Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 წლის მათიას რუსტი და საბჭოთა საჰაერო სივრცე 25 წლის წინ


მათიას რუსტი მოსკოვში
მათიას რუსტი მოსკოვში
როცა ზოგისთვის გმირზე, ზოგისთვის გადარეულზე და ზოგისთვის კი ყურადღების მიპყრობის მსურველსა თუ პროვოკატორზე ფიქრობ, დაუჯერებელი გეჩვენება 18 წლის მათიას რუსტის გამბედაობა, ჰამბურგის მახლობლად მცხოვრები გერმანელი თინეიჯერისა, რომელმაც მოახერხა პატარა „ჩესნას“ ტიპის თვითმფრინავით საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში შესულიყო, მოსკოვამდე ეფრინა და იქ წითელ მოედანთან დაესვა მფრინავი აპარატი.

რუსტის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა მას მერე, რაც ის მოსკოვის საპატიმროდან ვადაზე ადრე გაუშვეს. მისი ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა: თანამშრომელი ქალის დანით დაჭრისთვის სასჯელი მოიხადა, გაასამართლეს წვრილმანი ქურდობისთვისაც, მცირე ხნით მოსკოვში დაბრუნდა და ოფიციანტად მუშაობდა. მოკლედ, ბევრი რამ გადახდა თავს და არ უღალატა მთავარ კრედოს, რომ რისკისა და გამბედაობის გარეშე ცხოვრება უინტერესოა. ამას ამტკიცებს ის დღესაც თავისი საქმიანობით: თამაშობს პოკერს, არის საფინანსო სფეროში მრჩეველიც და სურს იოგას სკოლა გახსნას. მათიას რუსტი 1 ივნისს არის დაბადებული. მისი ჰელსინკიდან მოსკოვში გაფრენა დაბადების დღემდე სამი დღით ადრე მოხდა, 28 მაისს, 1987 წელს, საბჭოთა კავშირში რთული „პერესტროიკის“ პერიოდში, როცა კომუნისტური იმპერია ირყეოდა, მაგრამ მისი სამხედრო ძლიერების მსოფლიოს სჯეროდა. ამ რწმენას ემყარებოდა სიმტკიცე თვით საბჭოთა სამხედროებისა, რომლებიც არ აჰყვნენ „პერესტროიკის“ იდეოლოგებს სისტემის რეფორმირებაში.
მაშინ ჩემს თავს ვკითხე: შემიძლია გავრისკო? შემიძლია ასეთი რამ გავაკეთო? მივხვდი, რომ ეს იყო შანსი, რომლის მსგავსიც მომავალში აღარ მომეცემოდა. ვიცოდი, რასაც ნიშნავდა ეს. შტურვალი შევატრიალე და აღმოსავლეთისკენ გავფრინდი...
მათიას რუსტი

მათიას რუსტმა, ამ ჩრდილოგერმანელმა თინეიჯერმა, თავისი ქმედებით ბევრი რამ განსაზღვრა. ის, რომ მისი „ჩესნა“ დაუბრკოლებლად ჩაფრინდა მოსკოვამდე, მიხაილ გორბაჩოვმა შესანიშნავად გამოიყენა ამ კონსერვატორი გენერალიტეტის გზიდან ჩამოსაშორებლად. სულ ახალი გადავლილი იყო რეიკიავიკში საბჭოთა ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვისა და აშშ-ის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის შეხვედრა, რომელიც განიარაღების საკითხებს ეძღვნებოდა და რომელიც უშედეგოდ დასრულდა. როგორც მათიას რუსტი ახლა ამბობს, მას აწუხებდა ეს დაპირისპირება და ამიტომაც გადაწყვიტა (მიუხედავად იმისა, რომ ფრენაში მხოლოდ 50 საათის გამოცდილება ჰქონდა) - ისე, რომ არც კი უთხრა თავის მასწავლებელს, რომ ასე შორს აპირებდა გაფრენას - ჯერ რეიკიავიკში გაფრენილიყო, სადაც გორბაჩოვ-რეიგანის შეხვედრის ადგილი მოიხილა. რუსტის სიტყვებით, მას სურდა, რომ დასავლეთს კრემლის მიერ შეთავაზებული წინადადება მიეღო. ისლანდიიდან ჰელსინკიში - ფინეთში - ჩაფრინდა. იმ ღამეს სასტუმროში თვალი არ მოუხუჭავს: ძალიან ვღელავდი, ვცახცახები, რაღაც ფხიზელი კომას მსგავს მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილიო, ამბობს ის გერმანიის ტელეარხ „ცეტ-დე-ეფ-ის“ გადაცემაში. უკვე ჰაერში იყო ჰელსინკიში, სადაც ნათქვამი ჰქონდა, რომ სტოკჰოლმში მიფრინავს, როცა გადაწყვიტა გეზი მოსკოვისკენ აეღო. ჯერ სტოკჰოლმისკენ გაფრინდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა:

„მაშინ ჩემს თავს ვკითხე: შემიძლია გავრისკო? შემიძლია ასეთი რამ გავაკეთო? მივხვდი, რომ ეს იყო შანსი, რომლის მსგავსიც მომავალში აღარ მომეცემოდა. ვიცოდი, რასაც ნიშნავდა ეს. შტურვალი შევატრიალე და აღმოსავლეთისკენ გავფრინდი.“
გადავწყვიტე, დავმჯდარიყავი ხიდზე, რადგან ცალი ფეხი უკვე ისე დამიბუჟდა, რომ აღარ მემორჩილებოდა. დაუვიწყარი მომენტი იყო, როცა ხიდზე დაჯდომის შემდეგ, ჩემ გვერდით დავინახე ლურჯი ლადა, რომლის მძღოლს - როცა გამოიხედა და დამინახა - თვალები გაუფართოვდა. ვიფიქრე, ნეტავ საჭე არ გაექცეს და არ დამეჯახოს-მეთქი...
მათიას რუსტი

რა შანსზე ლაპარაკობს რუსტი, რატომ აღარ ექნებოდა ის მომავალში? მას თავისი სურვილები ჰქონდა, მართალია, ძნელად დასაგეგმი და განსახორციელებელი, მაგრამ უნდოდა, როგორც თვითონ ამბობს, ორ მტრულად განწყობილ - კაპიტალისტურ და კომუნისტურს - ბლოკს შორის „წარმოსახვითი ხიდი“ გაედო. მათიას რუსტს სურდა მიეღწია იმისთვის, რასაც რეიკიავიკში გორბაჩოვმა და რეიგანმა ვერ მიაღწიეს, -მშვიდობისთვის. შესანიშნავი სურვილია, მაგრამ რუსტს, ცხადია, ვერ წარმოედგინა რამდენად სერიოზული შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ თამაშს - საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში უფლების გარეშე შეჭრას. პირველ რიგში, მას უშველა სამხრეთ კორეის თვითმფრინავთან დაკავშირებულმა 1983 წლის ინციდენტმა, ტრაგედიამ, როცა სამგზავრო თვითმფრინავი, უნებართვოდ მოხვედრილი საბჭოთა საჰაერო სივრცეში, ჩამოაგდეს. მასზე მყოფი ყველა 269 მგზავრი დაიღუპა. საბჭოთა კავშირი მაშინ მძაფრი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა მთელმა მსოფლიომ და საბჭოთა საჰაერო დაცვას ბრძანებით ჰქონდა აკრძალული ჩამოეგდო სამგზავრო - მით უმეტეს, „ჩესნას“ ტიპის - თვითმფრინავი. თუმცა, როცა რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი საფრენი აპარატი შედის, მას აიძულებენ დაჯდეს. ჩამოგდება უკიდურესი ზომაა, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა საფრთხე რეალურია.

როგორ იმოქმედა საბჭოთა კავშირის საჰაერო თავდაცვამ? ჟურნალ „შტერნის“ მაშინდელი კორესპონდენტი და ამჟამინდელი მთავარი რედაქტორი,ინციდენტის გაშუქებაში ყველაზე აქტიურად ჩართული ტომას ოსტერკორნი ჰყვება, „კა-გე-ბეს“ მთავარი გამომძიებლის მონათხრობის მიხედვით: ტალინში,თურმე, პირველებმა შენიშნეს რუსტის თვითმფრინავი და თვალებს არ დაუჯერეს. შეეშინდათ ცნობა გაევრცელებინათ, რადგან ყალბი განგაშისთვისაც დაისჯებოდნენ.

ამიტომ 16 წუთი დასჭირდათ მოსაფიქრებლად, როგორ მოქცეულიყვნენ. ბოლოს გაავრცელეს ცნობა, რომ საჰაერო სივრცეში მოძრაობდა ამოუცნობი თვითმფრინავი, თუმცა არ თქვეს, რომ ეს აპარატი უცხოეთიდან იყო შემოსული და ის გზააბნეულ სასოფლო-სამეურნეო თვითმფრინავად გაასაღეს. ამან მისცა შესაძლებლობა რუსტს მოსკოვის მიმართულებით ფრენა გაეგრძელებინა. პირველი „მიგის“ ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, მისი ნაამბობის თანახმად, საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში შეჭრის შემდეგ ერთ საათში შენიშნა. ისინი მის გარშემო ფრენდნენ. რუსტი ლენინგრად-მოსკოვის სარკინიგზო ხაზს კი არ გაჰყვა, არამედ მიჰყვებოდა აპარატურის მიერ ნაჩვენებ კურსს, მოსკოვისკენ. მაგრამ, როგორც ახლა შეიტყო იმავე „შტერნის“ კორესპონდენტმა საგამოძიებო ჯგუფის ყოფილი წევრებისგან, ცაში საგანგებოდ აიჭრა რუსტის თვითმფრინავის მისაკვლევად კიდევ ორი გადამტაცი თვითმფრინავი, მაგრამ მათ, დასავლეთის ვერსიით, არასწორი კოორდინატები ჰქონდათ და ვერ მიაგნეს რუსტს, ხოლო, რუსული ვერსიით, რადგან პატარა თვითმფრინავი ძალიან დაბლა იყო, მას რადარი ვეღარ ხედავდა. ასე რომ, რუსტმა მიაღწია მოსკოვს, რომლის გეგმაც მან უკვე გერმანიაში შეიძინა და დაახლოებით იცოდა, სად იყო წითელი მოედანი, კრემლი. როცა მოედანს მიაღწია, მათიას რუსტმა დაინახა, რომ თვითმფრინავის დასმა იქ არც ისე იოლი საქმე იყო, რადგან ბევრი ხალხი ირეოდა. ამ მომენტის ფირზე აღბეჭდვა შეძლო რამდენიმე მოყვარულმა. ერთი ფირი „კა-გე-ბეს“ არქივში იყო დიდხანს. რუსტი ამ კადრების ასეთ კომენტარს აკეთებს:
ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს იყო დაგეგმილი და, პირველ რიგში, პოლიტიკური ხასიათის პროვოკაცია. ძნელი სათქმელია, რომელი ქვეყნის დაზვერვა მონაწილეობდა მასში...
ნიკოლაი გროზდენკო

ამ მომენტში უკვე ზემოთ აფრენას ვცდილობ, ათი მეტრის სიმაღლეზე ვარ. აი, აქ მავზოლეუმს ჩავუფრინე მინიმალური სიჩქარით. მინდოდა დაჯდომა და ეს მანევრი სამჯერ გავაკეთე, რათა ხალხისთვის მენიშნებინა, რომ დაჯდომა მინდოდა. მაგრამ როცა უკან ვბრუნდებოდი, ხალხი ისევ იქ მხვდებოდა. იქვე იყო სამშენებლო ამწე და დიდი საშიშროება არსებობდა, რომ მას გამოვდებოდი. გადავწყვიტე, დავმჯდარიყავი ხიდზე, რადგან ცალი ფეხი უკვე ისე დამიბუჟდა, რომ აღარ მემორჩილებოდა. დაუვიწყარი მომენტი იყო, როცა ხიდზე დაჯდომის შემდეგ, ჩემს გვერდით დავინახე ლურჯი ლადა, რომლის მძღოლს - როცა გამოიხედა და დამინახა - თვალები გაუფართოვდა. ვიფიქრე, ნეტავ საჭე არ გაექცეს და არ დამეჯახოს-მეთქი, რადგან მისი მდგომარეობაც წარმოიდგინეთ: მოსკოვის ცენტრში, ხიდზე, თვითმფრინავმა გაასწრო!“

რუსტმა თვითმფრინავი გააჩერა, დაკეტა და ჩამოვიდა, ფეხი დადგა საბჭოთა კავშირის მიწაზე. მას ხალხი შემოეხვია. ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა ინგლისურად ჰკითხა, ვინ იყო და საიდან. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მასთან სამი პირი მივიდა, ასე 30-40 წლისა, და თავი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებად წარუდგინეს. მათ ჰკითხეს რუსტს, საიდან იყო და რატომ ჩაფრინდა იქ, მოსთხოვეს პასპორტიც, შეამოწმეს თვითმფრინავი, იარაღი ხომ არ იყო, და დააკავეს. „კა-გე-ბეს“ გამომძიებლებს არ სჯეროდათ მოტივისა, რუსტის ნაამბობის თანახმად, რომ ის სამშვიდობო მისიით ჩაფრინდა მოსკოვში.

გერმანიის კანცლერმა კოლმა თურმე ბევრი იცინა ამ ამბავზე. საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს დიტრიხ გენშერი გაბრაზებულა, რაკი ამას შეიძლებოდა კრემლთან დიპლომატიური ურთიერთობის გართულება მოჰყოლოდა. რუსტი გაასამართლეს მოსკოვში, ოთხი წელი მიუსაჯეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, საჰაერო სივრცის დარღვევისა და ხულიგნობისათვის. 14 თვეში გაათავისუფლეს. მაგრამ იმან, რაც რუსტის საქმეს მოჰყვა, შეიძლება საბჭოთა კავშირის შემდგომი
მათიას რუსტი სასამართლოზე
მათიას რუსტი სასამართლოზე
მოვლენები განსაზღვრა. მიხაილ გორბაჩოვს საბაბი მიეცა სამსახურიდან დაეთხოვა თავდაცვის მინისტრი, ასევე საჰაერო თავდაცვის სარდალი, მათთან ერთად კი 300-მდე მაღალი რანგის ოფიცერი - გენერლები და მარშლები. მაშინი გორბაჩოვის მრჩეველს, ვალენტინ ფალინს უხუმრია, მათიას რუსტის გამო იმდენი გენერალი დაკარგა საბჭოთა კავშირმა, რამდენიც სამამულო ომში არ დაუკარგავსო. დაზარალებულები დღესაც ჩივიან, რომ მათ უსამართლოდ მოექცნენ, რომ ზუსტად ბრძანებების მიხედვით მოქმედებდნენ და პროვოკაციას ემსხვერპლნენ. რუსეთის მედია იუწყება, რომ საქმე დღემდე გასაიდუმლოებულია, რომ სასამართლოზე სიტყვა არ მისცეს სამხედროებს, ყველაფერი ისე გაფორმდა, თითქოს თავდაცვამ ვერ იმუშავა კარგად. ნიკოლაი გროზდენკო, მოსკოვის ოლქის საჰაერო თავდაცვის სამეთაურო პუნქტის ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალ-მაიორი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა რუსტის თვითმფრინავის კონტროლის ოპერაციაში, ამბობს:

„ოდნავადაც არ მეპარება ეჭვი, რომ ეს იყო დაგეგმილი და, პირველ რიგში, პოლიტიკური ხასიათის პროვოკაცია. ძნელი სათქმელია, რომელი ქვეყნის დაზვერვა მონაწილეობდა მასში.“

რუსტს რაც შეეხება, მისთვის ეს და ყველა სხვა თავგადასავალი სულიერი გამოცდილებაა.

„ეს არის სულიერი განვითარების შანსი. ეს ყველაფერი ამისთვის ხდება. არა იმიტომ, რომ ცნობიერად ირჩევ, არამედ იმ გამოცდილების გამო, რომელსაც იძენ, ვითარდები. მაქვს ნაიარევიც ასეთი ცხოვრებისგან, მაგრამ რას ვიზამ, ამით უნდა ვიცხოვრო“, – ამბობს ის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG