1 აპრილი, კვირა
გამეღვიძა, მომაგონდა გამონათქვამი - „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია“, - მაგრამ ეს სლოგანი ჩემთვის მისაღები არაა.
დილიდანვე ვისაუზმე, წავედი ეკლესიაში - სომხური სამოციქულო ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ჩემთვის ეს, ბავშვობიდან მოყოლებული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაულია - როგორც აღდგომა, შობა, ნათლისღება... ბავშვობიდან მახსოვს, ბებიაჩემს როგორ დავყვებოდი ეკლესიაში.
როცა სკოლაში სააღდგომო კვერცხს მივიტანდი, მასწავლებელი უცნაურად მიყურებდა. ვსწავლობდი რუსულენოვან სკოლაში, სადაც მასწავლებელთა შორის რუსი სამხედროების მეუღლეებიც იყვნენ. ჩვენი კლასი ძალიან შერეული იყო - სხვადასხვა რწმენისა და ეროვნების ბავშვები ვსწავლობდით და ვიზრდებოდით ერთად.
მახსენდება ჩემი პირველი სკოლა და პირველი დამრიგებელი - ფაინა მიხაილოვნა, ძალიან დადებითი პიროვნება. წარმოშობით ოდესელი იყო. მან ყოველ ჩვენგანში დიდი კვალი დატოვა. კლასელები ხშირად მადლიერებით ვიხსენებთ ხოლმე.
...სულ მიკვირდა, რატომ იყო ყველა სხვა ოჯახში ერთი სახეობის ბზა, ჩვენს ოჯახში კი - ორი: ქართული და სომხური ეკლესიებიდან. ერთი ბებიაჩემს მოჰქონდა დიდუბის ეკლესიიდან, მეორე პაპაჩემს - სურბ-გევორქის ეკლესიიდან და, სახლში, ხატების კუთხეში, ერთ ვაზაში აწყობდნენ.
ეკლესიის მერე ახლობლებთან გავემგზავრე ბოლნისის რაიონის სოფელ ხაჩენში. იქ იმიტომ წავედი, რომ ქალაქის ორომტრიალს გავრიდებოდი, ბუნებით და მონატრებული სოფლის ცხოვრებით დავმტკბარიყავი. მაგრამ საქმე იქაც მომწვდა. მრავალი ზარის მერე ტელეფონის გამორთვა გადავწყვიტე, მაგრამ მაინც თავი შევიკავე: ვაითუ ვინმეს გადაუდებელი საქმისთვის დავჭირდე-მეთქი.
საინტერესო დღე იყო. სოფლის ყოფა, გლეხური სუფრა: ერბოკვერცხი, მწნილი, ლორი, სოფლის ყველი, მწვანილი და სხვა. ჩემი ჩასვლა მასპინძლებისთვის მოულოდნელი იყო და ძალიან გაიხარეს!
2 აპრილი, ორშაბათი
დილით დღის განრიგს გადავხედე. პირველი იყო შეხვედრა საჯარო ბიბლიოთეკაში. 11-ში დაგეგმილი ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე ვილაპარაკეთ. ეს არის სომხური ბეჭდური წიგნის 500 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა. გამოიფინება იშვიათი და საცავებში დაცული წიგნები. დავიწყე იმ ხალხის სიის შედგენა, ვისთანაც იშვიათი სომხურენოვანი წიგნები მეგულება. სია დიდი გამოვიდა. შემცირება მომიხდა, რადგან საგამოფენო სივრცე შეზღუდულია. საჯარო ბიბლიოთეკასაც დიდი კატალოგი აქვს სომხური წიგნებისა.
დღეს ბიძაჩემის გარდაცვალების დღეა. შევახსენე ჩემს უახლოეს ნათესავებს და მათთან ერთად ავედი საფლავზე. ქარიანი ამინდი იყო. დიდხანს ვერ გავჩერდით. მინდოდა, ცოტათი მომეწესრიგებინა საფლავი, მაგრამ ამინდმა ხელი შემიშალა. სასაფლაოდან გამოსულები, ნათესავთან დავსხედით და გავიხსენეთ ბიძაჩემი, მამაჩემი და მრავალი სხვა ადამიანი, ვინც ჩვენთან ერთად აღარ არის.
სახლში გვიან დავბრუნდი. თვალში მომხვდა წიგნი, რომლის წასაკითხად დროს ვერ ვპოულობდი და ამჯერად ჩამითრია - ეს იყო ლაშა ბაქრაძის ახალი წიგნი - ფიროსმანის დროს მოღვაწე ცნობილ მხატვარ კარაპეტ გრიგორიანცზე. წიგნი ამ რამდენიმე დღის წინ „ლიტკაფეში” შევიძინე. გრიგორიანცის ნამუშევრები შარშან სახელმწიფო მუზეუმში ვნახე გამოფენაზე და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
3 აპრილი, სამშაბათი
ღამით წიგნის კითხვამ ისე ჩამითრია, რომ დღეს დილით გვიან გამეღვიძა. ნაბახუსევმაც თავისი ჰქნა. ახლობლების ზარმა გამაღვიძა. უკვე თბილისს ვუახლოვდებითო. მანამდე იმეილი მომწერეს, რომ სურდათ ისრაელის საელჩოში წავყოლოდი. სომხეთში ისრაელის საელჩო არ არის. ამიტომ ჩემი ახლობლები ვიზის ასაღებად ერევნიდან თბილისში ჩამოვიდნენ. სადღესასწაულო პერიოდში წმიდა მიწაზე გამგზავრებას აპირებენ. საელჩოში მივიყვანე და შემდეგ სხვა საქმეებს მივხედე.
საღამოს ახლობლის მონახულება მქონდა დაგეგმილი. ნინო მხატვარია. მძიმე სენით არის ავად, მაგრამ ოპტიმიზმით, ცხოვრებისადმი სიყვარულით ბევრ სირთულეს სძლევს, რითაც, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, ექიმებსაც აკვირვებს. ძალიან არ მიყვარს ადგილი, სადაც მივდივარ. ხედი კი ძალიან ლამაზია ონკოლოგიურიდან, მაგრამ ის გზა ჩემში წარსულის ბევრ ცუდ მოგონებას აღძრავს. ნინოსთან დიდხანს ვიჯექი. ვისაუბრეთ. ის თავის ამბებს მომიყვა, მე ჩემს გეგმებზე ვუამბე. დიდხანს ვილაპარაკეთ. რომ დაბნელდა, სახლში წამოვედი.
4 აპრილი, ოთხშაბათი
დღეს მაშას უნდა დავუკავშირდე. საქართველოში მოღვაწე თანამედროვე სომეხი მხატვრების კატალოგს ვაკეთებთ გამოფენისთვის, რომელიც აპრილის ბოლოს, ერევანში უნდა მოეწყოს. მაშა ხელოვნებათმცოდნეა. ამ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. მან კატალოგის ელექტრონული ვერსია გადმომიგზავნა. გადავხედე. ჩემი მოსაზრებები გავაცანი. ჩემთვის ადვილია მასთან ლაპარაკი, რადგან, თუ სომხურში ან რუსულში რამე მიძნელდება, ქართულზე გადავდივარ. მაშა წარმოშობით ქუთაისელი სომეხია და ამაყობს, რომ იმავე კუთხიდანაა, საიდანაც ძმები ორბელები. ერთი ძმა სომხეთში მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იყო და ნიკო მართან ერთად მრავალ ექსპედიციაში მონაწილეობდა; მეორე ძმა კი აკადემიკოსი იყო და პეტერბურგში მოღვაწეობდა.
ოთხშაბათი დასრულდა იმით, რომ მეგობრებთან ერთად კაფეში ამოვყავი თავი.
5 აპრილი, ხუთშაბათი
დღის განრიგი საკმაოდ დატვირთულია: სამსახური, საქმიანი ზარები, საღამოს კი - ოფიციალური ვახშამი.
ვახშმის დროს ჩემი ნათლული მირეკავს და მეუბნება, რომ ოჯახთან ერთად ჩემთან სტუმრობას აპირებს. ბებიაჩემ სონიას გარდაცვალებიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა. ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან მოულოდნელი ტრავმა იყო. დედაჩემი როგორც ამბობს, დედამისი მისთვის მარტო დედა კი არა, მეგობარიც იყო. ასაკში სხვაობა მათ შორის მცირე იყო. მეც და ყველა ახლობელსაც ბებიაჩემი გვეუბნებოდა, თუ ადამიანმა ცუდი გაგიკეთა, შენ კარგი გაუკეთეო. თვითონაც მხოლოდ სიკეთესა და სიყვარულს თესავდა.
ვეცადე ვახშმიდან ადრე წამოვსულიყავი, რომ სტუმრებს დავხვედროდი. მოვიდნენ ბავშვებით. დედაჩემი ცოტა გამხიარულდა. თითქოს მიავიწყდა კიდეც მიზეზი, რის გამოც სტუმრები მოვიდნენ. დედამ მათ ვახშამი შესთავაზა. ვახშამზე უარი თქვეს და მეც ჩაის მზადებას შევუდექი. სახლში ყოველთვის მაქვს ჩაის ბევრი სახეობა. ძალიან მიყვარს მისი მომზადებაც. დედა არაჩვეულებრივ მურაბებს ხარშავს. კომშის, ლეღვის, კაკლისა და გოგრის მურაბები გადმოალაგა. ამ მომენტშიც ბებიაჩემი მომაგონდა. ის კიდევ უკეთესი მზარეული იყო! ბოლო წლებში სულ მენატრებოდა მისი მომზადებული კერძები - ჩაქაფული და ჩანახი (ბოლო ხანს ბებიაჩემი საქართველოში არ ცხოვრობდა).
ბევრი რამე გავიხსენეთ, ბავშვებმაც ცელქობისთვის დრო იხელთეს. ტელევიზორში უკვე შუაღამის საინფორმაციო გამოშვება დაიწყო...
6 აპრილი, პარასკევი
ოფისში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი მაქვს მოსაგვარებელი საქართველოს სომეხთა ეროვნული კონგრესის უახლოეს ღონისძიებებთან და გეგმებთან დაკავშირებით.
შემატყობინეს, რომ პატარა ინციდენტი მომხდარა ერთ-ერთ სკოლაში, სადაც უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს ჩემ მიერ დაარსებული წრეები. ბავშვებს ვასწავლით ხატვას, კომპოზიციას, ოქრომჭედლობას, მინანქარზე მუშაობას, ჭრა-კერვას. წავედი ვითარების გასარკვევად. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი იყო.
წრეების შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, რათა ბავშვებისთვის თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარებისა და ხელობის შესწავლის საშუალება მიგვეცა. დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ წრეებში მუშაობით ის ბავშვებიც დაინტერესდნენ, ვინც არ გეგმავს სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელებას.
დღეს წითელი პარასკევია და მეგობრები შევიკრიბეთ კვერცხების შესაღებად. ძალიან ბევრი შევღებეთ. ტრადიციულად, ვამზადებთ ნობათს ჩვენს ირგვლივ მყოფი ხელმოკლე ოჯახებისთვის. ნობათში შედის: პასკა, წითელი კვერცხი, ერბო, ქიშმიში, ბრინჯი და სხვა სურსათი. ერბო, ქიშმიში და ბრინჯი სააღდგომო ფლავისთვის არის განკუთვნილი.
7 აპრილი, შაბათი
დილიდან შევუდექი ნობათის დარიგებას. მეგობრებს ოჯახები დანაწილებული გვყავს. ეს საქმე უკვე ვაქციე როგორც ჩემი სამეგობრო წრის, ისე ჩვენი ორგანიზაციის ტრადიციულ საქმიანობად. ამ დროს სხვადასხვაგვარ ხალხს ვხვდები. ეს ჩვენ დიდ სიამოვნებას გვანიჭებს!
შაბათობით კონგრესის ოფისში იკრიბებიან მოხალისე ექიმები, რომლებიც გეგმიურ კონსულტაციას უწევენ მსურველებს. ბევრი ხალხი მოდის ხოლმე. ზოგი მადლიერი მიდის და ზოგიც - უკმაყოფილო იმით, რომ მედიკამენტებითაც არ უზრუნველვყავით...