Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩო დოლიძე: "ქართულ ოცნებას" შეუძლია მანიფესტაცია 27 მაისს ჩაატაროს


კოალიცია "ქართულ ოცნებას" შეუძლია მანიფესტაცია 27 მაისს ჩაატაროს - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა თბილისის მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ. მისი თქმით, 1 მაისს მერიამ მიიღო "ქართული ოცნების" წერილობითი მიმართვა 26-27 მაისს მანიფესტაციის ჩატარების შესახებ, სადაც მითითებული იყო რამდენიმე ადგილი, მათ შორის რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩები. დოლიძის განმარტებით, წინასწარ ცნობილი იყო, რომ ხელისუფლება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას თბილისის მასშტაბით აპირებს, ამიტომ ”ქართულ ოცნებას” შეუძლია მანიფესტაცია 27 მაისს ჩაატაროს. მანამდე კოალიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საარჩევნო კამპანიის გამოცხადებას 26, ან 27 მაისს აქციით აპირებს და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის, ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის დაქირავება სურს. დღეს სააგენტო “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსპიკერმა ოთარ გიორგაძემ განუცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" 27 მაისს აქციის გამართვა, სავარაუდოდ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეეძლება. გიორგაძის თქმით, 26 მაისს სტადიონი საფეხბურთო მატჩის გამო დაკავებულია, 27 მაისისთვის კი ჯერჯერობით არაფერია დაგეგმილი. პრესსპიკერის განმარტებით, საბოლოო ოფიციალური პასუხი კოალიციას მოგვიანებით ეცნობება.
XS
SM
MD
LG