სირიელი ოპოზიციონერების წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მოსკოვს მოუწოდა, შეწყვიტოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდაჭერა. სირიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, აბდელ ბასეტ საიდამ დღეს მოსკოვში უთხრა სერგეი ლავროვს, რომ სირია რევოლუციით არის მოცული და არ არსებობს პოლიტიკური გარდაქმნის პერსპექტივა. სირიელმა ოპოზიციონერმა პარალელი გაავლო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლასთან და აღნიშნა, რომ სირიის კონფლიქტი არ არის, უბრალოდ, უთანხმოება ოპოზიციასა და მთავრობას შორის. ლავროვს არ უთქვამს, აპირებს თუ არა მოსკოვი ოპოზიციის მხარდაჭერას. სირიის ეროვნული საბჭო თურქეთშია დაფუძნებული და არაბული ქვეყნების, ისევე როგორც დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობს.
ყველაზე პოპულარული
1