Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქეები „თეთრ ალბომში“ პუტინის წინააღმდეგ მღერიან


თეთრი ალბომი
თეთრი ალბომი
ინტერნეტით ახლახან გავრცელებული „თეთრი ალბომი“ შეიცავს 230-ზე მეტ სიმღერას, რომლებსაც როგორც ცნობილი მომღერლები, ისე მოყვარული მუსიკოსები ასრულებენ. მათ ერთი რამ აერთიანებთ - ვლადიმირ პუტინის მმართველობით გამოწვეული დაღლის და უკმაყოფილების განცდა.

რუსეთის პოლიტიკურმა ოპოზიციამ შესვენება გამოაცხადა. მოსკოვში სამშაბათს ჩატარებული მასშტაბური აქციის შემდეგ მომავალი საპროტესტო მსვლელობა ოქტომბერში დაინიშნა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობის კრიტიკოსები მანამდე ჩუმად აპირებენ ყოფნას.

სწორედ ზაფხულის განმავლობაში საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას ემსახურება ოპოზიციურ სიმღერათა კრებული, რომლის ჩამოტვირთვაც ინტერნეტიდან უფასოდ არის შესაძლებელი.

ალბომის ყდაზე გამოხატულია თეთრი ბაფთა - იმ ოპოზიციური მოძრაობის სიმბოლო, რომელიც გმობს ქვეყანაში ბოლო ხანს ჩატარებულ არჩევნებს. ამ კენჭისყრით მმართველმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა და პუტინი კრემლში მესამე ვადით დაბრუნდა პრეზიდენტად.
მე მსურს მივაღწიო სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, "პუსი რაიოტის" გოგონების განთავისუფლებას - მიუხედავად იმისა, რომ მათ საქციელს არ დავეთანხმე. ჩვენს ქვეყანაში კვლავ მოქმედებს სტალინის პერიოდის პრაქტიკა, როცა ადამიანებს ციხეებში სასამართლომდე სვამენ. თანაც საუბარი არ არის მოძალადეებზე და მკვლელებზე - ეს კომუნისტური, ბოლშევიკური, ტერორისტული რეჟიმის სრულიად მიუღებელი გადმონაშთებია...
ალექსანდრ ლიპნინსკი

საპროტესტო, ანტისამთავრობო მოძრაობას უკვე შეუერთდა რამდენიმე ცნობილი მწერალი, ხელოვანი და პოეტი. თუმცა „თეთრი ალბომის“ პროექტის ავტორები, პროფესიონალი მუსიკოსები - ალექსანდრ ლიპნინსკი და ვასილი შუმოვი - თვლიან, რომ მომღერლებს ამ დრომდე მოძრაობაში მნიშვნელოვანი წვლილი არ შეუტანიათ.

აი, რა უთხრა ლიპნინსკიმ რადიო თავისუფლებას: „თეთრი ალბომი" ამ ჩავარდნას უხვად ამოავსებს. მიზანიც სწორედ ეს არის. ზოგადად, კულტურის - და, პირველ რიგში, მუსიკის - მოწოდება ის არის, რომ გააჯანსაღოს საზოგადოებრივი კლიმატი და ადამიანებში ამაღლებული განცდები აღძრას.“

პროექტში ჩართული ყველაზე ცნობილი მუსიკოსი ალბათ პოპულარული ჯგუფის, დედეტეს ფრონტმენი იური შევჩუკია, რომელიც ახლახან საქართველოშიც წარდგა კონცერტით მუსიკის მოყვარულთა წინაშე. შევჩუკმა, რომელიც ოპოზიციის გამოცდილი და გავლენიანი აქტივისტია, ალბომს თავისი ერთ-ერთი ბოლო კომპოზიცია - „სვობოდა“, ანუ „თავისუფლება“, უძღვნა.

ალბომში შესული რამდენიმე სიმღერა ეძღვნება გოგონების დისიდენტურ პანკ-ჯგუფს „პუსი რაიოტს“, რომელმაც კრემლის რისხვა თებერვალში იმით დაიმსახურა, რომ მოსკოვის საკათედრო ტაძარში პუტინის და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრიტიკის შემცველი სიმღერა შეასრულა.

ჯგუფის სამი წევრი, რომელთაგან ორი მცირეწლოვანი შვილების დედაა, ახლა წინასწარ პატიმრობაშია და ხულიგნობის ბრალდებით გასამართლებას ელის. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ შესაძლოა შვიდი წლით მიუსაჯონ ციხე.



„მე მსურს მივაღწიო სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, "პუსი რაიოტის" გოგონების განთავისუფლებას - მიუხედავად იმისა, რომ მათ საქციელს არ დავეთანხმე”, - ამბობს ლიპნინსკი და დასძენს: - "ჩვენს ქვეყანაში კვლავ მოქმედებს სტალინის პერიოდის პრაქტიკა, როცა ადამიანებს ციხეებში სასამართლომდე სვამენ. თანაც საუბარი არ არის მოძალადეებზე და მკვლელებზე - ეს კომუნისტური, ბოლშევიკური, ტერორისტული რეჟიმის სრულიად მიუღებელი გადმონაშთებია."

„თეთრ ალბომში“ შესული სიმღერებიდან რამდენიმე სწორედ პანკს განეკუთვნება. მათ შორის „ვრემია-იქსი“ - რუსეთის მოქალაქეების მიმართ გამოთქმული, სიბრაზით აღსავსე მოწოდება, რომ „გაიღვიძონ“ და პუტინის რეჟიმს შეებრძოლონ. სიმღერა პანკ-როკ ჯგუფ „ლოუნას“ ეკუთვნის.

„თეთრ ალბომში“ შესულ რამდენიმე სიმღერას მოყვარული, არაპროფესიონალი მომღერლები ასრულებენ - მათ შორის ტელეწამყვანი და ოპოზიციონერი ქსენია სობჩაკი და არტემი ტროიცკი, ცნობილი როკ-კრიტიკოსი, რომელმაც პროექტის შექმნაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

სიმღერები ინტერნეტში უფასოდ ვრცელდება, თუმცა პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ინტერნეტის მომხმარებლები ნებაყოფლობით გაიღებენ საკმარის თანხებს საიმისოდ, რომ ალბომის დისკის სახით გამოცემა გახდეს შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG