Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეიშენალი" სამხრეთ კავკასიაში ჰომოფობიის პრობლემას ეხმაურება


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ თვლის, რომ გააფთრებული ჰომოფობიური შეტევები სამხრეთ კავკასიელ აქტივისტებს საფრთხეს უქმნის. ორგანიზაცია აცხადებს, რომ სომხეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექუალი ადამიანების დასაცავად. ორგანიზაციის თანახმად, იმის ნაცვლად, რომ დაეგმოთ გასულ კვირაში ერევანში ჰომოსექსუალთა მიმართ კეთილგანწყობილ ბარში აალებადი ბომბის შეგდების ფაქტი, სომხეთში ზოგიერთი საჯარო პირი ჰომოფობიური განცხადებებით გამოვიდა და ლგბტ ადამიანების მიმართ ძალადობა გაამართლა. პარალელურად, აღნიშნავს ორგანიზაცია, მეზობელ საქართველოში პოლიციამ არასაკმარისი ძალისხმევა გამოიჩინა საიმისოდ, რომ აღეკვეთა მართლმადიდებელი ჯგუფის მხრიდან ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად მოწყობილი მშვიდობიანი მსვლელობის ჩაშლა. ამნესტი ინტერნეიშენალის ევროპისა და შუა აზიის პროგრამის ხელმძღვანელი, ჯონ დალჰუისენი ამბობს: „ამ თავდასხმების გააფთრებული ხასიათი მოწმობს, რომ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით აუცილებელია საჯარო დიალოგის გამართვა ჰომოფობიასთან საბრძოლველად და ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციისგან დასაცავად“. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეებმა განურჩევლად უნდა სცენ პატივი გამოხატვის თავისუფლებას ყველა ჯგუფისთვის და ეს მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივი თავდასხმებისგან დაცვასაც მოიცავს. „თბილისში პოლიციამ ვერ შესძლო აღეკვეთა ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობის მხრიდან ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისთვის მიძღვნილი მსვლელობის ჩაშლა. მათ უნდა გამოიძიონ რა ვერ შესრულდა და უნდა გაატარონ ზომები, რათა მომავალში უკეთ დაიცვან მშვიდობიანი დემონსტრაციები“ - დასძენს დალჰუისენი. აზერბაიჯანის შესახებ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქტივისტები შეშფოთებას გამოთქვამენ ბაქოში 22-26 მაისს დანიშნული ევროვიზიის სასიმღერო კონკურსის ლგბტი მონაწილეთა უსაფრთხოების ირგვლივ. განცხადებაში ვკითხულობთ - იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანმა ერთსქესიანი კავშირების დეკრიმინალიზაცია 2001 წელს მოახდინა, მას ჯერჯერობით არ მიუღია კანონები, რომლებიც აკრძალავდა კონკრეტულად სექსუალური ორიენტაციის და გენდერულ იიდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციას.
XS
SM
MD
LG