Accessibility links

ახალი ამბები

სირიის ოპოზიცია შეხვედრებს მართავს ეგვიპტის დედაქალაქში

სირიის ოპოზიციის აქტივისტები მეორე დღეა შეხვედრებს მართავენ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში. შეხვედრა არაბთა ლიგის მიერ არის ორგანიზებული. მისი მიზანია, შეიმუშაონ საერთო პოზიცია სირიაში ხელისუფლების გადაცემის გარშემო. სირიაში ერთ წელიწადზე მეტია ოპოზიციური ძალებსა და მთავრობას შორის კონფლიქტი მიმდინარეობს. თურქეთი და ლიგის წევრები ოპოზიციის ჯგუფებს მოუწოდებენ მიაღწიონ შეთანხმებას ისეთი მთავრობის შექმნის შესახებ, რომელიც ნდობას დაიმსახურებს, როგორც პრეზიდენტ ბაშარ ასადის მთავრობის ალტერნატივა. კაიოს შეხვედრაში მონაწილეობა არ ისურვეს სირიის თავისუფალი არმის წევრებმა, რომლებიც შეიარაღებულ ბრძოლას აწარმოებენ ალ-ასადის მთავრობასთან. ისინი არ ეთანხმებიან ახალ მთავრობაში ახლა მოქმედი პოლიტიკოსების ჩართვას. სამშაბათს შეხვედრა მიატოვა სირიის რევოლუციურმა კომისიამ, ოპოზიციურმა ჯგუფმა. მისი წევრების თქმით, მიზეზი „პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა“ იყო. ჰიუმენ რაიტს უოჩმა გამოაქვეყნა სირიის შესახებ ანგარიში, სადაც წერია, რომ სირიის რეჟიმი სამოქალაქო პირების წამებას მიმართავს, რის გამოც, დანაშაული უნდა გაირჩეს საერთაშორისო სასამართლოში. გაეროს ადამიანის უფლებათა უზენაესი კომისარი, ნავი პილაი გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს სირიისთვის იარაღის მიზოდება. სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო გამოხატა სინანული.

ყველა ახალი ამბავი

ირაკლი კობახიძე: სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში არასწორი ფაქტები იყო მოყვანილი

საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში ხშირად არასწორი ფაქტები იყო მოყვანილი.

მაგალითად, მისი თქმით, ოპოზიციას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაცილებით მეტი თანხა ჰქონდა განკუთვნილი, ვიდრე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს და ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ფაქტო არც ერთ დასკვნაში არ არის ასახული.

„ხშირად იყო საუბარი იმაზე, თითქოს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სერიოზული მატერიალური უპირატესობა ჰქონდა. არასწორი ფაქტები იყო ხშირად მოყვანილი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში. კერძოდ, აქცენტი კეთდებოდა შემოწირულობებზე და ერთმანეთთან იყო შედარებული შემოწირულობები. თუმცა, რეალობა არის სრულიად განსხვავებული. ჩვენ უნდა ავიღოთ შემოწირულობები და რეკლამის კომპენსაციის თანხები, ასევე ის თანხები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამკვირვებლებზე გამოიყოფა. თუ დავაჯამებთ ამ თანხებს, ვნახავთ, რომ ოპოზიციას ამ არჩევნებისთვის გაცილებით მეტი თანხა ჰქონდა განკუთვნილი, ვიდრე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს. ეს არის რეალობა, რომელიც სამწუხაროდ, არც ერთ დასკვნაში არ არის ასახული", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დონალდ ტრამპი: საჭიროა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საჭიროა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება. ამის შესახებ მან ტვიტერით დაწერა.

„52 წლის შემდეგ მოვიდა დრო, რომ აშშ-მა აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ისრაელის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობისთვის!“ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სოცქსელში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა ამ წინადადებისთვის და, ამასთან, ირანს ბრალი დასდო, რომ ის სირიის მეშვეობით ცდილობს მისი ქვეყნის „განადგურებას“.

გოლანის მაღლობები არის ისრაელსა და სირიას შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელის კონტროლქვეშ გადავიდა. სირია და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ ცნობენ გოლანზე ისრაელის სუვერენიტეტს. გოლანის მაღლობების მიმართულებით პერიოდულად ისვრიან სირიის მხრიდან, რასაც ისრაელი დარტყმებით სცემს პასუხს. უკანასკნელი ინციდენტი 2019 წლის იანვარში მოხდა.

ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ კრიტიკას სულხან სალაძე აკრიტიკებს

„თუ ქვეყანაში რომელიმე სექტორი სუსტია, ეს ხელისუფლებაა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულად ვერ იტანს ორგანიზაციებს, რომელთაც სადამკვირვებლო მისიები ჰყავთ“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

სულხან სალაძე ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება სუსტია:

„მმართველი ძალა და მათი უსუსურობა ჩანს ყველგან და ყველაფერში. ბოლო მოვლენები ამის ყველაზე ნათელი დასტურია, სასამართლოსთან მიმართებაში მათი გადაწყვეტილებები, ის, თუ რა ფორმით იღებენ და როგორ კანონებს იღებენ.

ჩვენ დიდი ხანია, მივეჩვიეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ორგანულად ვერ იტანს ორგანიზაციებს, რომელთაც ჰყავთ სადამკვირვებლო მისიები და რომლებიც წლებია, ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მინდა მას შევახსენო, რომ ამ ორგანიზაციებს არსებობის უფრო დიდი ისტორია აქვთ, ვიდრე თავად „ქართულ ოცნებას". ჩვენ 25 წლის ორგანიზაცია ვართ, ვაკვირდებით ყველა არჩევნებს, გავუძელით ყველა ხელისუფლებას, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ამდენს გაუძლებს "ქართული ოცნება", ყოველ შემთხვევაში, კობახიძის ხელმძღვანელობით და პარლამენტის თავმჯდომარეობით. ვფიქრობ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს პრობლემებსა და გამოწვევებზე, იქვე მას მეტი არგუმენტაციაც სჭირდება", - განაცხადა სულხან სალაძემ.

22 მარტს, კონფერენციაზე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას მიღებული გამოცდილება“, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა არასამთავრობო სექტორი და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებია აქტიურად მონაწილეობდნენ საპრეზიდენტო არჩევნების აგიტაციაში:

„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი იყო ნიკა გვარამიას, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის განცხადების მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს დაუჭერდა სალომე ზურაბიშვილს უნდა ყოფილიყო განკვეთილი სხვადასხვა სფეროდან, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების, საუბარი იყო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურულ ცხოვრებაზე და ა.შ. ეს იყო აბსოლუტურად ფაშისტური განცხადება, პირდაპირი გაგებით ფაშისტური განცხადება, ან ბოლშევიკური გნებავთ ეს ტერმინი გამოვიყენოთ და არამხოლოდ არ მოხდა რეაგირება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ განცხადებაზე, არამედ ჩვენ მოვისმინეთ მხარდამჭერი გზავნილები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტროპოლიტენ ოპერა აქებს ანიტა რაჭველიშვილის „მგზნებარე“ დალილას

metropolitan opera anita rachvelishvii

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საოპერო სცენა, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა ავრცელებს ცნობას, რომ მარტის ბოლომდე კიდევ ორჯერ ჩატარდება კამილ სენ-სანსის „სამსონი და დალილას“ წარმოდგენა, რომელშიც დალილას განასახიერებს ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი.

მეტროპოლიტენ ოპერა აქებს დალილას „მგზნებარე შესრულებას“ და მოჰყავს ციტატები გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსიდან“, სადაც წერენ რაჭველიშვილის სავსე, ძლიერ ხმაზე და მას დალილას როლში „ლავასავით ცხელსისხლიან სატრფოდ“ მოიხსენიებენ.

