Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჯეიმს აპატურაის დემოკრატიის პრობლემები გააცვნეს


საქართველოში სტუმრად მყოფი ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ოპოზიციური პარტიების წარმომადგნელებს შეხვდა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების თაობაზე, მათი შეფასებები მოისმინა. “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ნატოს სპეციალურ სტუმარს გადასცა ვიდეოჩანაწერები, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქვეყანაში ელიტურ კორუფციას ადასტურებს“. ხოლო როგორც პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” ჯეიმს აპატურაის მიაწოდა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 11 ივნისს მიღებული ორი, მისი თქმით, ”უკანონო” გადაწყვეტილების შესახებ, რომელთა მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი დაახლოებით 149 მილიონი ლარით დაჯარიმდა. ჯეიმს აპატურაისთან საუბარი ასევე შეეხო პოლიტიკური დევნის ფაქტებს, მედიის თავისუფლების პრობლემებსა თუ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომ თითქოს ”ქართული ოცნება” მხარს არ უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და ქართველი სამხედროების მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში, ავღანეთში. როგორც მანანა კობახიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯეიმს აპატურაი მათ მონათხრობს, ანუ ბრიუსელში ჩასატან ინფორმაციას, დიდი ყურადღებით ისმენდა და ინიშნავდა. რაც შეხება აპატურაის სხვა შეხვედრებს თბილისში, ორშაბათს ის საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ერთდღიანი ვიზიტი 11 ივნისს დაასრულდა.
XS
SM
MD
LG