Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოდან გაემგზავრა კომპანია „გლობალ TV“-ის ამერიკელი მეწილე


დღეს საქართველოდან გაემგზავრა კომპანია „გლობალ TV“-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრ რონჟესი, რომელიც 14 ივნისს დააკავეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. კომპანიის დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა 5–საათიანი დაკითხვისას პასუხი ყველა შეკითხვას გასცა და სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ საქართველოდან გამგზავრება შეეძლო. ბაზლიძის თქმით, რონჟესი სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოში მისი ბიზნესის გარშემო შექმნილი ვითარებით და კომპანიის ინტერესების დასაცავად ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს. აშშ-ის მოქალაქე ბიზნესმენის დაკითხვის მიზეზად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაასახელა უკანონო შემოსავლის შესაძლო ლეგალიზაცია. კერძოდ, ის, რომ ალექსანდრ რონჟესმა თბილისში 2004 წელს 180 ათას ლარად შეძენილი უძრავი ქონება რამდენიმე დღის წინ გაასხვისა 3 მილიონ 100 ათას ლარად, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ნაღდი ფულის სახით გაიტანა საბანკო ანგარიშიდან და საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას არ მოახდინა თანხის დეკლარირება. თავის მხრივ, რონჟესის დაკითხვის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გამომძიებლებს ამერიკელი ბიზნესმენისთვის არ დაუსვამთ შეკითხვა საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის შესახებ და დაინტერესდნენ რონჟესის მიერ საქართველოში განხორციელებული ფინანსური ოპერაციებით და რეალიზებული უძრავი ქონებით.
XS
SM
MD
LG