლეს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სირიისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც უკავშირდება ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებას.

21 იანვარს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრები მიემხრნენ ანგარირების გაყინვასა და ვიზაზე უარს რუსეთის ოთხი და სირიის ხუთი მოქალაქისათვის, აგრეთვე სირიის ერთი კომპანიისათვის. სანქცირებულთა ვინაობა მოგვიანებით გამოქვეყნდება.

სანქციების მიზეზია ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება სირიის სამოქალაქო ომში და ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი აგენტისა და მისი ქალიშვილის, სერგეი და იულია სკრიპალის მოწამვლა ნერვული გაზით, „ნოვიჩოკით“.

ევროკავშირის ელჩებმა 16 იანვარს დაამტკიცეს დამსჯელი ზომები. სანქცირებულებს შორის არის რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ოთხი თანამშრომელი, რომელიც, ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, მონაწილეობდა სკრიპალებზე თავდასხმაში.

გარდაიცვალა ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე უნგრეთის დედაქალაქში ბუდაპეშტში გარდაიცვალა.

ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში: „იმედში“, „მაესტროში“, „იბერიასა“ და „ტვ პირველში“.

ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო „ტვ პირველის“ 5 -საათიანი საინფორმაციო გამოშვება სპეციალური ფორმატით გავა.

რადიო თავისუფლება მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრებს და კოლეგებს.

ლიეტუვა საქართველოს უდასტურებს მტკიცე მხარდაჭერას

მამუკა ბახტაძე და დალია გრიბაუსკაიტე

ლიეტუვა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა ვილნიუსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში.

საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმაც. მან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლიეტუვა მომავალშიც განაგრძობს მხარდაჭერას საქართველოს არჩევანისა, შექმნას ღია, დემოკრატიულ და სამართლებრივ საფუძველზე დამყარებული აყვავებული სახელმწიფო. საულიუს სკვერნელისმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელებას და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ლიდერობის შენარჩუნებას.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მთავარ პრიორიტეტად ასახელებს „აღმოსავლეთის პარტნიორობას“

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თეოდორ მელესკანუ ქვეყნისათვის მთავარ პრიორიტეტს უწოდებს „აღმოსავლეთის პარტნიორობას“. ამჟამად რუმინეთია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა.

ბრიუსელში ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე, მელესკანუმ აღნიშნა, რომ წელს შესრულდება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შექმნის მე-10 წლისთავი და მაისში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც იმსჯელებენ გაწეულ სამუშაოზე, იმსჯელებენ აგრეთვე პროგრამის მომავალზე.

„უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენი პარტნიორები არიან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი საგარეო პოლიტიკაში და ევროპის უსაფრთხოების საქმეში. ვცდილობთ, გვქონდეს კონკრეტული წინადადებები“, განაცხადა მელესკანუმ.

მან აღნიშნა აგრეთვე, რომ სამომავლო გეგმის მომზადებისას იქნება განსხვავებული მიდგომა იმ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გააფორმეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები, ანუ მოლდავეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან. გვსურს „პერსპექტივა შევთავაზოთ“ ამ ქვეყნებსო, განაცხადა რუმინელმა მინისტრმა.

„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ არის ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან, ბელორუსიასთან, მოლდავეთთან, საქართველოსთან, სომხეთთან, უკრაინასთან - თანამშრომლობის ფორმატი. მთავარი მიზანია ევროპელი პარტნიორების მიმართ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ხელშეწყობა და მისი აღმოსავლეთის მიმართულების გაძლიერება.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვნახავთ, შესაძლებელია თუ არა საქართველოსთან „რეალური ინტეგრაცია“

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიდიე რეინდერსი (ცენტრში)

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიდიე რეინდერსის განცხადებით, ევროკავშირი, ისევე როგორც ნატო, განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას და ნახავს, „შესაძლებელია თუ არა საქართველოსთან რეალური ინტეგრაცია ისე, რომ კვლავაც მასთან ერთად" იმუშაონ ევროკავშირმა და ნატომ.

ბელგიელმა მინისტრმა ეს განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას. მან ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას სხვადასხვა სამხედრო მისიაში.

ლიბიაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე დაკავებულია

დავით რაზმაძე

ლიბიაში გაუჩინარებული მეზღვაურის, 23 წლის დავით რაზმაძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ბოლოს ესაუბრნენ 6 იანვარს და დათამ აცნობა, რომ ლიბიაში იმყოფება თურქული კომპანიის გემზე. დავით რაზმაძის ბიცოლამ ნინო ლაბაძემ, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დავით რაზმაძე 7 იანვარს დაიკარგა, მაგრამ თურქულმა კომპანიამ ოჯახს წერილობით შეატყობინა მხოლოდ 14 იანვარს. „ლიბიის პოლიციასთან ერთად ვეძებთო. შემატყობინეს, რომ 7 იანვარს 12 საათზე ჩავიდა ვახტზეო, ხოლო 16 საათზე როცა მისი შემცვლელი მივიდა დათა იქ აღარ იყოო. ეს არის ჩვენთვის ცნობილი და კიდევ ის, რომ მისი ტელეფონი, სიგარეტი და პირადი ნივთები გემზეა. გემიდან მისი ჩასვლა არ ფიქსირდება, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩავიდა და ლიბიის პოლიციას ჰყავს აყვანილი“ - ამბობს ნინო ლაბაძე. დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშით მცურავი თურქული გემის, „Mv Dogan Bey“-ს ეკიპაჟის წევრია.

ნინო ლაბაძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ დავით რაზმაძე გორის საჯარო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობდა, როცა ბათუმში გადაიყვანეს, საზღვაო აკადემიაში სასწავლო კურსი გაიარა და მას შემდეგ შორეულ ნაოსნობაში არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კომპანიის გემებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით რაზმაძის გაუჩინარების გამო ვითარების გასარკვევად მუშაობენ საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს და გენერალური საკონსულო სტამბოლში. სამინისტროს ცნობითვე, ლიბიაში დეტალებს არკვევს გემის მფლობელი თურქული კომპანიის ადვოკატიც.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს არაერთი ქართული და უცხოური მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ფოტო, რომელზეც დავით რაზმაძის მამა, ზაზა რაზმაძე დასტირის გორის დაბომბვისას დაღუპულ ძმას. თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს გარდაიცვალა.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მიიჩნევს „ძალიან სანდო და ერთგულ“ პარტნიორად

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მიროსლავ ლაიჩაკი „ძალიან საინტერესოდ“ მიიჩნევს იმას, თუ როგორ ხედავს საქართველო „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალს. ამის შესახებ ლაიჩაკმა განაცხადა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლაიჩაკმა აღნიშნა, რომ წელს შესრულდება 10 წელი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ამოქმედებიდან. მისი აზრით ამჟამად არ არის კარგი დრო „სამომავლო ხედვებისათვის“, რადგან ევროპა არჩევნებისათვის ემზადება.

„მაგრამ საქართველო ყოველთვის იყო ძალიან სანდო და ერთგული პარტნიორი, რომელიც კონკრეტულ შედეგებს აღწევს და ასე უნდა გავაგრძელოთ“, განაცხადა ლაიჩაკმა.

ლინკევიჩიუსის აზრით, ბრიუსელში ზურაბიშვილის ვიზიტი აჩვენებს, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვანია საქართველოსათვის

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩასვლის შესახებ.

„კარგია, რომ პრეზიდენტი ბრიუსელში ჩამოდის. ეს აჩვენებს, რომ ეს მნიშვნელოვანია საქართველოსათვის და ვიცით, რომ საქართველოს მხარე რეფორმების პროცესშია“, განაცხადა მან ბრიუსელში, სადაც იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. საქართველოს საკითხი არ დგას ოფიციალურ დღის წესრიგში.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ლინკევიჩიუსი შეეხო რთულ ვითარებას სეპარატისტული რეგიონებისა და ბორდერიზაციის პრობლემების გამო.

რუსეთის რეგიონებში მოითხოვენ გაზის დავალიანების ჩეჩნეთის მსგავსად ჩამოწერას

რუსეთის რამდენიმე რეგიონის წარმომადგენელმა დეპუტატებმა პროკურატურას მიმართეს მოთხოვნით, მოსახლეობას ჩამოუწერონ გაზის დავალიანება, როგორც ეს ჩეჩნეთში მოხდა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ასეთი განცხადებებით მიმართეს ორგანოებს ჩუვაშეთში, ბაშკირეთში, კრასნოიარსკში, ასტრახანის, როსტოვის, კურსკის, სვერდლოვსკისა და სმოლენსკის ოლქებში.

მანამდე გროზნოში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანია „გაზპრომ მეჟრეგიონგაზ“-ს დაავალა ჩეჩნეთის მოსახლეობისათვის 9 მილიარდი რუბლის დავალიანების ჩამოწერა.

