Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი-მუნი: ფხენიანის მხრიდან რაკეტის გაშვება მშვიდობას შეუქმნის საფრთხეს


ჩრდილოეთ კორეა
ჩრდილოეთ კორეა
გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის გეგმა, რომელიც რაკეტის გაშვებას ითვალისწინებს, რეგიონში მშვიდობას შეუქმნის საფრთხეს.

ამასთან, ბან კი-მუნის შეფასებით, გეგმის სისრულეში მიყვანა გაუტოლდება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2009 წელს მიღებული რეზოლუციის „ცალსახა დარღვევას“. ეს რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეას უკრძალავს ბალისტიკური რაკეტების გამოცდას.

ჩრდილოეთ კორეის კომუნისტურმა რეჟიმმა გამოაცხადა, რომ რაკეტის გაშვებას 12-დან 16 აპრილამდე პერიოდში გეგმავს - ორბიტაზე თანამგზავრის განთავსების მიზნით. ფხენიანი ირწმუნება, რომ პროექტის სამეცნიერო კვლევის ნაწილს წარმოადგენს.

აშშ და მისი მოკავშირეები კი შიშობენ, რომ პროექტის რეალური მიზანი გრძელი რადიუსის მოქმედების რაკეტის გამოცდაა.

„გულწრფელად ვიმედოვნებ და ჩრდილოეთ კორეის მთავრობას კიდევ ერთხელ მივმართავ თხოვნით თავი შეიკავოს ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელსაც კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის, მშვიდობის და სტაბილურობის შერყევა შეუძლია - და რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო თანამეგობრობის მისწრაფებებთან და სურვილებთან“ - უთხრა მალაიზიაში ვიზიტით მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს.

ბან კი-მუნი
ბან კი-მუნი
ბან კი-მუნის თქმით, ჩრდილოეთ კორეის გეგმას ის მომავალ კვირაში სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილავს - ისევე, როგორც სეულში 26 და 27 მარტს დანიშნულ ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე.

ამ სამიტში 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თავად ჩრდილოეთ კორეა, გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაზე არ იქნება წარმოდგენილი. ფხენიანი სამიტს უწოდებს „ამორალურ წარმოდგენას“, რომელიც მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეაზე სამხრეთ კორეის ან მისი მოკავშირის, აშშ-ის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამართლებას.

როგორც ვარაუდობენ, ჩრდილოეთ კორეის გეგმების ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე სამიტის კულუარებში ილაპარაკებენ აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, იაპონიის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტები.

ეს ხუთი სახელმწიფო - ჩრდილოეთ კორეასთან ერთად - მონაწილეობს ექვსი ქვეყნის მოლაპარაკებებში, რომელთა მიზანიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღებაა. ფხენიანმა 2009 წელს შეწყვიტა მონაწილეობა ამ მოლაპარაკებებში - ამის მიზეზად აშშ-ის მხრიდან მტრული დამოკიდებულება დაასახელა და ერთ თვეში ბირთვული ცდა მოაწყო.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ რაკეტის გაშვების თაობაზე ფხენიანის ახალმა გეგმა ძირს უთხრის აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ახლახან მიღწეულ ორმხრივ შეთანხმებას.

ეს შეთანხმება, რომელიც მიმდინარე თვეში გამოცხადდა, ითვალისწინებს აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეისთვის 240,000 ტონის მოცულობის სასურსათო დახმარების მიწოდებას. სანაცვლოდ, ფხენიანმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული და სარაკეტო პროგრამები.
XS
SM
MD
LG