Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნორვეგიაში დაიწყო ანდერს ბრეივიკის სასამართლო


ოსლოში დაიწყო მემარჯვენე ფანატიკოსის, ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი. ბრეივიკი აღიარებს, რომ შარშან მოწყობილი თავდასხმისას 77 ადამიანი დახოცა, თუმცა აცხადებს, რომ არ სცნობს სასამართლოს უფლებამოსილებას. 33 წლის ბრეივიკი სასამართლო დარბაზს მუშტად შეკრული ხელის აწევით - მემარჯვენეთა ცნობილი ჟესტით - მიესალმა. შემდეგ, როცა სასამართლო დარბაზში მოსამართლეები შევიდნენ, მან უარი განაცხადა ფეხზე წამომდგომაზე და თქვა, სასამართლოს უფლებამოსილებას არ ვცნობო. ბრეივიკს ტერორიზმში და მასობრივ მკვლელობებში ედება ბრალი. იგი აღიარებს, რომ ოსლოში აფეთქება მოაწყო - რასაც 8 ადამიანი ემხვერპლა - შემდეგ კი ჩავიდა საზაფხულო ბანაკში, რომელიც ქვეყნის მმართველი ლეიბორისტული პარტიის მიერ იყო ორგანიზებული და ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა 69 ადამიანი. დახოცილების უმრავლესობა თინეიჯერი იყო. დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეც იყო - 23 წლის თამთა ლიპარტელიანი. ორშაბათს ბრეივიკმა სასამართლოს განუცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ბრეივიკს ნათქვამი აქვს, რომ თავდასხმები ნორვეგიაში მოქმედი ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად მოაწყო. ბრეივიკის აზრით, თავდასხმები ნორვეგიაში მუსულმანთა გაბატონების აღსაკვეთად იყო საჭირო.
XS
SM
MD
LG