Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


გასული კვირის მანძილზე უცხოეთის პრესაში საქართველოს შესახებ დაიბეჭა ერთი-ორი სტატია, სადაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მის მიერ დაქირავებულ ლობისტებზეა საუბარი. უფრო ნეიტრალური და მოკლე ცნობაა ქართველ მილიარდერზე გერმანულ გაზეთ „ბილდში“, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს პოლიტიკოსთა სიას ეხება. სტატია იწყება შეკითხვით, ნიშნავს ფული ამავე დროს ძალაუფლებას? და იქვეა პასუხიც, რომ ეს ასეა ზოგიერთ შემთხვევაში. გაზეთს მოჰყავს აშშ-ის ჟურნალ „ფორბსის“ სია, რომელსაც სათავეში უდგას ნიუ-იორკის მერი, მაიკლ ბლუმბერგი, მას მოსდევს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიხაილ პროხოროვი. ამ სიაში მესამე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი, რომელზეც გაზეთი იუწყება, რომ აპირებს 2012 წელს პრემიერ-მინისტრის არჩევნებში მონაწილეობას. ამავე ცნობით, ივანიშვილის ქონება 6 მილიარდ ოთხას მილიონს უდრის, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარს წარმოადგენს. იქვეა ნათქვამი, რომ ამ თანხას ივანიშვილი, როგორც „ფეოდალი მბრძანებელი“, თავის მშობლიურ ქალაქ ჭორვილას ახმარს.

ივანიშვილს ეხება „უიკლი სტანდარტში“ გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ასეა დასათაურებული: „რუსმა ოლიგარქმა ვაშინგტონში ლობისტების არმია დაიქირავა“. სტატიის სათაურიდანვე ჩანს, რომ მისი ავტორი ივანიშვილის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, რაც მთლიანად სტატიაშიც აშკარად იკვეთება. ბოლო სულ რამდენიმე თვის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ლობისტების მცირე არმია დაიქირავა ვაშინგტონში, წაიკითხავთ სტატიაში, რომლის თანახმად, მათ შორის შვიდი ყველაზე ცნობილი ფირმაა. გამოცემა ივანიშვილს ახასიათებს პიროვნებად, რომელმაც ბიზნესის იმპერია ვლადიმირ პუტინის რუსეთში შექმნა და ახლა, სულ მცირე ამ ეტაპზე, სამშობლო არა აქვს, რადგან საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, საქართველოსი კი მანამდე ჩამოართვეს, რადგან ამ ქვეყანაში ორმაგი მოქალაქეობა აკრძალულია.

გამოცემას მოჰყავს იმავე დღეს სხვა საინტერნეტო გამოცემის, „პოლიტიკოს“, სტატიის ცნობა, რომ ის ფირმები, რომლებიც მილიარდერ ბიზნესმენს ემსახურებიან, - მათ შორის, „პეტონ ბლოგზი“, „ნეიშნელ სტრატეჯის“, „დოუნი მეკგრეთი“ (Patton Boggs, National Strategies, Downey McGrath) და ბევრი სხვა, - არ არიან რეგისტრირებული აშშ-ის 1938 წლის კანონის თანახმად. ეს კანონი, სახელწოდებით „უცხოელი აგენტის რეგისტრირების აქტი“, არეგულირებს აშშ-ის პოლიტიკის გავლენის მცდელობებს, როცა ეს უცხოური სახელმწიფოს ან პოლიტიკური პარტიის მეოხებით ხდება. გამოცემა ამის გამო წერს, რომ ივანიშვილის ლობისტური კამპანიის თაობაზე გაჩნდა იურიდიული ხასიათის შეკითხვები. მოყვანილია სხვა შემთხვევაც, რომელიც ვაშინგტონში მილიარდერის საქმიანობას უკავშირდება. საქმე ეხება გასულ თვეში რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯიმ მაკდერმოტის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, სადაც ივანიშვილის ქებაა და რომელშიც უარყოფითადაა დახასიათებული საქართველოს ახლანდელი რეჟიმი, რომელიც, ამავე გამოცემის თანახმად, დაუღალავია თავის პროამერიკულობაში და ავღანეთში გაგზავნილი ჰყავს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი სამხედრო. „უიკლი სტანდარტის“ ამ წერილის ავტორი ივანიშვილის ბიზნესის სფეროში საქმიანობაზეც წერს.

ის, გამოცემის თანახმად, ყოფილა რუსეთის „გაზპრომის“ ყველაზე დიდი კერძო ინვესტორი, მასვე ჰქონია სანავთობო ფირმა „ლუკოილში“ დიდი რაოდენობის წილი. ივანიშვილს, წაიკითხავთ იქვე, აქვს ბანკი და დიდი რაოდენობის უძრავი ქონება რუსეთში. ამიტომ, დაასკვნის სტატიის ავტორი, არაა გასაკვირი, რომ ივანიშვილი აქებს პუტინს და მისეულ დემოკრატიასო. უფრო ქვემოთ მოყვანილია სხვა ინფორმაცია იმ მიზნით, რომ ასევე უარყოფითად წარმოადგინოს ივანიშვილი, რომელზეც ბოლოს რიტორიკულად წერს სტატიის ავტორი, მან და მისმა ლობისტებმა რომ გაიმარჯვონ, საქართველოს დემოკრატიას და უმცირესობებს ამ ქვეყანაში დიდი დარტყმა მიადგებაო.

ამავე თემაზე, ეს წერილი ზემოთაც იყო მოხსენიებული, ლაპარაკია საინტერნეტო გამოცემა „პოლიტიკოს“ წერილში, რომელიც ცდილობს გაერკვეს, რა ყაიდის ლობისტებს ქირაობს ივანიშვილი აშშ-ში.

ეს გამოცემა უკვე ქართველ მილიარდერს უწოდებს ივანიშვილს, რომელიც, „პოოლიტიკოს“ თანახმად, ვაშინგტონს იერიშით იღებს. მან ბოლო სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ლობისტური და პიარკომპანია დაიქირავაო, წერია იქვე.

ლობისტური შეტევა მასშტაბურია – ის აჭარბებს იმ თანხებს, რასაც არათუ კერძო პირი, არამედ ქვეყნების უმრავლესობა ხარჯავს ვაშინგტონელ კანონმდებლებზე გავლენის მოსახდენადო, შეიტყობთ ამ სტატიიდან, რომელიც გვაცნობს ივანიშვილის რეგისტრირებულ ლობისტებს. გამოცემას ამავე საკითხზე მოჰყავს აშშ-ში საქართველოს ელჩის, თემურ იაკობაშვილის სიტყვები: „საელჩო ფოკუსირებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების ლობირებით“. იაკობაშვილის თქმით: „ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჩვენი მთავრობა ქირაობს კონსულტანტებს, რათა ისინი დაგვეხმარონ ვაშინგტონში სირთულეებში უკეთ გარკვევასა და ორიენტირებაში. რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებების განხორციელება საქართველოში მოქმედ სხვა სუბიექტებსაც შეუძლიათ და ვიმედოვნებთ, რომ მათი მცდელობა მიმართული იქნება საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების ლობირებისკენ“. იქვეა მოყვანილი ივანიშვილის სიტყვებიც, რომელიც მან „ნიუ-იორკ ტაიმსს“ უთხრა: „წლების განმავლობაში ჩვენი ფულით სააკაშვილს ძლიერი ლობისტები ჰყავდა, ჩვენი ფულით თამაშობდა და ცდილობდა ეცრუა და დემოკრატიის ფასადი ეჩვენებინა. მე შემიძლია თავს უფლება მივცე და დავიქირაო ზოგიერთი ლობისტური კომპანია ამერიკაში და სხვაგან და შევეცადო რეალური სურათის ჩვენებას“. სტატიის ავტორი ლობისტების სხვადასხვა დანიშნულებისა და სხვადასხვა ხასიათის თაობაზე მსჯელობის შემდეგ დაასკვნის, ჩანს, კომპანიები არ აღიარებენ ივანიშვილის ოპოზიციურ მოძრაობას „ქართული ოცნება“, როგორც ოფიციალურ პარტიას, რაც უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ივანიშვილის სამსახურში მყოფი ლობისტური ფირმები არ არიან რეგისტრირებული აშშ-ის მეორე მსოფლიო ომამდელი ზემოხსენებული კანონის თანახმადო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG