Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გათავისუფლეს


საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. სამინისტრომ ოფიციალურ მიზეზად "რეფორმების განხორციელების პროცესში პრინციპული შეუთავსებლობა” დაასახელა. ეს მიზეზი გაუგებარი, გადაწყვეტილება კი - მოულოდნელი აღმოჩნდა თავად მაია მიმინოშვილისთვის. მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი საქმის ხარისხიანად კეთების ამოცანას არცთუ ურიგოდ ასრულებდა და ამასთან, გაუგებარია ცენტრის ხელმძღვანელის შეცვლა იმ დროს, როდესაც საჯარო სკოლებში გამოცდები ჯერ არ დასრულებულა და წინ ერთიანი ეროვნული გამოცდებია. საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია მიმინოშვილის გათავისუფლება შესაძლოა, უკავშირდებოდეს მისი ვაჟის მონაწილეობას კოალიცია ”ქართული ოცნების” მიერ 27 მაისს, თბილისში გამართულ აქციაში. მაია მიმინოშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ მისი შვილი აქციაში მართლაც მონაწილეობდა და დასძინა, რომ კატასტროფაა თუკი სამსახურიდან მისი დათხოვნის რეალური მიზეზი სწორედ ეს არის.
XS
SM
MD
LG