სასამართლოს მიმართა პროკურატურამ, რომელმაც ჩათვალა, რომ დავალიანების ამოღება არარეალისტური იყო და საზოგადოებაში იწვევდა „სოციალურ დაძაბულობას“, რასაც შესაძლოა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყოლოდა. „გაზპრომი“ აპირებს გროზნოს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

2017 წლის ნოემბრიდან გროზნოში მოსახლეობას გაზმომარაგება უწყდებოდა დავალიანების გამო. დიდია დავალიანება ელექტრომომარაგების სფეროშიც.

ჩეჩნეთის ბიუჯეტის 80%-ს ფედერალური ცენტრიდან დოტაციები შეადგენს. ოპოზიციის ინფორმაციით, ამ შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ხმარდება რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის ფუფუნებაში ცხოვრებას.

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ბედი ჯერჯერობით უცნობია

ტრიპოლი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ფლობს იმის დამადასტურებელ ინფორმაციას, რომ ლიბიაში გაუჩინარებული ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გარდაცვლილია. „შეიძლება ბევრი ვერსია არსებობდეს, მაგრამ ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და საბოლოო ვერსიას არ გამოაქვეყნებს, ამას ვერ დავადასტურებთ. ჩვენ ველოდებით ინფორმაციას ლიბიური მხარისგან“ - უთხრა ჟურნალისტებს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა. მისი ინფორმაციით, ვითარების გასარკვევად მუშაობენ საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, რომელიც ლიბიასაც ფარავს და გენერალური საკონსული სტამბოლში, რადგან გემი, საიდანაც ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა, თურქულ კომპანიას ეკუთვნის. ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ლიბიაში დეტალებს არკვევს თურქული კომპანიის ადვოკატიც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით რაზმაძის ნათესავისგან 15 იანვარს მიიღეს ინფორმაცია, რომ მეზღვაურთან კონტაქტი 7 იანვრის შემდეგ შეწყდა.

დაიწყო გამოძიება მაგნიტოგორსკში ტერორისტული თავდასხმით მუქარასთან დაკავშირებით

2018 წლის 21 იანვარი: მაგნიტოგორსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელშიც 31 დეკემბერს ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში რამდენიმე ორგანიზაციამ ელფოსტით მიიღო ანონიმური წერილები შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

საავადმყოფოები, სკოლები და სავაჭრო ცენტრებია ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც 21 იანვარს ასეთი წერილები მიიღეს. ადგილობრივი ოფიციალური პირები მოსახლეობას მოუწოდებენ, „ნუ წამოეგებიან პროვოკაციას“ პანიკაში ჩავარდნით.

დაწყებულია გამოძიება. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, მოწმდება ინფორმაცია მაგნიტოგორსკის ინსტიტუტებში ბომბების დამონტაჟების შესახებ.

ქალაქში დაძაბული ვითარებაა 31 დეკემბრიდან, როცა აფეთქებამ დაანგრია საცხოვრებელი სახლის ნაწილი და შეიწირა 39 ადამიანის სიცოცხლე. ხელისუფლება აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას მოჰყვა და რომ უსაფუძვლოა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადება ამ აფეთქების მოწყობის შესახებ.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროები დაიღუპნენ

რუსი სამხედროები ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ბაზის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი დაშავდა წებელდის პოლიგონის მახლობლად. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის მიერ დღეს, 21 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 18 იანვარს მოხდა. სამხედრო ოლქის ოფიციალური განცხადების თანახმად, წებელდის მთიანი პოლიგონიდან დისლოკაციის მუდმივი ადგილისკენ მიემართებოდა საბრძოლო ტექნიკის კოლონა, რომლის შემადგენლობაში მყოფი ჯავშანმანქანა ხეობაში გადავარდა. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობითვე, სპეციალური კომისია უბედური შემთხვევვის მიზეზებად განიხილავს ტექნიკურ გაუმართაობას და მძღოლის შეცდომას.

ისრაელი ადასტურებს სირიაში ირანის ჯარებზე ავიაიერიშის მიტანას

2018 წლის 21 იანვარი: სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა დამასკთან

ისრაელმა 21 იანვარს დაადასტურა, რომ იერიში მიიტანა ირანის სამხედრო ობიექტებზე სირიაში. ისრაელის სამხედრო ძალების ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ავიაიერიშები განხორციელდა დამასკის საერთაშორისო აეროპორტთან.

ასევე ამ განცხადებამდე ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვამ ჩამოგდო რაკეტა გოლანის მაღლობებზე. „ვაფრთხილებთ სირიის შეიარაღებულ ძალებს, ნუ შეეცდებიან ავნონ ისრაელის ჯარებს, ან ტერიტორიას“, ნათქვამია ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებაში.

მასში არ არის მოყვანილი ოპერაციის დეტალები. მაგრამ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ორგანიზაცია "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ" გაავრცელა ცნობა, რომ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა დამასკის აეროპორტთან და დედაქალაქის გარშემო. ამ წყაროს თანახმად, იერიშები, როგორც ჩანს, მიმართული იყო ირანის ჯარებისა და ლიბანელი შიიტების გასამხედროებულ ჯგუფ "ჰიზბოლას" იარაღის საცავების წინააღმდეგ.

"სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ინფორმაციით, დაიღუპა 11 ადამიანი.

ოპოზიციური პარტიები ქუთაისის მერს გადადგომისკენ მოუწოდებენ

სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. „ევროპული საქართველოს, „ძალა ერთობაშიას“ და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც, ისინი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებს, მერის შეცვლას სთხოვენ.

"ქართული ოცნების" მავნებლურ პოლიტიკას, რამაც დააკარგვინა ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი, ემატება ის რომ ვერც ერთი დაანონსებული პროექტი ვერ დაიწყო. ერთადერთი -თეთრი ხიდია.თქვენ ხედავთ რა დამართეს ისტორიულ ხიდს.ჩვენი მოთხოვნაა ეს ადამიანი სასწრაფოდ ჩამოაშორდეს ქუთაისის მმართველობას", - განაცხადა მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის სამსონ გუგავას თქმით, ყველა განხორციელებულ პროექტს ხარვეზები აქვს.

"ქალაქში განხორციელებული ყველა პროექტი არის ნაკლოვანი, ქუთაისს სჭირდება ნორმალური, ქმედითი და არა კომიკური ხელისუფლება".

„ევროპული საქართველოს“ წევრი დავით გოგისვანიძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ჩამოაშოროს არსებული გუნდი მმართველობას.

„ქუთაისში ყვავის კორუფცია, უპასუხისმგებლობა და ნეპოტიზმი. ჭიღვარიამ უნდა დაწეროს განცხადება და ქუთაისის მოსახლეობას მისცეს საშუალება აირჩიოს ღირსეული მერი. არც ერთი გუნდის დროს ქალაქი ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ ყოფილა. ჩვენ მივმართეთ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისს, ჩამოაშორონ ეს გუნდი მმართველობას. „ოცნებისათვის“ ახალი არჩევნების ჩატარება რისკია, თუმცა რისკია ამ გუნდის ქალაქის ხელისუფლებაში დატოვებაც,“ - აღნიშნავს დავით გოგისვანიძე.

ოპოზიციის მოთხოვნას მერის გადადგომის შესახებ გამოეხმაურა თავად გიორგი ჭიღვარია, რომლის თქმითაც, ის არჩეული მერია და თავის გუნდთან ერთად ამომრჩევლის დაკვეთას ასრულებს.

„ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი წარმატებებული ქალაქი, ისინი ხედავენ ამას და მათ არ აწყობთ ეს, რადგან მათ არ სტკივათ ჩვენი ქალაქი. 2018 წელს 141 ობიექტი დავასრულეთ და გვაქვს სერიოზული გეგმები 2019 წელს,“- განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, გიორგიჭიღვარიას იმპიჩმენტის მოთხოვნით, კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.

ერაყში ეთხოვებიან არქეოლოგს, რომელიც სათავეში ედგა ეროვნული მუზეუმის აღდგენას

ერაყში გლოვობენ არქეოლოგ ლამია ალ-გაილანის, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა გაძარცვული ეროვნული მუზეუმის აღდგენაში. მუზეუმი გაძარცვეს 2003 წელს ერაყში აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ინტერვენციის შემდეგ.

ბაღდადში, ეროვნულ მუზეუმში, 21 იანვარს შეიკრიბნენ კოლეგები და რიგითი მოქალაქეები გაილანის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. ის 18 იანვარს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუზეუმის გაძარცვის შემდეგ გაილანი მუშაობდა მოპარული არტეფაქტების აღსარიცხად და 2015 წელს ექსპოზიციის ხელახლა გასახსნელად.

ის მუშაობდა აგრეთვე 2016 წელს ქალაქ ბასრაში ახალი მუზეუმის შესაქმნელად.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG