Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს აფხაზეთში ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანების გამო


საქართველოს პარლამენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიული ძეგლების განზრახ დაზიანების გამო რეაგირებას საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს. 30 მარტს დამტკიცებულ სპეციალურ განცხადებაში პარლამენტი გამოხატავს ”ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქვის, ბედიისა და სხვა ქართულ ტაძრებზე მიმდინარე უკანონო სამუშაოების გამო, რომელთა შედეგად ზიანდება შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ” საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ მსგავსმა ”რესტავრაციამ” უკვე გამოიწვია ქართული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლის, ილორის მონასტრის დაზიანება და მასზე ქართული კვალის წაშლა. ”უდავოა, რომ ამ ვანდალიზმის მიზანია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის სრული განადგურება”, - აცხადებს საქართველოს პარლამენტი და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ”საოკუპაციო რეჟიმსა და აფხაზეთის მარიონეტულ მმართველობას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უკანონო სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვოს. პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე სთხოვს ზემოქმედებას რუსეთზე, რათა მან ძეგლების მდგომარეობის შესასწავლად ოკუპირებულ აფხაზეთში იუნესკოსა და სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების ექსპერტები დაუშვას.
XS
SM
MD
LG