Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობით, ჩინელმა დისიდენტმა აშშ-ის საელჩო მუქარის გამო დატოვა


უსინათლო ჩინელი დისიდენტი, ჩენ გუანჩენი აცხადებს, რომ დატოვა პეკინში აშშ-ის საელჩოს შენობა მას შემდეგ, რაც მთავრობა მისი ოჯახის წევრებს სიკვდილით დაემუქრა. ჩენმა - რომელიც აშშ-ის საელჩოს თავს აფარებდა - სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ ტელეფონით უთხრა, რომ მთავრობის წარმომადგენლები დაემუქრნენ, შენს ცოლს ცემით მოვკლავთო. დისიდენტის თქმით, ჩინეთის მხარის მუქარა მას ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გადასცეს. აშშ-ში განთავსებული უფლებადამცველი ჯგუფი, “ChinaAid”-ი აცხადებს, რომ ჩენ გუანჩენმა ეს გადაწყვეტილება ყოყმანით მიიღო, მისი ოჯახის წინააღმდეგ „სერიოზული მუქარის“ არსებობის გამო. თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ჩენ გუანჩენს „აშშ-ის არც ერთი ოფიციალური პირი არ დალაპარაკებია მისი ცოლის თუ შვილების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური ან ლეგალური მუქარის შესახებ. და ამგვარი მუქარა ჩვენს წინაშე არც ჩინეთის ოფიციალურ პირებს გამოუთქვამთ“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი - რომელიც პეკინში იმყოფება და მაღალ დონეზე მართავს მოლაპარაკებებს - პირობას დებს, რომ ვაშინგტონი ჩენ გუანჩენის საქმეში ჩართული დარჩება „მომავალი დღეების, კვირების და წლების“ განმავლობაში. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აშშ-ის მოუწოდებს, შეწყვიტოს საზოგადოების „შეცდომაში შეყვანა“ ამ საქმის გარშემო.
XS
SM
MD
LG