Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო დამძიმებულად მიიჩნევს


საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს აპრილის თვესთან შედარებით კიდევ უფრო დამძიმებულად მიიჩნევს "სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება." არჩევნების მეთვალყურე ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა ახალი შუალედური ანგარიში, რომელიც 4 მაისიდან 4 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას განმარტებით, მონიტორინგმა წინა პერიოდზე გაცილებით მეტი ხარვეზი და დარღვევა გამოავლინა. ანგარიშის თანახმად, დაფიქსირებულია სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარის და ზეწოლის 9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 2, ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელის შეშლის 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლის 2 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა. ანგარიშში საუბარია კონტროლის პალატის საქმიანობაზეც. ”სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ სხვადასხვა პირისა, თუ ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების სამართლიანობა სერიოზულ შეკითხვებს იწვევს. ანგარიშის თანახმად, არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ბრალდებები არ არის სათანადოდ დასაბუთებული, ხშირ შემთხვევაში ფაქტები ურთიერთგამომრიცხავია, ან არ ეყრდნობა რეალურ გარემოებებს. "სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად აუცილებელია გაცილებით აქტიურად მოქმედება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. გამოვლენილი დარღვევების გამო ორგანიზაცია მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიზნით შექმნილ უწყებათშორის კომისიასაც.
XS
SM
MD
LG