Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულმა ოცნებამ“ მიმართა უშიშროების საბჭოსთან მოქმედ უწყებათშორის კომისიას


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან მოქმედ უწყებათშორის კომისიას დღეს განცხადებით მიმართა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ,“ მიიღოს სათანადო ზომები, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა შეასრულონ კანონით დაკისრებული ფუნქციები. კერძოდ, "ქართული ოცნება" ელის, რომ მის მიერ 1 ივლისს, მცხეთაში დაგეგმილი მშვიდობიანი აქციისას სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით აღჭურვილი პოლიციელები აქციის ორგანიზატორებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მოქალაქეების უსაფრთხოებას და ტრანსპორტის მოძრაობის და პარკირების ადეკვატურ რეგულირებას. კოალიცია აღნიშნავს, რომ მის მიერ დღემდე ორგანიზებული მასობრივი აქციებისას სამსახურებრივ ფორმაში ჩაცმული პოლიციელები საერთოდ არ გამოჩენილან და შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოები არ იღებენ დამატებით ზომებს ათობით ათასი მოქალაქის შეკრების და მსვლელობისას მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უარს ამბობენ პოლიციის შესახებ კანონით დაკისრებული ყოველდღიური ფუნქციების შესრულებაზე. ”ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პოლიციის მსგავსი დამოკიდებულება აღრმავებს მმართველი პარტიის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების მიმართ ხელისუფლების მიერ ორმაგი სტანდარტების გამოყენების პრობლემას.
XS
SM
MD
LG