Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 24 აპრილი, 2012


გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს სტატიას იმ ქვეყნების შესახებ, რომლებსაც კორუფციასთან ბრძოლის დადებითი გამოცდილება აქვთ. სტატია იწყება სინგაპურითა და კორუმპირებულ სახელმწიფო აპარატთან ბრძოლის ქრესტომათიული მაგალითით - იმით, თუ როგორ შექმნა 1952 წელს ბრიტანეთის კოლონიურმა ადმინისტრაციამ კორუფციის შემთხვევათა გამოძიების ბიურო და როგორ მიიღო სინგაპურმა 1960 წელს კორუფციის თავიდან აცილების აქტი, რომელმაც გამოძიების ბიურო ფართო უფლებამოსილებით აღჭურვა და ქრთამის აღებისათვის უმკაცრესი სანქციები დააწესა. სულ სტატიაში კორუფციასთან წარმატებული ბრძოლის მაგალითებად მოტანილია ოთხი ქვეყანა. სინგაპურის შემდეგ განხილულია ჰონკონგისა და იტალიის შემთხვევები. სტატია მთავრდება კორუფციასთან ბრძოლის უახლესი მაგალითით. ლაპარაკია საქართველოში წარმოებულ ანტიკორუფციულ კამპანიაზე, რომელიც, წერილის ავტორის აზრით, სახელმწიფო აპარატის ძირეული რეფორმის კონსტრუქციული ნაწილია და რომლის განხორციელებაც საქართველოს ხელისუფლებამ 2003 წლის შემდეგ დაიწყო: „რეფორმებმა მოიცვა მრავალი სფერო - სამართალდამცავი სტრუქტურებიდან დაწყებული, განათლების სისტემით დამთავრებული. უპირველეს ყოვლისა, გაუქმდა კორუფციით გახრწნილი ზედამხედველობის ისეთი ინსტიტუტები, როგორებიცაა ავტოინსპექცია, სახანძრო დაცვა, ტექდათვალიერება, სანიტარული ინსპექცია და სხვა. მთლიანობაში, მაკონტროლებელი სტრუქტურების რაოდენობა 40-დან 20-მდე შემცირდა. მიღებული იქნა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელმაც 21 სახეობის გადასახადიდან მხოლოდ 7 დატოვა. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა გადასახადების მოცულობა. რეფორმის შედეგად, ძირეულად გარდაიქმნა საბაჟოს ჩახლართული და კორუმპირებული სტრუქტურა. სამსახურიდან გათავისუფლდა თანამშრომელთა 80 პროცენტი. შედეგად, 2010 წლისათვის საბაჟოდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა ხუთჯერ.“ სტატიაში ასევე საუბარია ბიზნესის დაწყებისათვის აუცილებელი ნებართვების დიდი ნაწილის გაუქმებით და განათლების სისტემაში ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით კორუფციის მნიშვნელოვანი წყაროების მოსპობის შესახებ.

საქართველოს ხელისუფლებაზე - უფრო სწორად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე - წერს გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდაც“, თუმცა ამ შემთხვევაში კონტექსტი უფრო ტრადიციული, ანუ ნეგატიურია. კერძოდ, სტატიაში ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემულ განკარგულებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო გავიდა რუსულენოვანი ტელერადიოკომპანია „მირის“ დაფუძნების შეთანხმებიდან. გაზეთის ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილმა ამგვარი ნაბიჯი პრევენციის მიზნით გადადგა: „ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამიტომაც საქართველოს მოქმედი ხელმძღვანელის ინტერესშია საინფორმაციო სივრცის გასუფთავება. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სულაც არაა ბრწყინვალე და მთავრობას, თუ არ ჩავთვლით პოლიციის რეფორმას, სატრაბახო არც არაფერი აქვს.“

ცხადია, რუსეთის ბეჭდური მედია თავისი ქვეყნის პრეზიდენტითაც ინტერესდება. გაზეთი „იზვესტია“ წერს, რომ დმიტრი მედვედევი პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად გასძღოლია სახელმწიფო საბჭოს გაფართოებულ სხდომას, რომლის მსვლელობისას მედვედევს გარკვეულწილად გასული წლებიც შეუჯამებია და სამომავლო გეგმებიც დაუსახავს. დმიტრი მედვედევის თქმით, პრეზიდენტობის დროს ის ყველანაირად ცდილობდა რუსეთის თითოეული მოქალაქისათვის მეტი თავისუფლების მინიჭებას. მედვედევს დამამცირებლად მიაჩნია აზრი იმის თაობაზე, რომ რუსეთს არ შეუძლია თავისუფლად ცხოვრება და რომ რუსეთი არ იმსახურებს თავისუფლებას. პირიქით, უთქვამს რუსეთის პრეზიდენტს, რუსი ხალხისთვის ყოველთვის აუტანელი იყო ფიქრი მონობაზე, თუმცა, მისივე აზრით, მართებული არაა თავისუფლებისა და სტაბილურობის ერთმანეთთან დაპირისპირება. „თავისუფლება და წესრიგი - ეს ერთი და იგივეა!“ - რუსი პოეტის ვასილი ჟუკოვკსკის ამ სიტყვების ციტირებით მთავრდება სტატია, რომელსაც გაზეთი „იზვესტია“ აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG