სირიაში, როგორც სჩანს, ძალაში რჩება გაეროს მიერ შემუშავებული ზავი, რომელიც ხუთშაბათს დილით ადრე ამოქმედდა. თუმცა დარღვევის შემთხვევები არის. ლონდონში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია იუწყება, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ერთგულმა ძალებმა ცენტრალურ პროვინცია ჰამაში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სამოქალაქო პირი მოკლეს. სირიიდან აქტივისტები იუწყებიან, რომ ორი ადამიანი მოკლეს მაშინ, როცა ჯარმა დამასკის ჩრდილო-აღმოსავლეთში შეკრებილ, მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს გაუხსნა ცეცხლი. აქტივისტები ამბობენ, რომ მთავრობის ჯარები არ გასულან მღელვარე ადგილებიდან - როგორც ამას სირიაში გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენლის, კოფი ანანის მიერ შემუშავებული, ექვსპუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს. ზავის ამოქმედებას წინ უსწრებდა ოპოზიციის გამაგრების ადგილებზე შეტევების ესკალაცია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალების მხრიდან. სირიაში ძალადობა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და მას 9,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ყველაზე პოპულარული
1