გოცირიძე: ხელისუფლება თვითონაა კრიმინალის წამახალისებელი

რომან გოცირიძე

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქვეყანაში საშინლად გაიზარდა დანაშაული.“

ფრაქციამ პარლამენტის ახალი რეგლამენტით დადგენილი ინტერპელაციის წესით ისარგებლა და ამ თემაზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში მიიწვია პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

„დღე არ გადის, რომ ლამის საომარ ქრონიკებში გვგონია თავი, როდესაც ვისმენთ ინფორმაციას ხან გაქურდვის, ხან დაყაჩაღების, ხან ბანკის გაძარცვის შესახებ. აგერ, გუშინ სენაკში მაღაზია გაძარცვეს და შოკოლადები მოიპარეს“ - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას რომან გოცირიძემ. მისი თქმით, ქვეყანა სიღარიბის უკიდურეს ზღვარზეა, ამიტომ კრიმინალის ზრდას განაპირობებს მრავალი ფაქტორი.

„ერთი მხრივ, ხელისუფლებაში გამეფებული ატმოსფერო, როდესაც კრიმინალმა აიშვა, ვინაიდან გაჩნდა დაუსჯელობის შეგრძნება, გაჩნდნენ საკუთარი დამნაშავეები და სხვა დამნაშავეები და საკუთარი დამნაშავეების მიმართ ლოიალური მდგომარეობა და წახალისება, კრიმინალის მხარდაჭერა იმიტომ, რომ სჭირდებათ სხვადასხვა, მათ შორის საარჩევნო მიზნით გამოყენება, კრიმინალი მოკალათებულია თავად ხელისუფლებაში“ - თქვა გოცირიძემ. მისივე თქმით, კრიმინალური გარჩევის მონაწილეები არიან თავად ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები.

რომან გოცირიძის შეფასებითვე, როდესაც კრიმინალური ცნობიერება უკან ბრუნდება, ეს არის პირველ რიგში, ხელისუფლებაში გამეფებული კრიმინალური შეგნების და ქმედების ბრალი.

რომან გოცირიძემ მოიყვანა ბოლო სტატისტიკა, რომლის თანახმად, 2018 წელს წინა წელთან შედარებით გაიზრადა თითქმის ყველა სახის დანაშაულის მაჩვენებელი.

„სტატისტიკა არის საშინელი. თურმე სტატისტიკით იმიტომ მატულობს კრიმინალი, რომ უკეთესი აღრიცხვიანობა გვაქვსო. ქურდობა 96 პროცენტითაა მომატებული. ამ ერთი თვის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ორ ლიდერს გაუტეხეს ბინა. სტატისტიკურად დავთვალოთ ახლა, 113 კაციდან თუ ორს ეს ერთ თვეში შეემთხვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით რა მდგომარეობა იქნება?!“ - განაცხადა გოცირიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ "ხელისუფლება ფაქტობრივად, ვერ აუდის კრიმინალთან ბრძოლას, რადგან თვითონ არის კრიმინალის წამახალისებელი, თვითონ უწყობს ხელს ბიზნესის მიმართ კრიმინალის ჩადენას და თვითონ არის ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების შემოქმედი."

კოსტავას ქუჩაზე მდებარე სასტუმროს სახურავზე გაჩენილი ცეცხლი ლოკალიზებულია

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ხანძარია. ცეცხლი უკიდია ერთ-ერთ შენობას, სადაც მცირე ტიპის სასტუმროა განთავსებული. ხანძარი გაჩნდა შენობის სახურავზე.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულია რვა სახანძრო ბრიგადა.

გადაკეტილია გზა ფილარმონიიდან მეტრო „რუსთაველამდე“.

საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ინციდენტებზე ერგნეთში მსჯელობენ

ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 92-ე შეხვედრა. დღის წესრიგში 11 საკითხია.

შეხვედრის დაწყებამდე თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ კვლავ დააყენებენ არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხს. საუბარი ისევ იქნება ოკუპირებულ ახალგორში დავით ბაშარულის გარდაცვალების დღემდე გაურკვეველ გარემოებებზეც.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დღის წესრიგშია წინა, 8 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარი ინციდენტები, მათ შორის მოქალაქეთა უკანონოდ დაკავების ფაქტები და ე.წ. ბორდერიზაცია.

თბილისში კოსტავას ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, კოსტავაზე ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი სასტუმროს შენობაში გაჩნდა. ხანძრის ადგილას ძლიერი დაკვამლიანებაა.

ადგილზე მობილიზებულია ათამდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ომბუდსმენი: შემცირებულია სამართალდამცველების მიერ არასათანადო მოპყრობაზე მიმართვიანობა 

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, წინა წლებთან შედარებით, 2018 წელს სახალხო დამცველის ოფისში მიმართვიანობის მაჩვენებელი სამართალდამცველების მიერ არასათანადო მოპყრობაზე შემცირებულია, თუმცა პრობლემად რჩება, რომ პროკურატურაში გაგზავნილ არც ერთ საქმეზე შედეგი არ დამდგარა.

„არავინ არის პასუხისგებაში მიცემული და ძალიან დაბალია დაზარალებულად ცნობის მაჩვენებელიც. ამ თვალსაზრისით გამოძიების ეფექტურობა კვლავ პრობლემატურია და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დროულად შეიქმნას სახელმწიფო ინსპექტორის მექანიზმი, რომელმაც უნდა დაიწყოს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების ფაქტების გამოძიება“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

„სადგურის მოედნის“ გვირაბში მგზავრებით სავსე მატარებელი ნახევარი საათით გაჩერდა

მეტროს სადგურ „სადგურის მოედნის“ გვირაბში, მგზავრებით სავსე მატარებელი გაჩერდა. მატარებელი გვირაბში ნახევარ საათზე მეტხანს იყო გაჩერებული, რამაც მგზავრების ნაწილში პანიკა გამოიწვია.

როგორც ერთ-ერთი მგზავრი უყვება რადიო თავისუფლებას, პანიკა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გვირაბში გაჩერებულ მგზავრებს არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია, რის გამო გაჩერდა მატარებელი და რამდენ ხანს მოუწევდათ გვირაბში დგომა.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, ლიანდაგზე ტექნიკური პრობლემა შეექმნა ცარიელ მატარებელს, რის გამოც საჭირო გახდა მგზავრებით სავსე მატარებლის გვირაბში დაყოვნება:

„ნამდვილად ჩვენი ბრალია, რომ მგზავრებს არ მივაწოდეთ დროული ინფორმაცია, რის გამო იყო მატარებელი გაჩერებული და რამდენ ხანში დაიძვრებოდა ის. ასეთ სიტუაციაში მემანქანეს შეუძლია, რომ ინფორმაცია მიაწოდოს მგზავრებს, რა ხდება და როდის აღმოიფხვრება პრობლემა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლელა სეთურიძემ.

მეტრო თბილისში 21 მარტსაც გაჩერდა. ლელა სეთურიძის თქმით, გუშინ ტექნიკური პრობლემა შეექმნა მგზავრებით სავსე მატარებელს და საჭირო გახდა მისი დაყოვნება.

მთავრობა: კოსოვოელი სპორტსმენების უვიზოდ შემოშვება კოსოვოს აღიარებას არ ნიშნავს

საქართველოს მთავრობის შენობა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ შემოუშვებენ კოსოვოელ სპორტსმენებს და დელეგაციის სხვა წევრებს, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ძალოსნობაში ევროპის 2019 წლის ჩემპიონატში.

ჩემპიონატს 3-13 აპრილს ბათუმი უმასპინძლებს.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ 15 მარტს ხელმოწერილ განკაგრულებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს საქართველოს მიერ კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას.

ყოფილი იუგოსლავიის მხარემ კოსოვომ, რომელსაც სერბეთი თავის ტერიტორიად თვლის, 2008 წელს დამოუკიდებლობა ცალმხრივად გამოაცხადა. მოგვიანებით კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა გაეროს წევრმა 100-ზე მეტმა ქვეყანამ. საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს.

თბილისში ხორცით მოვაჭრე რამდენიმე საწარმოში დარღვევები აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დარღვევები აღმოაჩინეს თბილისში, ხორცის რამდენიმე საბითუმო სარეალიზაციო ობიექტში.

სააგენტოს ინფორმაციით, შპს „დადუ“-სა და შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ხოლო შპს „ნიკორა“-დან ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი.

ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ ამ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან.“

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, შპს „მირო“-ში აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

დამრღვევი საწარმოები დაჯარიმდნენ. 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობითვე, დარღვევები არ დაფიქსირებულა აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში, შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა” და შპს-ში „ახალი ხორცი.“

როს უილსონი: საქართველომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას არჩევნების უკეთ ჩასატარებლად

როს უილსონი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით, საქართველომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას დემოკრატიის გასაძლიერებლად და არჩევნების უკეთ ჩასატარებლად.

როს უილსონი მონაწილეობს თბილისში მიმდინარე კონფერენციაში, „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები.“

სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ საქართველოს დემოკრატიის და არჩევნების ჩატარების კუთხით პროგრესი აქვს, თუმცა, მაინც არის საყურადღებო პრობლემური საკითხები.

„სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშში მითითებულია გარკვეულ პრობლემებსა და ხარვეზებზე, რომელთა გადაჭრა მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის. ზუსტად ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელ კონფერენციაზე. მივესალმები პარლამენტარების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ჯგუფების ჩართულობას ამ განხილვაში,“ - განაცხადა როს უილსონმა.

კონფერენციის მონაწილის, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს შეფასებით, საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა, თუმცა ბოლო არჩევნებმა გამოწვევები აჩვენა. ურსემ პრობლემებს შორის დაასახელა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ნეგატიური საარჩევნო კამპანია და სიძულვილის ენის გამოყენება და ხარვეზები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში.

„2020 წლის არჩევნებამდე დარჩენილია წელიწადნახევარი, რაც მოგვცემს საშუალებას, ერთად განვიხილოთ არსებული შედგები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და ამ განხილვების შედეგად მივიდეთ პოლიტიკურ კონსენსუსამდე” - უთხრა ჟურნალისტებს კრისტიან ურსემ.

საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების სწრაფად შესრულებას ურჩევენ

თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები.“

კონფერენცია გახსნეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა როს უილსონმა.

მომხსენებლებად მიწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, ელჩი გერტ ჰაინრიხ არენსი.

„ის ფაქტი, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი გერტ ჰაინრიხ არენსი ჩამოვიდა, იმის უმნიშვნელოვანესი სიგნალია, რომ ვუბრუნდებით თემატიკას, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ იყო ეუთოს ანგარიშში" - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

მისი თქმით, უნდა დაიწყოს მსჯელობა ეუთოს ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებზე, რათა ერთობლივად მომზადდეს გეგმა და მათი შესრულება მოხერხდეს მომდევნო არჩევნებისთვის. ჰარცელმა რეკომენდაციებს შორის გამოჰყო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება.

"აუცილებელია ყველას ჩართულობა. წამყვანი როლი ექნება ხელისუფლებას, პარლამენტის როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციასაც უდიდესი როლი აქვთ ამ პროცესში. ვფიქრობ, დრო ცოტაა და დღევანდელი შეხვედრა არის ამ პროცესის, რეკომენდაციების გააზრების დასაწყისი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის და იმედია, ნაყოფიერად დავიწყებთ მსჯელობას" - თქვა ევროკავშირის ელჩმა.

დაკავებულია ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის უახლოესი თანამოაზრე

ნიკოლას მადურო. ხუან გუაიდო.

კარაკასში დააკავეს ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს უახლოესი თანამოაზრე, მისი აპარატის უფროსი რობერტო მარერო.

ნიკოლას მადუროს მთავრობა მარეროს ტერორიზმში ადანაშაულებს. პროკურატურის ვერსიით, რობერტო მარერო ხელმძღვანელობდა ტერორისტულ ჯგუფს და ჩართული იყო კოლუმბიასა და ცენტრალური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში მომზადებულ შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დამხობა.

49 წლის რობერტო მარეროსთან ერთად დაკავებულია მისი დაცვის წევრი, 34 წლის ლუის პაესი.

აშშ-მა მადუროს რეჟიმს მოთხოვა დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რეპრესიების გაგრძელებას ადეკვატური პასუხი მოჰყვება.

საქართველომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეიტანა განაცხადი

კალათბურთში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ერთ-ერთი ჯგუფის თამაშები შეიძლება საქართველოში გაიმართოს. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ფიბა-ში ოფიციალური განაცხადი უკვე წარადგინა.

„საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ ოთხჯერ ითამაშა და საკმაოდ წარმატებულადაც. ყველა დარწმუნდა, რომ საქართველოში კალათბურთი ძალიან უყვართ და ჩვენი გუნდი არავისთვისაა ხელწამოსაკრავი მეტოქე. ევროპის ჩემპიონატის თამაშების მასპინძლობასაც ვიმსახურებთ. მით უფრო, რომ სახელმწიფოსგანაც სრული მხარდაჭერა გვაქვს. პროცესში ყველა სამთავრობო უწყება იღებდა მონაწილეობას და გვაქვს საგარანტიო წერილები ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ. 2021 წელს ჩვენს ნაკრებს პოტენციალი ექნება, ევროპის ჩემპიონატზე არა მხოლოდ მიიღოს მონაწილეობა, არამედ მაღალ შედეგებს მიაღწიოს” - განაცხადა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ფედერაციის ოფიციალურ ვებსაიტთან ინტერვიუში.

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანას ან ქვეყნებს ფიბა 25 მაისს დაასახელებს.

საკონსტიტიციო სასამართლო განიხილავს პარლამენტის წინააღმდეგ ყოფილი პარლამენტარის სარჩელს

თამაზ მეჭიაური

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წელს მიმართა.

პარლამენტთან მეჭიაურის დავის საგანია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს აძლევს მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებას.

მოსარჩელის მტკიცებით, ნორმები უშვებს მუნიციპალიტეტის პირდაპირი გზით არჩეული მერის დაუსაბუთებლად გათავისუფლებას, რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების კონსტიტუციურ უფლებას.

თიანეთის მერად 2017 წელს არჩეული თამაზ მეჭიაურის ინტერესებს იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

ელმავალმშენებელი ქარხნის თანამშრომლები კუთვნილ ხელფასს მოითხოვენ

ელმავალმშენებელ ქარხანასთან გრძელდება დასაქმებულების და პროფკავშირების საპროტესტო აქცია. ისინი ქარხნის ადმინისტრაციისგან მოითხოვენ პირობის შესრულებას და 6 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას.

ქარხნის თანამშრომლები და პროფკავშირები უკვე რამდენიმე კვირაა აქციებს პერიოდულად მართავენ, თუმცა, ბოლო ორი დღეა აქცია 24-საათიანი რეჟიმით მომდინარეობს.

5 მარტს გამართული საპროტესტო აქციის დროს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა დასაქმებულებს წაუკითხა სააქციო საზოგადოება „ელმავალმშენებლის“ უცხოელი მეპატრონის, კომპანია „logo Trans Company LTD“-ისგან მიღებული წერილი, რომლის თანახმად, სახელფასო დავალიანების დაფარვა ორი კვირის განმავლობაში უნდა დაწყებულიყო.

პირობის შეუსრულებლობის გამო, ელმავალმშენებელ ქარხანაში დასაქმებულებმა პროფკავშირებთან ერთად საპროტესტო აქცია 20 მარტიდან განაახლეს და საწარმოს შესასვლელი დაბლოკეს.

ელმავალმშენებელში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 600-700 ლარია.

ქარხნის ადმინისტრაცია დავალიანების მიზეზად ასახელებს მცირე მოცულობის შეკვეთებს და უცხოელი კონტრაქტორის დავალიანებას.

ევროკავშირი დათანხმდა, 22 მაისამდე გადაიტანოს ბრექსიტის თარიღი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ბრიუსელში.

ევროკავშირი დათანხმდა, გადაიტანოს ბრექსიტის თარიღი იმ პირობით, თუკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 29 მარტამდე მოიწონებს პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისა და ბრიუსელს შორის გარიგების პირობებს. თუკი ეს მოხდება, ევროკავშირი შეძლებს 22 მაისამდე გადადოს კავშირის რიგებიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა. ამის შესახებ როიტერსი იტყობინება ბრიუსელში მიღწეული შეთანხმების პროექტზე დაყრდნობით.

დოკუმენტის თანახმად, 22 მაისი უკანასკნელი ვადაა. ამ დღეს გაიმართება ევროპარლამენტის არჩევნები. თუკი ბრიტანეთი კენჭისყრამდე არ გავა ევროკავშირიდან, მისი წარმომადგენლებიც იქნებიან არჩეული, რაც გაართულებს ბრექსიტის პროცესს.

დღეს ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი. შეხვედრის მთავარი თემაა ბრექსიტის ვადის შეცვლა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ითხოვა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის ვადის გადატანა 30 ივნისისთვის. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ბრექსიტი 29 მარტს უნდა შემდგარიყო.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: სააკაშვილს უფლება აქვს ჩავიდეს უკრაინაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სრული უფლება ჩავიდეს კიევში და მონაწილეობა მიიღოს იმ საგამოძიებო მოქმედებებში, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული.

რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, რომელიც მან 21 მარტს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა პირველ მარტს განაახლა გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.

გამოძიების განახლების შემდეგ კი რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს სრული უფლება ნებაყოფლობით ჩავიდეს უკრაინაში, რათა მასთან თანამშრომლობით განხორციელდეს წინასასამართლო გამოძიება და პროცესუალური მოქმედებები:

„სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა შეუშვან ეჭვმიტანილი უკრაინის ტერიტორიაზე, რათა მან ნებაყოფლობით მიიღოს მონაწილეობა საქმის გამოძიებაში“, - წერს ადვოკატი.

საუბარია უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე, რომელზეც გამოძიება 2018 წლის 6 მარტს შეწყდა.

22 მარტს პარლამენტი პრემიერ მინისტრსა და განათლების მინისტრს მოუსმენს

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ახალი წესით - ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში ხვალ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ.

პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. ფრაქციამ მამუკა ბახტაძე კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით დაიბარა და მისგან ელის პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა.

ინტერპელაციის წესით პარლამენტში “ევროპულმა საქართველომ“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიწვია. მინისტრისადმი მათი კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას ეხება.

ინტერპელაციის ფორმატი პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს.

რომან გოცირიძე: თიბისი ბანკის საქმეს შესაძლოა ვუწოდოთ ანაკლიის პორტის საქმე

„როგორც ვატყობ, თიბისი ბანკთან ნაკლებად გვაქს საქმე. შეგვიძლია, რომ თიბისი ბანკის საქმის ნაცვლად, ამ საქმეს ანაკლიის პროექტის საქმე ვუწოდოთ“, - ასე ეხმაურება რომან გოცირიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის გამოსვლას პარლამენტში ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.

რომან გოცირიძე თვლის, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას სახელმწიფო უშლის ხელს:

„მინისტრის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანაკლიის პროექტი არის სერიოზული საფრთხის ქვეშ და ეს საფრთხეები, პირველ რიგში, მოდის ხელისუფლების მხრიდან. დიდი ალბათობით, 100%-იანი ალბათობით შეიძლება ვთქვათ, რომ ანაკლიის პროექტი თავის ვადაში ვერ ჩაეტევა. ანაკლიის პროექტის ვადის გადაწევის ხანგრძლივობა, აბსოლუტურად გაურკვეველია. ეს შეიძლება იყოს ერთი წელი, ორი, ხუთი და შესაძლოა, ეს იყოს ამ პროექტის ჩაშლაც. ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, დღევანდელმა ინვესტორმა რომც გააგრძელოს საქმიანობა, როდის მოესწრება ამ პროექტის პირველი ფაზის დამთავრება?“

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს უსმენენ. ის პარლამენტში ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენებზე სასაუბროდ საკუთარი ინიციატივით მივიდა.

მაია ცქიტიშვილი: სხვა დროა. პროკურატურა არც მე და არც ივანიშვილს არ გვითანხმებს კითხვებს

„არცერთ პროექტში მონაწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისგან, თანამდებობა, ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან, რომელიც ამ კითხვებს შეიძლება მოჰყვეს“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც მაია ცქიტიშვილი დეპუტატების კითხვის საპასუხოდ აღნიშნავს, წინასწარი კონსულტაციები იმის შესახებ, დაესვათ თუ არა კითხვები მამუკა ხაზარაძისთვის, პროკურატურას მასთან და ბიძინა ივანიშვილთან არ ჰქონია.

სხვა დროა საქართველოში. პროკურატურა მე არ მითანხმებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცე-პრემიერიც და რეგიონული განვითარების მინისტრიც; ბატონ ბიძინასაც არ ეკითხებიან ამას. მეც ვისურვებდი, რომ კითხვები არ ყოფილიყო საერთოდ დასმული და ისეთი დამფუძნებელი ჰყოლოდა პროექტს, რომლის მიმართაც კითხვები არ ყოფილიყო. მაგრამ ნამდვილად ვადასტურებ იმას, რომ არცერთ პროექტში მონაწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისგან“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით 21 მარტს პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს უსმენენ. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ის პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მივიდა.

უკრაინამ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ხელისუფლების მიმართ უნდობლობაში

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო

უკრაინამ მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა ხელისუფლების მიმართ უნდობლობაში. ამერიკული კომპანია Gallup-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეთა მხოლოდ 9% ენდობა ხელისუფლებას. ეს მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უკრაინა უკვე მეორე წელია პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლის მიხედვით. გამოკვლევაში მთლიანობაში 120-მდე სახელმწიფოს მაჩვენებლებია გათვალისწინებული. ყოფილ საბჭოთა კავშირში ხელისუფლებისადმი ნდობის საშუალო მაჩვენებელი 48% არის, მთელს მსოფლიოში კი - 56%. უკრაინის გარდა სხვა ქვეყნების შესახებ კონკრეტულ ციფრებს Gellup-ი არ ასახელებს.

ცქიტიშვილი:არსებობს ვერსიები, რომ ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პროექტიდან ხაზარაძის გაქრობა უნდა

მაია ცქიტიშვილი

კონსორციუმი ცდილობს ამ პროექტის და მის გარშემო არსებული ვითარების წარმოჩენას ბევრად უფრო პოზიტიურად, ვიდრე არის-აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქტიშვილმა.

იგი ამბობს, რომ ინვესტორის ინტერესი მისთვის გასაგებია, თუმცა როცა ბრალდებები სახელმწიფოს მიმართ გაჩნდა, სახელმწიფო იძულებული გახდა ხმამაღლა დაეწყო პრობლემებზე საუბარი და საზოგადოებისათვის რეალური ინფორმაცია მიეწოდებინა.

მაია ცქიტიშვილმა დეპუტატების წინაშე არაერთხელ აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხში არსებული სირთულეები არანაირად არ უკავშირდება პროკურატურის დაინტერესებას „თიბისი ჰოლდინგში“ შემავალი „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებით, მამუკა ხაზარაძით და ბადრი ჯაფარიძით.

„ წამოვიდა ისეთი ვერსიები, რომელიც ბატონმა რომანმაც გააჟღერა(რომან გოცირიძე), რომ თურმე იმის გამო, რომ გზას ვერ ვასწრებთ, ამიტომ დავიწყეთ პროკურატურაში გამოძიება და სწორედ ამის გამო მოვინდომეთ ამხელა სქემის ჩატარება,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

მისივე თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სრულად აქვთ მოზიდული დაფინანსება და შერჩეული ჰყავთ გენერალური კონტრაქტორი, ემსახურება მიზანს, რომ საზოგადოებაში შეიქმნას განწყობა, თითქოს პროექტს და კონკრეტულ ინვესტორს მთავრობა ებრძვის:

და რა თქმა უნდა, ქვეყანაში ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია, ივანიშვილს სურს პროექტიდან გააქროს მამუკა ხაზარაძე - აი, ეს არის მცდელობა, რასაც კეთილსინდისიერი ინვესტორის ქცევად ვერ შევაფასებდი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. იგი პარლამენტის პლენარული სხდომის წინაშე წარსდგა ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე არსებული შეფერხებებისა და მთავრობის პოზიციის საკითხებზე სასაუბროდ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG