Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა ტულუზის ებრაულ სკოლასთან


საფრანგეთი: პოლიციელები და მაშველები ტულუზის ებრაულ სკოლასთან თავდასხმის შემდეგ
საფრანგეთი: პოლიციელები და მაშველები ტულუზის ებრაულ სკოლასთან თავდასხმის შემდეგ
ორშაბათს ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში, ებრაულ სკოლასთან მოწყობილი თავდასხმის შედეგად. პოლიცია ეძებს თავდამსხმელს - შეიარაღებულ პირს, რომელიც, თვითმხილველების ცნობით, მოტოციკლით მივიდა სკოლასთან.

„ეროვნული ტრაგედია“ - ასე უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ოთხი ადამიანის მკვლელობას ტულუზის ებრაულ სკოლასთან. სარკოზიმ თავდასხმიდან სულ რამდენიმე საათში მოინახულა მკვლელობის ადგილი: „საშინელებაა! ტრაგედია... არ ვიცი, რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამის მიზეზს. ვერაფრით ამიხსნია, როგორ შეიძლება მოკლა ხალხი სკოლასთან, ებრაელი ბავშვების სკოლაში. ეს ტრაგედიაა...“

ეს მამაკაცი მოტოციკლიდან გადმოვიდა და, როცა სკოლასთან მივიდა, სროლა დაუწყო ყველას ...
საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ებრაულ სკოლასთან თავდასხმა მოეწყო იმავე იარაღით, რომელიც გასულ კვირაში იქნა გამოყენებული ორი თავდასხმისას: 12 მარტს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ჯარისკაცი მოკლა ტულუზში, 16 მარტს კი კიდევ ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი სერიოზულად დაიჭრა ტულუზიდან 50-მდე კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზაზე მოწყობილი იერიშის შედეგად. ყველა ამ შემთხვევაში ერთი იარაღი იქნა გამოყენებული, ყველა ამ შემთხვევაში თავდამსხმელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

პრეზიდენტმა სარკოზიმ პირობა დადო, რომ ბოროტმოქმედები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. პროკურორების თქმით, დაწყებულია გამოძიება, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფიიონმა გასცა განკარგულება მთელს საფრანგეთში სკოლებისა და რელიგიური შენობების დაცვის გაძლიერების შესახებ.

როგორც ტულუზის პროკურორმა, მიშელ ვალემ უთხრა ჟურნალისტებს, შეიარაღებული მოტოციკლისტი ესროდა ყველას - დიდსა და პატარას თავდასხმისას, რომელიც ორშაბათს დილას მოაწყო, უშუალოდ გაკვეთილების დაწყებამდე.

„ეს მამაკაცი მოტოციკლიდან გადმოვიდა და, როცა სკოლასთან მივიდა, სროლა დაუწყო ყველას, ვინც მასთან ახლოს იმყოფებოდა, ბავშვებსა და უფროსებს. ესროდა ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მირბოდნენ“, განაცხადა პროკურორმა. მისი ინფორმაციით, დაიღუპნენ სამი, ექვსი და 10 წლის ბავშვები. მოკლულია 30 წლის პედაგოგიც. დაიჭრა 17 წლის მოსწავლე.

თავდასხმას უმალვე მოჰყვა რეაქცია უცხოეთიდან. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ მკვლელობებს უწოდა „საზიზღარი დანაშაული“, ევროპის ებრაელთა კონგრესმა - „ბარბაროსობა“. ისრაელის საგარეო უწყების პრესმდივნის განცხადებით, ისრაელს სჯერა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება მართლმსაჯულებას გადასცემს დანაშაულზე პასუხისმგებელ პირებს.
XS
SM
MD
LG